Thursday, January 21, 2016

Erich Lessing's best shot

              ერიხ ლესინგის საუკეთესო კადრი




1930-იან წლებში, როცა ჰიტლერი მოვიდა ძალაუფლებაში, ავსტრია დავტოვე და ისრაელში გავემგზავრე. თელ-ავივთან ახლოს ნეტანიას პლიაჟზე ახალგაზრდა დედებს ვიღებდი ბავშვებთან ერთად და თავი ასე გამქონდა. გარდა ამისა, საბავშვო ბაღის ფოტოგრაფად და ტაქსის მძღოლად ვმუშაობდი. დიდი ამბიციები არც მქონია - მშვენიერი რამ იყო საოჯახო ფოტოების გადაღება. შესაძლოა მამის კვალს გავყოლოდი და სტომატოლოგი გავმხდარიყავი, ან კიდე, დედის მსგავსად პიანისტი.
მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა შეცვალა ჩემი ცხოვრება. იმ პერიოდის უმეტესობა დასავლეთის უდაბნოში გავატარე - მძიმე ტექნიკას ჰაიფას ახლოს დეპოში გადავაადგილებდი და  მიდლსექსის ბატალიონის  ჯარისკაცებზე კამერებს ვყიდდი. ვენაში დარჩენილმა ჩემი ოჯახის ყველა წევრმა, გაზის კამერებში დაასრულა სიცოცხლე.
როცა  1946 წლის ბოლოს ვენაში დავბრუნდი, ქალაქი ფაქტიურად ნანგრევებად იყო ქცეული. მინდოდა მეჩვენებია, როგორი იყო ომისშემდგომი ცხოვრება. მინდოდა სიმართლე მეთქვა იმ ტკივილზე, სიკვდილსა და განადგურებაზე, რასაც ევროპა განიცდიდა. განწყობა ასეთი იყო: მოდი, დავიწყოთ აღდგენა; ვნახოთ, როგორ შევძლებთ შევქმნათ უკეთესი სამყარო იმისგან რაც ნაცისტებმა  და საბჭოელებმა  მოიტოვეს უკან.
ვენა ბრიტანულ, ფრანგულ, საბჭოთა და ამერიკულ საოკუპაციო ზონებად იყო დაყოფილი. რასაკვირველია, ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპაციის განცდა იყო და დარწმუნებული ვერ იქნებოდი, რომ შენი მეგობარი, რომელიც წუხელ საკონსულოში  მუშაობდა დილითაც იქ იქნებოდა და  რუსები ციმბირში არ გაგზავნიდნენ. გამიტაცა პოლიტიკური ფიგურების ფოტოების გადაღებამ, რადგან სწორედ მათ მიჰყავდათ შოუ.
1955 წელს, ოთხივე დიდი მოთამაშე - საბჭოთა კავშირი, აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი კონფერენციას გეგმავდნენ, სადაც ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების საკითხზე იმსჯელებდნენ. განწყობა ამაღლებული და იმედიანი იყო. პირველად დიპლომატიის ისტორიაში დიდი ოთხეული სასაუბროდ სხდებოდა და მთელი ცივილიზებული სამყაროს მომავალი მათზე იყო დამოკიდებული.
დაახლოებით 30 ფოტოგრაფი იყო ჟენევის აეროპორტში, სადაც კონფერენცია უნდა გამართულიყო და ელოდა ამერიკის პრეზიდენტის დუაიტ ეიზენჰაუერის ჩამოსვლას და მის შვეიცარიის პრეზიდენტ მაქს პეტიტპიერთან შეხვედრას. ფოტოგრაფების უმეტესობას ჰქონდათ მაშუქები და უახლესი კამერები, რომლებშიც ფირი დახვეული იყო ელექტროძრავაზე. „ვუყურებდი მათ და ვფიქრობდი: აუცილებლად შეფერხდებიან - სანამ ფირი გადადის წინ, შესაძლოა სწორედ მაშინ მოხდეს რაღაც საინტერესო.“
და ზუსტად ასე მოხდა. მზის სხივი დაეცა ეიზენჰაუერის სახეს, პეტიტპიერი კი ჩრდილში მოექცა. როგორც სჩანს, მე ერთადერთი ფოტოგრაფი აღმოვჩნდი იმ დღეს, რომელმაც ფოტო საუკეთესო მომენტში გადაიღო. სხვების ფოტოებზე, კი შუქი  ეიზენჰაუერის მუცელზე იყო ან  ქუდი უფარავდა სახეს.

კონფერენციის შემდეგ გამოვიდა ავსტრიის სახელმწიფო ხელშეკრულება, რომელმაც ქვეყანას დამოუკიდებლობა მიანიჭა. შემდეგ, 1956 წელს, უნგრეთის რევოლუცია მოხდა - მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ  ჩაახშო ის და დასავლეთმა არაფერი მოიმოქმედა. მივხვდი, რომ რეპორტაჟულ ფოტოს აქვთ ძალა გული აუჩუყოს სამყაროს, მაგრამ მას არ აქვს ძალა შეცვალოს ის.


Curriculum vitae


დაბადების ადგილი: ვენა, 1923 წელი.

განათლება: „თვითნასწავლი. საკუთარ თავს უფრო ოსტატად აღვიქვამ, ვიდრე ხელოვანად.“

გავლენა: ნიუ იორკ თაიმზის ჟურნალისტები სკოტი როსტენი და  ეიბ რეზენტალი.

წარმატება: შარლ დე გოლის ვიზიტი ალჟირში 1958 წელს.

მარცხი: „არავითარი, ყოველთვის კარგად ვატარებდი დროს.“

რჩევა: მიყევით თქვენს ინტერესებს. აჩვენეთ ის , რისი ჩვენებაც გინდათ.“



წყარო:http://www.theguardian.com/artanddesign/2016/jan/20/erich-lessing-best-photograph-president-eisenhower-geneva-summit-1955-interview

No comments:

Post a Comment