Tuesday, April 7, 2015

Arthur Tress’s best shot



არტურ ტრესის საუკეთესო კადრი



გვიან 1960-იან წლებში ჩემმა ძველმა თანაკლასელმა წამოიწყო არტ პროექტი ბავშვებთან. ერთში, ისინი განიხილავდნენ სიზმრებს და იყენებდნენ მათ როგორც ინსპირაციას მხატვრობასა და პოეზიაში. მე მიმიწვიეს ბავშვების გადასაღებად. მივიტანე კოსტიუმები და ნიღბები, რომ ბავშვებს შესაძლებლობა ქონოდათ გაეთამაშებინათ სცენები თავიანთი სიზმრებიდან.

გადავწყვიტე ეს პროექტი გამეგრძელებია და მოვუფიქრე სათაური: Dream Collector (სიზმრების შემგროვებელი).  შევადგინე სია ბავშვების სიზმრების თემებით და გამოვკითხე ჩემი ზრდასრული მეგობრები თუ რა ახსოვდათ მათ თავიანთი სიზმრებიდან. წავიკითხე უამრავი ლიტერატურა და ფსიქოლოგიური წიგნი -კარლ იუნგს მთელი წიგნი აქვს ამ თემისთვის მიძღვნილი. შემდეგ კი წავედი ფოტოების დასადგმელად. 1968 წელს მე გავაკეთე სერია სახელწოდებით Open Space in the Inner City (ღია სივრცე ქალაქის ცენტრში), რომელიც ეხებოდა ცარიელი მიწის ნაკვეთების, სახლის სახურავებისა  და სანაპირო ტერიტორიების მწვანე სივრცეებად გარდაქმნას. დღეს ეს ყველამ იცის, მაგრამ მაშინ ეს სიახლე იყო. გადავწყვიტე ეს ადგილები გადამეღო: ეს უდაბური ადგილები ზღაპრულად და სიურეალისტურად გამოიყურებოდა.  ხშირად აქ ბავშვები თამაშობდნენ და მე მათ მოდელებად ვიყენებდი.

ეს კადრი  1972 წლის ზამთრის ერთ დღეს გადავიღე. ბავშვები მშვენიერი მსახიობები არიან. როცა სიზმრის პროექტს ვაკეთებდი, მაშინვე გამიგეს - რეალობის, ილუზიის და თამაშის სამყარო მათთვის ახლოა.  ეს გადაგდებული ტელევიზორი როკსბერიში, ბოსტონის განაპირას, მიტოვებულ ადგილას შევნიშნე.  იმ დროს ეს ძალიან გაპარტახებული,  შავკანიანთა უბანი იყო. რამდენიმე წლით ადრე აქ ბუნტები და ხშირი ხანძრებიც მოჰყვა მარტინ ლუთერ კინგის სიკვდილს.

ეს ბავშვი იქვე დარბოდა თავისი სათამაშო თოფით. ვთხოვე ტელევიზორის შიგნით შემძვრალიყო. სიზმრისეული შიშისა  და დაძაბულობის გრძნობა, მაგრამ ამასთანავე ეს ზუსტად ისაა, რასაც შეიძლება ურბანისტულ სივრცეში გრძნობდეს პატარა ბიჭი. ძალადობა მთელი საყაროდან მედიის საშუალებით ყოველდღიურად აღწევს ჩვენამდე. დღეს ამას ინტერნეტიც დაემატა და ეს ფოტოს ძველებურად აქტუალურს ხდის.

როცა იარაღიან ბავშვებს იღებ, ისინი ხშირად აგრესიულად გამოიყურებიან, მაგრამ ეს ბიჭი შეშინებულ და თავდაცვით პოზაშია.  მომწონს, რომ ცალი ფეხი დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში მაქვს შებიჯებული, მეორეს მხრივ კი ფოტო ნახევრად დადგმული და სიურეალისტურია. ამასთანავე ეს ჩემი სოციალური კომენტარია. მე შეშფოთებული ვიყავი ეკონომიკური ფაქტორებით, შავკანიანი ადამინების მდგომარეობით, რომლებიც საშინელ პირობებში ცხოვრობდნენ გეტოებში, ვღელავდი გარემოს დაბინძურების შედეგად დაზარალებულ ბავშვებზე. გამოსახულება აჩვენებს იმ პირქუშ განწყობას, რომლის გადმოცემასაც ვცდილობდი.  ტკბილი სიზმრები ჩემთვის საინტერესო არ იყო. მე ებრაული წარმოშობა მაქვს. ჩემი მშობლები 1900-იან წლებში ჩამოვიდნენ და ჩემს ოჯახს ძალიან მძიმედ ახსოვდა ჰოლოკოსტი.

ჩემი „სიზმრების შემგროვებელი“ მხოლოდ ბავშვებზე კი არა, ჩემს სამყაროზეც იყო. ეს იყო გარდამავალი სერია, რომელმაც ჩემი ნამუშევრები უფრო პირადული გახადა. იზრდებოდე, როგორც გეი მამაკაცი ადვილი არ იყო 50-იან  წლებში, განსაკუთრებით სკოლაში. 1960-იანებშიც  კი ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა იყო კრიმინალური ასპექტით თუ დანაშაულის შეგრძნების კუთხით. ვფიქრობ, ამიტომ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი თემა შავკანიანთა საზოგადოების გაუცხოება. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი ფოტოგრაფი რომელმაც ეს საკითხი წამოსწია და მე ამ პროცესის  დასაწყისს  ვხედავ ამ  ფოტოებში.


Curriculum vitae

 


დაბადების ადგილი: ბრუკლინი, აშშ. 1940 წელი.

განათლება: ხატვა Bard College-ში, ნიუ იორკი.

გავლენა: დუან მიჩელზი, ჯორჯო დე კირიკო, პოლ კადმუსი.

წარმატება: „ ჩემი რეტროსპექტივა ვაშინგტონში Corcoran Gallery of Art-ში,  2000 წელს.

რჩევა: „ამყოფეთ საკუთარი თავი მუდმივი გაოცების მდგომარეობაში.“


წყარო:http://www.theguardian.com/artanddesign/2015/mar/26/arthur-tress-best-photograph-boy-gun-tv-set-boston


No comments:

Post a Comment