Thursday, April 14, 2016

Alex Webb's best shot

ალექს ვების საუკეთესო კადრი


             1975 წელს, 23 წლის ვიყავი და ჩემი ფოტოგრაფია ჩიხში მოექცა. ამერიკულ პეიზაჟებს ვიღებდი შავ-თეთრად, ეს იყო სუპერმარკეტების, პარკირების ადგილებისა და სავაჭრო ცენტრების  ირონიული სურათები. სამუშაო წინ აღარ მიდიოდა. ის არ აღმოჩნდა   ექსპანსიური ან  რეზონანსული, ამიტომ დავიწყე ახალი მიმართულებების ძებნა.
             გრემ გრინის  წიგნმა  "უკანონო გზები" (The Lawless Roads) აღმიძრა ინტერესი მექსიკისადმი. ეს ფოტო ქვეყნის სამხრეთით, ტეუანტეპეკში გადავიღე 80-იან წლებში. უბრალოდ დავეხეტებოდი, კამერასთან ჩემი გამოცდილება წინ მეწეოდა. მძიმე, ჩახუთული შუადღე იდგა, როცა ამ ლურჯ მოედანზე აღმოვჩნდი. მცხელოდა, შთაგონებაც  განელებული მქონდა და თავს დაბნეულად ვგრძნობდი. უცებ, ბურთით მოთამაშე ბიჭებს მოვკარი თვალი. როცა მივუახლოვდი, ერთერთმა ბურთი თითის წვერზე დაატრიალა. მომეწონა ბავშვების ფორმა, უკანა პლანზე ლურჯი ზოლები და ბურთის სილურჯე და რამდენიმე კადრი გადავიღე. სიტუაცია მალე შეიცვალა.
             წინასწარ არასოდეს ვიცი, როგორი იქნება ფოტო, ამ შემთხვევაში იმედიანად, მაგრამ  მაინც გაურკვევლად ვიყავი. გადაღებისას ჩამკეტის დაბალი სიჩქარე გამოვიყენე და ბურთი დატრიალებულ გლობუსს დაემსგავსა. ფოტომ ისეთი განზომილებები მოიცვა, რასაც ვერ წარმოვიდგენდი გადაღებისას. მომწონს ის აზრი, რომ ეს ბიჭი, სამხრეთ მექსიკის პატარა ქალაქიდან გეგონება თითის წვერზე დედამიწას ატრიალებს. მხოლოდ მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ კადრში მეორე ბურთიც იყო,  ფარში ჩავარდნილი კალათბურთის ბურთი, რომელიც ძირს ეცემა. ამ ტიპის ფოტოგრაფია, ქუჩაში ხეტიალი და სამყაროს კვლევა წინასწარი შექმნილი წარმოდგენებით,  უფრო მეტად მოიცავს უშუალობას, ინტუიციას და მოულოდნელი აღმოჩენებს. რაციონალური გაგება უკან იხევს და არაცნობიერი  წინა პლანზე გადმოდის.
             ფოტოგრაფია ათი წლის  ასაკში მასწავლა მამამ, რომელიც სურათებს იღებდა, რომ თავის სამწერლო შემოქმედებაში კრიზისს გამკლავებოდა.  ჩემს ნამუშევრებში არის  დე კირიკოს  და ბრაკის ნახატების ექო, რომელთაც ბავშვობაში ვათვალიერებდი  და მწერლების, რომელებიც, მოგვიანებით,  ასაკის მატებასთან ერთად წავიკითხე - გრემ გრინი, კონრადი და გაბრიელ გარსია მარკესი. მაგრამ, რამაც ყველაზე მეტად მიმიზიდა ფოტოგრაფიაში, იყო მისი პირდაპირი, ძალიან რთული ურთიერთობა ფიზიკურ სამყაროსთან. სამყაროს ქაოსთან და სირთულესთან დაპირისპირება ჩემთვის უფრო საინტერესოა, ვიდრე ცარიელი ტილო. მე ისეთი ფოტოების გადაღების მწამს, რომლებიც კითხვებს სვამენ და არ გულისმობენ  პასუხს.
             მექსიკაში განსაკუთრებით მიმიზიდა საზღვარმა. 70-80-იან წლებში ის უფრო პოროვანი ადგილი იყო, ხშირად   სასაცილო და აბსურდული გადასაკვეთებით. ერთხელ მე და ჟურნალისტი ტომ მილერი  დაგვაპატიმრეს, რადგან ზიგზაგურად ვმოძრაობდით საზღვართან.  ჩავდეთ ჩვენს პასპორტებში 20$ ბანკნოტები და გადავეცით მექსიკელ ჩინოვნიკებს, თან სადილის ყიდვაც შევთავაზეთ. ამ ოინმა გაჭრა. მალე, იქვე საემიგრაციო ოფისში, მეგობრულად მივირთვით  მექსიკური ტაკო.
             საზღვარზე მუშაობა დამეხმარა ვქცეულიყავი ფერად ფოტოგრაფად. გეგონება, რომ ცხოვრება აქ ქუჩებსა და კარისწინა საფეხურებზე მიმდინარეობს, რაც ძალიან განსხვავდება ახალი ინგლისის მონაცრისფრო-მოყავისფრო  ჩაკეტილობისგან, სადაც მე დავიბადე. ყოველთვის ვიხსენებ ფრაზას წიგნიდან, "უკანონო გზები" : "ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ძველად, როცა თქვენს პასპორტში ბეჭედი ჩარტყმულია და უცებ  ენაწართმეული აღმოჩნდებით ფულის გადამცვლელებს  შორის."


Curriculum vitae



დაბადების ადგილი:  სან ფრანცისკო,1952 წელი.

განათლება: კარპენტერის ხელოვნების ცენტრი, ჰარვარდის უნივერსიტეტი.

გავლენა: ჰენრი კარტიე-ბრესონი, რობერტ ფრანკი და ლი ფრიდლენდერი.

წარმატება: ჩემი პრიველი წიგნის (Hot Light/Half-Made Worlds) გამოქვეყნება.

წარუმატებლობა: კოდაქრომის  შეწყვეტა. ფაქტიურად ერთადერთი ფირი, რომელსაც  30 წლის განმავლობაში  ვიყენებდი.

რჩევა: გადაიღე ისეთი ფოტოები, რომლებიც გწამთ. ფოტოგრაფიაში ჯილდოები სწრაფი, გაუთვლელი და ხშირად  უმნიშვნელოა.  ნამდვილი რეალიზაცია  მხოლოდ შემოქმედებას მოაქვს.



წყარო:http://www.theguardian.com/artanddesign/2016/apr/07/alex-webb-best-photograph-children-mexico-ball

No comments:

Post a Comment