Monday, February 23, 2015

Josef Koudelka on Motivation, Humanity and What Makes a Good Photograph

       იოზეფ კუდელკა მოტივაციაზე, ჰუმანურობასა და კარგი ფოტოს საიდუმლოზე


























ლაურა ჰაბერ: ცნობილია, რომ თქვენ დავალებებს ხელს არ კიდებთ. როგორ ირჩევთ თემას?

იოზეფ კუდელკა: ვიცი რისი გაკეთებაც მინდა და ვაკეთებ. მე შევქმენი ამისთვის პირობები, ასე რომ შემიძლია ასე მოვიქცე - ამას 45 წლის მანძილზე ვაკეთებდი. ადამიანებს, რომლებიც დავალებებს ასრულებენ უხდიან და ისინიც ვალდებულნი არიან გააკეთონ. მე მინდოდა შემენარჩუნებინა არაფრის კეთების თავისუფლება, ყველაფრის შეცვლის თავისუფლება.

ლაურა ჰაბერ: რა არის თქვენთვის მთავარი მოტივაცია თემის არჩევისას?

იოზეფ კუდელკა: მე ინტუიციური ადამიანი ვარ.

ლაურა ჰაბერ: თუ თემა გიხმობთ,  მიდიხართ.

იოზეფ კუდელკა: იცით,  სულ მეკითხებიან, რატომ გადავიღე ბოშები. არასოდეს ვიცოდი და არც ვარ დიდად დაინტერესებული ამის ცოდნით.

ლაურა ჰაბერ: შესაძლებელია, რომ თქვენ მათი სახელმწიფოებრიობისაგან თავისუფლება გიზიდავდათ?

  იოზეფ კუდელკა: არა, სრულებითაც არა. (პაუზა) იცით, მე არ გავზრდილვარ ამერიკულ კინოზე, როგორც ბევრი ფოტოგრაფი. პატარა სოფლიდან ვარ. არასოდეს მხიბლავდა  ამერიკის შეერთებული შტატები. მაგრამ მახსოვს როცა ვნახე ფოტოები ფერმის  უსაფრთხოების ადმინისტრაციიდან და როგორი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ ჩემზე - არა მათმა სტილმა, არამედ თემამ. შეიძლება რაღაც მსგავსი ბოშებთანაც შენიშნოთ.





ლაურა ჰაბერ: თქვენ ხშირად საუბრობთ „თვალის“ აუცლიებლობაზე. რას გულისხმობთ?

  იოზეფ კუდელკა: როცა შეხედავ რამეს და ფიქრობ,  რომ ყველაფერი სწორადაა.

ლაურა ჰაბერ: ესეიგი, ეს გრძნობაა.

იოზეფ კუდელკა: რა თქმა უნდა.

ლაურა ჰაბერ: რამდენად მნიშვენლოვანია კომპოზიცია თქვენ ფოტოებში? 

იოზეფ კუდელკა: არ არსებობს კარგი ფოტო კარგი კომპოზიციის გარეშე. თავიდან მე საავიაციო ინჟინერი ვიყავი. რატომ შეუძლია თვითმფრინავს ფრენა? იმიტომ რომ არსებობს ბალანსი. კარგი ფოტო ესაუბრება ბევრ სხვდასხვანაირ ადამიანს სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა გამოიარეს ამ ადამიანებმა და როგორ რეაგირებენ ისინი. კარგი ფოტოგრაფიის მეორე ნიშანი ჩემთვის არის შეკითხვა, „რა დამამახსოვრდება? ” ძალიან, ძალიან იშვიათად ხდება, როცა ისეთ რამეს ნახავ, რისი დავიწყებაც არ შეგიძლია - აი, ეს არის კარგი ფოტო.





ლაურა ჰაბერ: მოგვიყევით პრაღაში საბჭოთა კავშირის შეჭრის შესახებ.

იოზეფ კუდელკა: ახალი დაბრუნებული ვიყავი რუმინეთიდან, სადაც ბოშებს ვიღებდი, როცა ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა: „რუსები აქ არიან.“   ავიღე კამერა, გავედი ქუჩაში და დავიწყე გადაღება უბრალოდ ჩემი თავისთვის. მანამდე ასეთი მოვლენები არასოდეს გადამიღია. ეს ფოტოები არ იყო გამიზნული გამოქვეყნებისთვის. ბოლოს, ისინი გამოაქვეყნეს ერთი წლის შემდეგ,  რადგან ეს უკვე აღარ იყო ახალი ამბავი.

 



ლაურა ჰაბერ: გამოფენა მოიცავს რამდენიმე პანორამას. რა გიზიდავთ ამ ფორმატში?

იოზეფ კუდელკა: მიყვარს პეიზაჟები, მაგრამ  სტანდარტული კამერით მათი გადაღებით არასოდეს  ვიყავი კმაყოფილი. 1986 წელს მთხოვეს მონაწილეობა მიმეღო სამთავრობო პროექტში საფრანგეთში.  ოფისში მიმიწვიეს და იქ მაგიდაზე დავინახე პანორამული კამერა. ვიკითხე, „შეგიძლიათ ერთი კვირით მათხოვოთ ეს აპარატი?“
 მთელი პარიზი მოვირბინე;  ყველაფერი უნდა გადამეღო. მივხვდი, რომ ეს აპარატი იმის გაკეთების საშუალებას მომცემდა, რაც მანამდე  არ მიცდია. პანორამულმა კამერამ მომცა საშუალება ჩემი კარიერის, სამუშაოს  ახალ საფეხურზე გადავსულიყავი. ის დამეხმარა შემენარჩუნებინა ინტერესი ფოტოგრაფიისადმი, დავრჩენილიყავი მისით აღტაცებული.
მალე 77 წლის გავხდები. როცა ჰენრი კარტიე-ბრესონს შევხვდი ის 62 წლის იყო. ახლა მე  15 წლით უფროსი ვარ ვიდრე ბრესონი მაშინ. იმ დროს ის უკვე წყვეტდა ფოტოგრაფიას.
ჩვეულებრივი ამბავი არ არის, როცა გრძნობ, რომ რაღაც უნდა გააკეთო, რომ რაღაცის კეთება გიყვარს. თუ ეს ხდება, ყურადღება უნდა მიაქციო, რომ ეს არ დაკარგო.




ლაურა ჰაბერ: ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტთან ინტერვიუში თქვენ თქვით, „არასოდეს შევხვედრივარ ცუდ ადამიანს“ მე ბევრ თანაგრძნობას და სიყვარულს ვხედავ თქვენს ფოტოებში.

იოზეფ კუდელკა: ეს თქვენი გადასაწყვეტია. (იცინის)

ლაურა ჰაბერ: ადამიანები ძირითადად კარგები არიან?

იოზეფ კუდელკა: 45 წელია  განუწყვეტლივ ვმოგზაურობ და რა თქმა უნდა ისეთი ამბებიც გადამხდენია, რაც არ იყო სწორი. მაგრამ „ცუდი“ ადამიანები ჩადიან გარკვეულ საქციელს იმის გამო, რომ მათ არ ვაძლევთ შესაძლებლობას  მოიქცნენ  კარგად. როცა ურთიერთობას ვიწყებთ, ყველაფერი სხვაგვარად მიდის.

ლაურა ჰაბერ: შეგიძლიათ მაგალითი გვითხრათ?

იოზეფ კუდელკა: შეხედეთ რუს ჯარისკაცებს (პრაღაში საბჭოთა შემოჭრის ფოტოებზე) დიახ, ისინი იყვნენ დამპყრობლები. მაგრამ ამავე დროს, ისინი ჩემნაირი ადამიანები იყვნენ, შეიძლება ხუთი წლით ჩემზე უმცროსი. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მე არ ვგრძნობდი სიძულვილს მათ მიმართ.  ვიცოდი, რომ მათ არ უნდოდათ იქ ყოფნა. ისინი ასე იქცეოდნენ მხოლოდ ოფიცრების ბრძანების გამო. რამდენიმე მათგანთან დავმეგობრდი კიდეც. ნორმალურ სიტუაციაში  ამ ბიჭებს დასალევადაც დავპატიჟებდი.
ვერ ვიტყვი, რომ  ერთი ცუდი ადამიანი მაინც შემხვდა ისრაელში გადაღებების დროსაც, ერთხელ აღმოსავლეთ იერუსალიმში ვიყავი მეგობარ ფოტოგრაფთან ერთად. დავგეგმეთ სენდვიჩები გვეჭამა ხის ძირას. მოულოდნელად, შეიარაღებული ჯარისკაცები მოვარდნენ. ერთერთმა მათგანმა აპარატი გამიტეხა. მაგრამ როცა მას  შევხედე, მასაც იგივე შიში ეწერა სახეზე, როგორიც რუსებს 68-ში. დარწმუნებული ვარ, ამ ბიჭთან გასაუბრების შანსი რომ მქონოდა, ის ამას არასოდეს ჩაიდენდა.

ლაურა ჰაბერ: იმისთვის რომ, კარგი ფოტოგრაფი იყო, აუცილებელია ადამიანების მდგომარეობისადმი თანაგრძნობით იყო განმსჭვალული.

იოზეფ კუდელკა: ჩვენ ყველა ერთნაირები ვართ და ყველას გვაქვს როგორც კარგი ასევე ცუდი.

ლაურა ჰაბერ: გვინდა გთხოვოთ, თქვენს რამდენიმე ფოტოს კომენტარი გაუკეთოდ.

იოზეფ კუდელკა: არ მინდა ვილაპარაკო ფოტოების შესახებ. არა,  მე ვცდილობ მთლიანად გავემიჯნო იმას, რასაც ვაკეთებ. ვცდილობ ისე შევხედო მათ, როგორც  უცნობმა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მათთან.
როცა ვმოგზაურობ ჩემს ფოტოებს ყველას ვაჩვენებ, რათა გავიგო, რა მოსწონთ და რა არა. კარგი ფოტო ბევრ ადამიანს ეუბნება რაიმეს და ამას ბევრი მიზეზი აქვს. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი ცხოვრება აქვთ მათ, რა გამოიარეს. ძალიან იშვიათად ხდება ნახო ისეთი რამ, რასაც ვერ დაივიწყებ და სწორედ ის არის კარგი ფოტო.


ლაურა ჰაბერ: როგორია  პროფესიონალი ფოტოგრაფის როლი დღეს, როცა ყველას აქვს საშუალება გადაიღოს?

იოზეფ კუდელკა: ვფიქრობ, მშვენიერია, რომ ყველას შეუძლია სურათი გადაიღოს. სწორედ ისევე, როგორც  ყველას შეუძლია წერა, მაგრამ მწერალი ცოტაა, ასევეა ფოტოგრაფიც.
ყველას აქვს კამერა და ყველას შეუძლია ღილაკზე თითის დაჭერა. ყველას აქვს ფანქარი  და ყველას შეუძლია ხელი მოაწეროს. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ბევრი დიდი მწერალია ან ბევრი დიდი ფოტოგრაფი.

ლაურა ჰაბერ: რას ხედავთ როგორც განმასხვავებელს ხელოვნებასა და ფოტოგრაფიას შორის?

იოზეფ კუდელკა: მე არასოდეს ვიყენებ გამოთქმას „ხელოვნება“ და „ხელოვანი.“  ისრაელში , როცა ფოტოებს ვიღებდით, ლამის ყოველ დღე გვაჩერებდნენ, ხანდახან დღეში ხუთჯერ. ერთხელ ჩემი მეგობარი ჯარისკაცებს მიუბრუნდა და უთხრა: „ის არ არის რეპორტიორი, ის ხელოვანია!“
მხოლოდ ერთხელ ვთქვი, რომ ხელოვანი ვარ - როცა გასაჭირში ჩავვარდი ალჟირში (იცინის) რომ მეთქვა, რომ ფოტოგრაფი ვარ მართლაც დიდი პრობლემები შემექმნებოდა. თუ იტყვი, რომ ხელოვანი ხარ, ყველაფერი კარგადაა.

ლაურა ჰაბერ: რატომ არ ეძახით საკუთარ თავს ხელოვანს?

იოზეფ კუდელკა:  მე ფოტოგრაფი ვარ, სულ ეს არის. როგორც ყველა დარგში, ასევე მხატვრობაში ყველა ნახატი არ არის ხელოვნება.  ყველა ფოტო არ არის ხელოვნება. რათქმაუნდა, ფოტო შეიძლება იყოს ხელოვნების ნიმუში, მაგრამ ეს არ არის ჩემი სათქმელი.










  

 


 









 






















წყარო: http://www.pdnonline.com/features/Josef-Koudelka-on-Motivation-Humanity-and-What-Makes-a-Good-Photograph-12689.shtml

1 comment:

  1. ზღაპრული ფოტოებია

    ReplyDelete