Thursday, January 23, 2014

Anders Petersen's best shot



ანდერს პეტერსენის საუკეთესო კადრი



ერთი ჩვეულებრივი დილა იყო და მე ჩემ მეგობარ გერტრუდას ველოდებოდი კაფე ლეჰმიცთან (Cafe Lehmitz) ჰამბურგში. იქაურობა ხალხით იყო სავსე  და მუსიკალური ავტომატი მშვენიერ მუსიკას უკრავდა. 1967 წელი იყო. ვიღაც კაცი მოვიდა და გამომკითხა ჩემ ფოტოაპარატზე, რომელიც მაგიდაზე მედო. ეს იყო  Nikon F და ის კარგი რამ იყო.  მან მიხრა: „მე უკეთესი მაქვს.“ მისი  Kodak Retina 1C იყო. ჩვენ სასმისები ავწიეთ და ლუდით ჩვენი კამერების სადღეგრძელო შევსვით. შემდეგ ლამაზ ქალბატონებთანაც ვიცეკვეთ.

უეცრად, დავინახე ვიღაც ტიპები როგორ ესროდნენ ჩემს კამერას ერთმანეთს და სურათებს იღებდნენ. მივედი და ვუთხარი: „მეც გადავიღებ, გთხოვთ. ეს ხომ ჩემი აპარატია. „კარგი“, მითხრეს და კამერა დამიბრუნეს. ასე დავიწყე გადაღება კაფე ლეჰმიცში.

სამი წლის მანძილზე ლეჰმიცში ფოტოების გადაღება არ შემიწყვეტია. პარალელურად სტოკჰოლმში დავდიოდი, სადაც ფოტოგრაფიას ვსწავლობდი და ფირებს ვამჟღავნებდი. კაფეს სამზარეულოში უფასოდ ვათევდი ღამეს. სანაცვლოდ, კი მზარეულის შვილებს ვუვლიდი. იქ გატარებულმა დრომ ჩემს ფორმირებაში დიდი წვლილი შეიტანა. სწორედ კაფემ მოაწყო ჩემი პირველ გამოფენა: მე ბარის თავზე მივამაგრე ჩემი 350 ფოტო და ვთქვი, რომ ნებისმიერს, ვინც სურათზე საკუთარ თავს ამოიცნობდა შეეძლო ჩამოეხსნა ის და თან წაეღო.  რამდენიმე დღეში კედლები ცარიელი იყო.

ამ ფოტოზე მთავარი მისი გმირები არიან. ლილი ყველასთვის ძვირფასი იყო, ქარიზმატული ქალი, რომელზეც ბევრი მამაკაცი იყო შეყვარებული და მან ეს იცოდა. კაცს, რომელიც მარცხნივაა ყველა როუზს (Rose) ეძახდა, მკერდზე ტატუს გამო. ის ასე გამოწყობილი იმიტომ არის, რომ პირდაპირ სამსახურიდან მოვიდა -რესტორნიდან, რომელიც 10 წუთის სავალზე იყო. ის კაფე ლეჰმიცში ყოველ საღამოს დადიოდა მეგობრებთან და უფრო მეტად, კი ლილისთან შესახვედრად. როუზი სერიოზული კაცი იყო და ის მისთვის ერთადერთი ქალი იყო.  ლილი გამიბრაზდა, როცა სურათი გადავუღე, ალბათ, იმიტომ , რომ ძალიან ბევრს ვუღებდი და მითხრა: „რატომ არ შეგიძლია ნორმალური ადამიანივით მოიქცე -ლუდი დალიო  ან იყო ისეთი როგორიც სხვებია?  სულ სურათები უნდა იღო?  მორჩა, Finito! “  მის უკან პატარა კაცს ხედავთ? მას Scar-ს (ნაიარევი) ეძახდნენ. ის ხმლების მყლაპავია. ის ბევრს ყვებოდა  ამის შესახებ და ბევრჯერ ჩხუბშიც მოხვედრილა.

ტომ უეითსმა როუზისა და ლილის ერთ-ერთი  ფოტო თავისი ალბომი  Rain Dogs-ის გარეკანზე გამოიყენა.
იმ სურათზე როუზის მკერდი მოშიშვლებული აქვს და ლილიზეა მიყრდნობილი. ის კი იცინის მის მელოდრამატულ ქცევაზე. მე დავეთანხმე ხმის ჩამწერ სტუდიას, რადგან ტომის მუსიკა ძალიან მომწონს. შევხვდით  კიდეც და კარგი  დრო გავატარეთ- ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობდით.

ვის არ ნახავდით კაფე ლეჰმიცში: ადგილობრივებს, ხალხს ნავსადგურიდან და მიმდებარე ქალაქებიდან, ასევე ასაკში შესულ მეძევებს სან პაულიდან. ისეთი მოხუცებიც მოდიოდნენ, რომელთაც მძიმე ცხოვრება გამოევლოთ და სხვაგან არსად ღებულობდნენ. ასობით ფოტო გადავიღე - ეს საოჯახო ალბომივითაა, მაგრამ ეს კადრი განსაკუთრებულია. მე მომწონს სამივე გმირი და ისინი აქ ზუსტად ისეთები არიან, როგორიც სინამდვილეში.






Curriculum vitae



დაბადების ადგილი: სტოკჰოლმი, შვედეთი. 1944 წელი.

განათლება: ქრისტერ სტრომჰოლმის ფოტოგრაფიის სკოლა. სტოკჰოლმი.

გავლენა:ქრისტერ სტრომჰოლმი, ედ ვან ელსკენის „Love on the Left  Bank“ და რობერტ ფრანკი.“

წარმატება/ მარცხი: „ასეთი არ მაქვს. რაღაც მათ შორისაა. თავს კარგად ვგრძნობ, როცა სურათებს ვიღებ, თუმცა ხან აღმასვლაა და ხან პირიქით. ეს გამუდმებით იცვლება.“

მთავარი რჩევა: „ადამიანები ყოველთვის ამბობენ, რომ ძლიერი უნდა იყო.მაგრამ ჩემი აზრით, სუსტი უნდა იყო - იმდენად სუსტი, რომ განიცადო და ჩაერთო. უნდა იყო ისეთი, როგორიც ხარ. ნუ იქნებით ძლიერი, იყავით სუსტი.“

წყარო: http://www.theguardian.com/artanddesign/2014/jan/15/anders-petersens-best-photograph-cafe-lehmitz
 

No comments:

Post a Comment