Thursday, October 29, 2015

John Moore’s best shot

ჯონ მურის საუკეთესო კადრი







ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ომის დაწყების შემდეგ ვმუშაობდი ერაყსა და ავღანეთში.  ბევრი ჯარისკაცის დაღუპვის მოწმე გავხდი. ამიტომ, როცა 2007 წელს, ამერიკაში დავბრუნდი, გადავწყვიტე ხსოვნის დღეს არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე წავსულიყავი. ვფიქრობ, ვგრძნობდი , რომ ამ ადგილის რაღაც მმართებდა.
სასაფლაოს ამ ნაწილს „სექტორი  60“ ეწოდება და აქ დაკრძალული არიან ბოლო კონფლიქტებში დაღუპული ჯარისკაცები და სამხედრო მოსამსახურეები. ასობით საფლავის ქვა იყო, ბევრი ახალი მიწით, სამწუხაროდ, მუშაობა გრძელდებოდა.
მე და ჩემი ორი წლის გოგონა ლამაზ გორაკზე გაშენებულ სასაფლაოს გავუყევით, რომელიც ვაშინგტონს გადაჰყურებს. გაზაფხულის თბილი შუადღე იდგა და ჰაერში მძიმედ იყო ჩამოწოლილი მწუხარების შეგრძნება. ერთ ქალს გადავეყარეთ, სახელად მერი მაკჰიუ, საფლავის გვერდით იჯდა  ჩაფიქრებული, დაველოდეთ, რომ გავსაუბრებოდით. ბოლოს, მან სხვა სტუმართან დაიწყო საუბარი და მეც გავეცანი. ვუთხარი, რომ   ზოგიერთ იმ ტერიტორიაზე ვმუშაობდი, სადაც ეს ჯარისკაცები დაიღუპნენ. მან კი თავისი ისტორია მომიყვა.
მისი საქმრო, ჯეიმს რეგანი არაერთხელ იყო განაწილებული ერაყსა და ავღანეთში. 2007 წლის დასაწყისში, როცა ისინი დაქორწინებას აპირებდნენ, მან გზისპირა ნაღმზე დააბიჯა და დაიღუპა. ვუთხარი, რომ ძალიან ვწუხდი, რომ მას აქ, საფლავთან ვხედავდი. უხერხული დუმილი ჩემმა გოგონამ დაარღვია - „მამიკო, წავიდეთ, რა.“  მე და მერიმ ელექტრონული ფოსტის მისამართები გავცვალეთ და შევპირდი რომ რამდენიმე ფოტოს გავუგზავნიდი. ვიფიქრე, ესიამოვნებოდა ამ დღის მოსაგონებლად ფოტოები ქონოდა.
გავუყევით გზას საფლავებს შორის და ასე ნახევარ საათში უკან ვბრუნდებოდით, როცა მერი დავინახეთ - ბალახზე იწვა და მარმარილოს ქვას ისე ესაუბრებოდა, თითქოს სათქმელი ბევრი ქონდა დარჩენილი. არ ველოდი თუ ისევ ვნახავდი, მაგრამ რადგან უკვე ერთმანეთს ვიცნობდით, აღარ მომერიდა მისთვის ფოტოები გადამეღო, ისე რომ არ შემეწუხებინა.
კამერა ყოველთვის თან დამაქვს და ვიფიქრე რამდენიმე სურათს გადავიღებთქო, მაგრამ იმ დღეს ჩემი ნამდვილი მიზანი იყო პატივი მიმეგო. სასაფლაოს გეოგრაფია თავისთავად ფოტოგრაფიულია და კომპოზიცია მარტივი - სხვა დანარჩენი კი რთულია. ბევრი ამერიკელი ატარებს ხსოვნის უიკენდს   სანაპიროზე ბარბიქიუს მომზადებაში, მაგრამ აქ ეს დღე სხვა რამეს ნიშნავს.
ეს ფოტო აქტიურად ქვეყნდებოდა მაშინ. შევეცადე მერის დავკავშირებოდი, მაგრამ მან არ მიპასუხა. პატივს ვცემ მის გადაწყევტილებას - ის ისევ გლოვობდა. არ ვიცი, როგორ ცხოვრობს ის. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად აეწყო. ყოველთვის თან მსდევს  ეს სცენა.
ბევრ კონფლიქტურ ზონაში ვყოფილვარ, მსოფლიოს სხვდასხვა ნაწილში საომარ ტერიტორიებზე, მაგრამ  ხანდახან ყველაზე ამაღელვებელი ფოტო ომის წინა ხაზიდან კი არა, პერიფერიიდან, წყნარი მომენტიდან აღებული სცენაა, რომელიც ყველაზე მეტად  ეხება ჩვენს გულს.





Curriculum vitae

დაბადების ადგილი:  ვირჯინია, აშშ. 1967 წელი.

განათლება: საერთაშორისო კომუნიკაციები ტეხასის უნივერსიტეტში.

გავლენა:  „ჩემი უმაღლესი სკოლის ჟურნალისტიკის მრჩეველი შერი ტეილორი და ჩემი კოლეგები  ამ დარგში.“

წარმატება:  რუანდაში მთის გორილების გადაღებისას სიკვდილს გადავურჩი, როცა ვერცხლისფერზურგა მამრი გორილა დამესხა თავს.“

წარუმატებლობა:  „როცა ჩემი მეგობარი და კოლეგა ქრის ჰონდროსი მოკლეს ლიბიაში ტიმ ჰეზერინგტონთან ერთად 2011 წელს.“

რჩევა:  „გადაიღე ის , რაც გაღელვებს, კარგად გამოიკვლიე შენი ისტორია  და მზად იყავი ბოლომდე შეხვიდე მასში.“




წყარო:http://www.theguardian.com/artanddesign/2015/jul/09/john-moore-best-photograph-grieving-woman-arlington-cemetery-washington-dc-memorial-day

No comments:

Post a Comment