Tuesday, January 14, 2014

Pentti Sammallahti's best shot



პენტი სამალაჰტის საუკეთესო კადრი



როცა ეს ფოტო გადავიღე -20 C იყო. ნისლი, რომელსაც ხედავთ ყინულის ნისლია: ჰაერში გაფანტული უამრავი პაწაწინა ყინულის ნაწილაკი. ეს მაშინ ხდება, როცა ძალიან ცივა, მაგრამ ზღვა არ არის გაყინული. 1992 წლის თებერვალი იყო და მე ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში, თეთრ ზღვასთან მდებარე კუნძულ სოლოვეცზე ვიმყოფებოდი  .

რუსეთში ბევრს ვმოგზაურობდი, განსაკუთრებით გლასნოსტის შემდეგ, როცა შესაძლებელი გახდა მისი პერიფერიების მონახულებაც. იმ დროს, თეთრ ზღვასთან მცხოვრები ბევრი ადამიანი საუბრობდა კარელიური ფინურით, ამიტომ მე მათთან გასაუბრება შემეძლო. ეს ბავშვობაში დაბრუნებას გავდა: ცხოვრება იქ საერთოდ არ შეცვლილიყო მრავალი წლის მანძილზე. ფინეთს და რუსეთს რთული  ურთიერთობა აქვთ.  ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ ვიბრძოდით მეორე მსოფლიო ომის დროს და სხვა უამრავი პრობლემაც იყო, მაგრამ ისინი მეზობლები არიან და ვფიქრობ, უმჯობესია კარგი ურთიერთობები გვქონდეს. მე მომწონს ეს ქვეყანა, ხალხი და ყველაფერი იქ.

რუსეთში მოგზაურობა საკმაოდ ადვილია. ხალხი იქ ძველ ბიზანტიურ ტრადიციას მიყვება, რომელიც ამბობს, რომ უცხოელებს კეთილად და თავაზიანად უნდა მოექცნენ. გამიგია, რომ მათი რწმენით ნებისმიერ უცხოელში შეიძლება ქრისტე იმალებოდეს. ისინი ძალიან ღარიბები არიან, მაგრამ ღამის გასათევს მაინც იპოვი: მაშინაც კი თუ მათი სახლი პატარა და გადავსებულია, საძილე ტომრისათვის ადგილს მაინც გამოგიძებნიან.

ამ ფოტოს გადაღებამდე წინა ღამე გათენებამდე ფინელ კინო რეჟისორთან ერთად ვსაუბრობდი, ვოდკას ვსვამდი და ჭადრაკს ვთამაშობდი. როგორც ჩანს ჩამეძინა, რადგან მან შემაღვიძა და მითხრა: „ადექი პენტი. ახლა თუ კარგ ფოტოებს ვერ გადაიღებ, არარაობა ხარ.“  ის მართალი იყო.  გარემოებები იმდენად სრულყოფილი იყო, ნებისმიერს კამერასთან მუშაობა მოუნდებოდა. დილის 9 საათი იქნებოდა, მზე ახლახან ამოსულიყო  და მიუხედავად იმისა, რომ ციოდა,  საოცარი განათება იყო. ის კაცი ფოტოზე ალბათ სამსახურში მიდიოდა, არ ვიცი. ძაღლი მას ახლდა. ის აქეთ და იქით დარბოდა და შემდეგ ყოველთვის წინ ელოდებოდა. ძაღლი პატარაა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.

ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოსდა ეს ფოტო კი არ გადავიღე, არამედ საჩუქრად მივიღე. როცა საჭირო დროს საჭირო ადგილას ხარ, ისღა დაგრჩენია ღილაკს თითი დააჭირო.

მომდევნო საღამოს,  მე და ჩემი მეგობარი საფეხურებზე ვისხედით, ვოდკას ვსვამდით და ვსაუბრობდით - ჩვენს წუხილს გამოვხატავდით რუსეთში შექმნილ სიტუაციაზე. შემდეგ გარემოს თვალი მოვავლეთ და ლაღად მორბენალი და  მოთამაშე ძაღლების ჯგუფი დავინახეთ. ჩემმა მეგობარმა მითხრა: „პენტი, არ იღელვო - ეს ქვეყანა სამოთხეა ძაღლებისთვის“ მე კი გავიფიქრე: „აი, ამ მოსაზრებას გავყვები, როცა აქ ფოტოებს გადავიღებ.“

ამიტომ, როცა ჩემი პეიზაჟების სერიისთვის სათაურით „Russian Way“ სურათები გადავარჩიე, მხოლოდ ისინი გადმოვაწყვე, სადაც ძაღლები და გზა იყო. როცა ძაღლებს ვიღებ, ყოველთვის თან მაქვს ძეხვი ან სარდელი მათ დასაპურებლად. მათი დამეგობრება საკმაოდ ადვილია - ორჯერ რაღაცას მისცემთ და მთელი ცხოვრება თქვენი მეგობრები არიან.




Curriculum vitae

 

დაბადების ადგილი: ჰელსინკი. ფინეთი. 1950 წელი.

განათლება: თვითნასწავლი

გავლენა: ჩემი ბებია, ფოტოგრაფი ჰილდურ ლარსონი; კრისტოფერ ალბრეხტი, პოლ სტრენდი, ანდრე კერტესი, იოზეფ  კოუდელკა.“

მთავარი რჩევა: „აიღეთ კარგი ფოტოების წიგნი და ერთი კვირა მაინც დაუთმეთ თითოეული კადრის შესწავლას. ყოველდღიურად იფიქრეთ სხვადასხვა ასპექტებზე: თემაზე, კომპოზიციაზე, ტონალურ სპექტრზე, იმ მომენტზე, როცა ფოტო იქნა გადაღებული და იმაზე თუ როგორ შეიქმნა ის.


წყარო:http://www.theguardian.com/artanddesign/2014/jan/08/pentti-sammallahti-best-photograph-russia-winter



No comments:

Post a Comment