Sunday, October 21, 2012

Guillaume Herbaut's best shot



     გიიომ ერბოს საუკეთესო კადრი


2004 წელს, სტატია წავიკითხე ალბანელ ბავშვებზე, რომლებიც საგვარეულო შუღლში აღმოჩნდნენ გარეულები. ისინი გარეთაც კი ვერ გადიოდნენ, იმის შიშით, რომ მოკლავდნენ. მე ეს უნდა გადამეღო და წავედი შკოდერში, ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში. აქ შევიტყვე კანუნის - დაუწერელი უძველესი კანონების სისტემის შესახებ,  რომელც კომუნისტურმა რეჟიმმა ჩაახშო. როდესაც რეჟიმი დაემხო, აღარ არსებობდა კანონი და პოლიცია და ხალხი ისევ ძველ ტრადიციებს დაუბრუნდა.
საქმის დაწყება რთული აღმოჩნდა: ვენდეტაში ჩართული ადამიანები ფაქტიურად სახლიდან ვერ  გამოდიოდნენ. ჩვენ შუამავლის საშუალებით ვმუშაობდით, მისი ამოცანა ოჯახებს შორის მშვიდობის დამყარება იყო. მას ემინი ერქვა და  უცნაური ბიჭი იყო - მისთვის სისხლიანი დაპირისპირებები ბიზნესი იყო. ის მედიასთანაც თანამშრომლობდა. უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, თუ მას ფულს არ გადავუხდიდით, ვერ შევხვდებოდით ვერცერთ ოჯახის წევრს.
მან მიგვიყვანა ჩვენ ახალგაზრდა ქალთან, ლინასთან. ის 28 წლის იყო, თუმცა მეტის გეგონებოდათ, მაგრამ  ძალიან ლამაზი იყო. მან მოგვიყვა მის მეუღლეზე, რომელიც მოკლეს, მაგრამ არ უთქვამს, რატომ. ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ საქმე ფულს და ნარკოტიკებს ეხებოდა. კანუნის თანახმად, მსხვერპლის ოჯახის წევრმა შური უნდა იძიოს, ამიტომ მისი მიზანი იყო, მოეკლა მეუღლის მკვლელი. შურისძიების ობიექტი იძულებულია სახლში გამოიკეტოს 2, 4 , 10 წლით ან შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზეც კი. თუ ლინა მოკლავდა მას, შემდეგ ის გახდებოდა შურისძიებისთვის განწირული და სახლში გამოკეტვა უკვე მას მოუწევდა.
ლინას შურისძიების წყურვილის პორტრეტზე გადმოტანა რთული აღმოჩნდა. ვფიქრობდი, რომ მნიშვნელოვანი იყო კადრი კარგად ამეგო და სწრაფად არ გადამეღო. ამიტომ ვკითხე მას, როგორ უნდოდა მისთვის პორტრეტი გადამეღო. მას თოფი ჩანთაში ქონდა და კალაშნიკოვი საძინებელში, მაგრამ  იარაღებით ვერ გადავიღებდი: თუ ხელისუფლება ამ ფოტოს ნახავდა, მას ციხეში ჩასვამდნენ. შემდეგ ვიფიქრეთ: სამზარეულოში ვართ, ავიღეთ დიდი დანა და დავაყენეთ ის, როგორც მადონა, ვარდისფერი კედლის წინ. მან აიღო დანა და შემომხედა. მე ათი კადრი გადავიღე. მაშინვე მივხვდი, რომ ფოტო შედგა.
ეს ძლიერი განცდა იყო. მე მის წინ ვიდექი და მისგან  დიდი ემოცია და გრძნობა მოდიოდა. ჩემმა შუამავალმა მოგვიანებით მითხრა, რომ ლინას შეიძლება მე შევუყვარდი. მაგრამ მე ის მერე აღარ მინახავს. ორი წლის შემდეგ დავბრუნდი და შევეცადე მეპოვნა, მაგრამ ამაოდ. ემინი, ჩემი შუამავალი, მაფიამ მოკლა, ახალ შუამავალს კი იმ ტერიტორიაზე მისვლა არ შეეძლო, სადაც ლინა ცხოვრობდა.



Curriculum vitae

 გიიომ ერბო


 დაბადების ადგილი :  პარიზი, 1970 წელი.

განათლება: „პარიზში კურსები გავიარე, მაგრამ ყველაზე მეტი ქუჩაში ვისწავლე - ის საუკეთესო მასწავლებელია.“

შთაგონება: „რობერტ კაპას ფოტოებმა მომანდომა ფოტოგრაფი გავმხდარიყავი, თუმცა ახლა უფრო მხატვრობით ვარ დაინტერესებული.“

არ მოსწონს: „არ მიყვარს“ლამაზი სურათები“. ეს არ არის საკმარისი.“

სასარგებლო რჩევა: “არ იფიქროთ მხოლოდ „ფოტო“, იფიქრეთ, „ისტორია“


წყარო: http://www.guardian.co.uk/artanddesign/2010/sep/29/photographer-guillaume-herbaut-best-shot#_


No comments:

Post a Comment