Tuesday, September 22, 2015

Thomas Hoepker's best shot

              თომას ჰოეპკერის საუკეთესო კადრი 


                გერმანიაში ჟურნალ სტერნში (Stern) საშტატო ფოტოგრაფად ვმუშაობდი,  როცა მითქმა-მოთქმა ატყდა, რომ ალი გერმანელ ბოქსიორ  კარლ მილდენბერგერს შეებრძოლებოდა. იმ პერიოდში ის არ იყო ძალიან პოპულარული ევროპაში, მე კი, ბოქსის მატჩი არასოდეს მენახა -მაგრამ გვსმენოდა, რომ ალი ფანტასტიკური  ბოქსიორი და ძალიან უცნაური ადამიანი იყო. ჟურნალმა სტერნმა გვთხოვა მე და ჩემს ცოლს, რომელიც რეპორტიორი იყო, გავფრენილიყავით ლონდონში მასთან შესახვედრად, სადაც ალის ბრძოლა ჰქონდა ბრაიან ლონდონთან.
         უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით: ალის ახალი მიღებული ქონდა მაჰმადიანობა და ეკრძალებოდა  თეთრკანიან ქალთან მარტო საუბარი. ეს ნიშნავდა, რომ მე მნიშვნელოვანი ფიგურა ვიყავი, რომელიც ყველას დაარწმუნებდა, რომ ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიმდინარეობდა. ის ზრდილობიანი, მაგრამ ძალიან დაკავებული იყო და ჩვენ ვერ შევთანხმდით დღის განრიგზე. ამიტომ გადავწყვიტეთ არ გაგვეკეთებინა რუტინული ინტერვიუ, არამედ, უბრალოდ ვყოფილიყავით იქ  და დავკვირვებოდით მას. მთელ დღეებს  ერთად ვატარებდით და გვიან ღამემდე მასთან და მის მეგობრებთან ერთად დავდიოდით. ეს ძალიან კარგი აღმოჩნდა. ერთი დღის შემდეგ ისე შემეჩვია, მალე ყველგან ჩრდილივით დავყვებოდი.
         ხშირად უბრალოდ  ქუჩებში ვსეირნობდით. ის ძალიან გულწრფელი და ხატოვნად მოსაუბრე იყო. ბავშვები ძალინ უყვარდა  და პატარა ჯადოქრობაც იცოდა, როცა მათი ცხვირებიდან უეცრად კანფეტს დააძრობდა. გამუდმებით საუბრობდა თუ როგორი საოცარი ადამიანი იყო თავად: „უდიდესი ვარ!“ და მართლაც იყო.
ის ძალიან გულღიად საუბრობდა ადამიანებთან -მაგრამ უეცრად განწყობა ეცვლებოდა და ამ დროს სასტუმროში გაუჩინარდებოდა ხოლმე. ეს მისი საიდუმლო იყო: ვერასოდეს გათვლიდი მის საქციელს. ყოველთვის განსხვავებული იყო და ეს მისი ბრძოლების მითიური რეცეპტი იყო. ასე რომ, რაც მეტ დროს გავატარებდით მის გვერდით, მით მეტი გვქონდა შანსი გაგვეგო მისთვის.
                ალი იდეალური ფოტო მოდელი იყო - ის არ ერეოდა ჩვენ საქმეში და არ პოზიორობდა, ყოველთვის ბუნებრივი იყო. ორჯერ არაფერს გააკეთებდა, ამიტომ ძალიან ფხიზლად უნდა ვყოფილიყავი. მხოლოდ ერთი შანსი მოგეცემოდა და უეცრად ის ისევ შეიცვლებოდა, გახდებოდა მშვიდი და მიძინებული.
           როცა ჰამბურგში დავბრუნდით და მასალები რედაქტორებს ვაჩვენეთ, გვითხრეს, რომ თუ კიდევ იყო დაბრუნების შანსი, ამით გვესარგებლა. ასე რომ, ექვსი თვის შემდეგ დავბრუნდით აშშ-ში და ეს კიდევ უკეთესი იყო - ის მის სახლში იყო, ყველას იცნობდა და მასაც ყველა იცნობდა. რაც შეეხება ამ კადრს, მან დამინახა რაუნდებს შორის პატარა შესვენების დროს, რინგიდან გადმოვიდა, ჩემსკენ გამოემართა და თავისი მუშტი კამერის წინ მოიქნია,ჯერ მარჯვენა , მერე მარცხენა და შემდეგ ისევ მარჯვენა. ამ დროს ზარმა დარეკა და ის რინგზე დაბრუნდა. მხოლოდ ეს ფოტო გამოვიდა მკვეთრი და სწორად ექსპონირებული და გახდა კიდეც ცნობილი. მაგრამ შარშან, ჩემს არქივს უფრო დაკვირვებით ვათვალიერებდი  და იმავე მონაკვეთზე მეორე კადრიც აღმოვაჩინე, სრულიად  არაექსპონირებული და დაფხაჭნილი. ეს ორი  კადრი კარგად  ურთიერთქმედებს: მისი მარჯვენა მუშტი მკაფიო და თვალსაჩინოა, მარცხენა კი ბნელია. ეს კი მის ხასიათზე  საუბრობს -ადამიანზე, რომელსაც ორი გასნხვავებული ხასიათი ჰქონდა - შეეძლო ყოფილიყო ძალიან მეგობრული და მხიარული, მაგრამ ასევე შეეძლო ყოფილიყო ნამდვილი მონსტრი.






                  ერთხელ მანქანით ჩიკაგოში ვიყავით, მან მძღოლს შეჩერება სთხოვა და საცხობში შევიდა. გაგვიკვირდა, რადგან ვიცოდით რომ სტეიკისა და წყლის მკაცრ დიეტაზე იყო. შემდეგ წამოვედით, მაგრამ ერთი საათის შემდეგ იგივე უბანში დავბრუნდით და ის ისევ იმავე საცხობში შევიდა. ამჯერად მეც გავყევი და აღმოჩნდა რომ ის დონატებზე მეტად მცხობელის ქალიშვილით იყო დაინტერესებული. ძალიან კარგი ფოტოები გადავუღე მას საცხობში ფლირტაობისას. მრავალი წლის შემდეგ მას მდიდრულ ვილაზე ვეწვიე -გადაჭარბებული ფუფუნება იყო - ოქროს ფარდებითა და სარკეებით. ოთახში მისი ცოლი შემოვიდა და მე მცხობელის ქალიშვილი ვიცანი.



Curriculum vitae



დაბადების ადგილი: მიუნჰენი, 1936 წლის 6 ივნისი.

განათლება:  "ფოტოგრაფია არ შემისწავლია -უბრალოდ ვაკეთებდი ჩემს საქმეს. აკადემიური სამყარო არაა ჩემი სამყარო."



წარმატება: "ეს ყოველთვის ის ისტორიაა, რომელზეც იმ მომენტში ვმუშაობ."

წარუმატებლობა:  "ვცდილობ დავივიწყო ისინი"


სასარგებლო რჩევა: "იყავი ფხიზლად, იყავი დაინტერესებული. ჩაერთე ისეთ სიტუაციაში, როგორშიც არასოდეს ყოფილხარ, ადაპტირდი და შექმენი საუკეთესო მისგან."


წყარო: http://www.theguardian.com/artanddesign/2015/aug/27/thomas-hoepker-best-photograph-muhammad-ali-boxer-fist

No comments:

Post a Comment