Wednesday, December 16, 2015

Sebastião Salgado's best shot

სებასტიაო სალგადოს საუკეთესო კადრი








1991 წელს ქუვეითში ვიყავი. ომი ყურეში ახალი დამთავრებული იყო, მაგრამ ჭაბურღილები ისევ იწვოდა. ქვეყანაში შესაღწევად საუდის არაბეთში მომიწია ჩასვლა. იქ, კი ქვიშისფერი მანქანა დავიქირავე, რადგან ეს აშშ-ს სამხედრო მანქანების ფერი იყო. საზღვრის გადასაკვეთად, კი მირჩიეს აშშ-ს არმიის  ფერთა გამის პირადობის მოწმობა მეშოვა და აქეთ-იქეთ მეფრიალებია. არავის შევუჩერებივარ და გადავედი.
ქუვეითში წარმოუდგენელი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს დიდ, პლანეტის ზომის თეატრში ვიყავი, გარშემო კი ეს ჭაბურღილები იწვოდა. ხანდახან, ორი-სამი დღე ისე გადის შავი კვამლის უზარმაზარი ღრუბლების მიღმა მზე საერთოდ არ ჩანს, მაგრამ უეცრად ცა გაიხსნება ხოლმე. ესეც საკმაოდ საშიში იყო. ქვიშაში აუმოქმედებელი კასეტური ბომბები იყო. ჟურნალისტი და ფოტოგრაფი დაიღუპნენ , როცა ნავთი აალდა ერთ-ერთ ასეთი ჭურვის მახლობლად.
ეს ფოტო იმ სერიიდანაა, რომელიც მე კანადელ სპეციალიზირებულ მეხანძრეებს გადავუღე, რომლებიც ცდილობდნენ აალებულ ჭაბურღილებს გამკლავებოდნენ. ხანძრის ჩაქრობა რამდენიმე დღე მიმდინარეობდა, მაგრამ ეს არ იყო ყველაზე დიდი პრობლემა, მაშინაც კი, როცა მათ რამდენიმე პატარა ხანძრის გაჩაღება თავად უწევდათ, რომ გარშემო ნავთის ტბა არ დამდგარიყო. ნამდვილი ჯოჯოხეთი ამ ბიჭებისთვის ჭაბურღილის თავი იყო. სადამ ჰუსეინის ხალხი დიდი რაოდენობით ასაფეთქებელ ნივთიერებებს იყენებდა, რის გამოც ჭაბურღილების თავები საშინლად იყო დეფორმირებული. რადგან ქუვეითი  ახლო აღმოსავლეთის უზარმაზარი ნავთობის საბადოების ყველაზე დაბალ წერტილზეა ზღვის დონიდან, წნევა ძალიან მაღალია და ნავთობის ამოფრქვევის ხმაურს ბოინგ 747-ის ძრავების  ხმა თუ შეედრებოდა. ყველაფერი წყვდიადში ინთქმებოდა და სმენადობა აღარ იყო.
სამუშაოდ ეს  ძალიან საშიში ადგილი იყო, რადგან ნავთობი ძალიან მსუბუქია, როგორც  მანქანის საწვავი. ასე რომ, ის ძალიან სწრაფად ალდება და ძალიან ძლიერი სუნი აქვს. ერთ მომენტში, ერთ-ერთი კანადელი ძალიან ახლოს მივიდა,  ბევრი გაზი შეისუნთქა და უგრძნობლად დაეცა. ბიჭებმა იცოდნენ, რომ, როცა იარაღებით და ინსტრუმენტებით მუშაობდნენ, თუ მეტალი მეტალს მოხვდებოდა და ნაპერწკალი წარმოიქმნებოდა, ცეცხლი  შთანთქავდათ. როცა ფოტოებს ვიღებდი, აფეთქებები ხდებოდა, როცა გაზი ფეთქდებოდა ჭაბურღილში, მაგრამ არ აალებულა. მეხანძრეებს კარგად უხდიდნენ, მაგრამ სამუშაო ისეთი დამღლელი და მძიმე იყო, რამდენჯერმე დავინახე ზოგიერთი მათგანი როგორ იჯდა და ტიროდა.
ამ გარემოში მუშაობა ძალიან ექსტრაორდინალური იყო. ერთი ჩემი ლინზა სიცხისგან დაიბრიცა და მხოლოდ ორი დამრჩა: 35 მმ. და 60 მმ. ამიტომ ბიჭებთან ძალიან ახლოს მიწევდა ყოფნა. შედეგად, მეც  სულ ნავთში ვიყავი ამოვლებული და უფრო მჭიდროდ დაკავშირებული ამ საფრთხესთან, გარემოსთან, უჩვეულო სილამაზესთან და მძიმე შრომასთან. მუშაობა რომ გამეგრძელებინა, ფოტო ჩანთაში მუდმივად მქონდა 2 ლიტრიანი ცისტერნით ბენზინი  და სამზარეულოს ქაღალდის რულონი. ქაღალდზე ბენზინს ვასხამდი და ჯერ ხელებს ვისუფთავებდი, შემდეგ ლინზასა და კამერის უკანა ნაწილს და გადაღებას ვაგრძელებდი. ფაქტიურად, რამდენიმე დღის  ერთად მუშაობის შემდეგ თავს გუნდის წევრად ვგრძნობდი. ყველანი ძალიან დავახლოვდით.

მე უფრო მეტად ისტორიებზე ვმუშაობ, ვიდრე ცალკეულ ფოტოებზე. მაგრამ ჩემთვის ეს ერთი ფოტო განსაკუთრებულია: ეს არის საოცარი ფოტო ორი ადამიანისა, რომლებიც ცდილობენ ჭაბურღილის დეფორმირებული თავი დალუქონ. ისინი მთლიანად ნავთში არიან ამოსვრილები და ერთ-ერთი მათგანი დგას, როგორც ძეგლი, რომელიც დროთა განმავლობაში გაშავდა. ეს ფოტო პირველი მსოფლიო ომის სურათებს მაგონებს, ვერდენის ნაცრისფერ შუქზე. როცა გადავიღე, მაშინვე ვიცოდი, რომ კარგი იქნებოდა. თუმცა, ისე მეშინოდა, პირი გამშრალი მქონდა. იმ საღამოს, როცა ელ-ქუვეითში სასტუმროში დავბრუნდი, ყბა ძალიან დაჭიმული მქონდა და ღრძილები მტკიოდა მთელი დღე კბილების ღრჭენისაგან. მაგრამ მე იქ უნდა ვყოფილიყავი, რომ ეს სურათები გადამეღო. ვიცოდი, რომ მოწმე გავხდი ძლიერი, უჩვეულო მოვლენებისა, რომლებიც არასდროს განმეორდება.


Curriculum vitae


დაბადების ადგილი: აიმორესი, ბრაზილია,1944 წელი.

განათლება: „ყოფილი ეკონომისტი ვარ. არასოდეს მივლია ფოტოგრაფიულ სკოლაში ფოტოგრაფიის შესასწავლად.“

შთაგონება: „ბილ ბრანდტი საოცარი ფოტოგრაფი იყო. ყველა მისი ნაშრომები, რაც მან ინგლისში შექმნა - მაღაროელები, შიშველი ნატურა, ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის დროს - ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“

წარმატება: „როცა ჩემი კარიერა, როგორც ეკონომისტმა გვერდზე გადავდე და ფოტოგრაფიას შევუდექი. ყველა წიგნს ვკითხულობდი, ყველა შოუზე დავდიოდი, გადავიღე ჩემი პირველი ისტორიები, გავამჟღავნე ჩემი პირველი ფირები. ეს დიდებული დრო იყო.“

უარყოფითი დამოკიდებულება: „ ფოტოგრაფია იქცა პატარა სამყაროდ უამრავი შურიანი ადამიანით. შენ ქმნი ისტორიას, შემდეგ კი უამრავი ადამიანი იგივეს გაკეთებას ცდილობს.“


წყარო: http://www.theguardian.com/artanddesign/2009/may/28/sebastiao-salgado-photography-kuwait

No comments:

Post a Comment