Monday, October 29, 2012

გიორგი ჯოხაძის საუკეთესო კადრი

                            

























საღამოს 7 საათი იქნებოდა,  აღმაშენებლის ახლად გარემონტებულ გამზირს მშვიდი ნაბიჯით  მოვუყვებოდი,  ვათვალერებდი და ვტკბებოდი ნახევრად შეღებილი ფასადებით.  ნაცრისფერი ამინდი იყო, მოღუშული და უხასიათო, ღრუბლები აქა-იქ მიმოფანტულიყვნენ. ადამიანებიც, ალბათ, წვიმის მოლოდინში სახლებისკენ მიიჩქაროდნენ.                                                                             
 მეტრო მარჯანიშვილს რომ  მივუახლოვდი, ძლიერი გრუხუნის ხმაც შემომესმა და წვიმამაც კოკისპირულად  დასცხო, შემდეგ რამოდენიმეჯერ გაილევა და ამან უმალ მიიქცია ჩემი ყურადღება, იქვე მეტროს წინ გავმაგრდი, წვიმას დავემალე, ფოტოკამერა ამოვიღე და უკვე საკმაოდ მობინდებულზე ელვის დაჭერა მოვინდომე, მოვმართე აპარატი და დასადებად მყარი ადგილი მოვუძებნე. მოკლედ, წვიმა ძლიერდებოდა და ჭექა-ქუხილიც არ წყდებოდა , მე ისეთ აზრატში შევედი ჩემს უკან რა ხდებოდა არც კი შემინიშნავს, აქტიურად ვგულშემატკივრობდი ამ კოკისპირულ წვიმას იმის მოლოდინში, რომ კადრში ელვაც აღმოჩნდებოდა, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გაბრაზებულმა უკან მოვიხედე და ჩემს უკან იმდენი ადამიანი შეკრებილიყო, მომერიდა კიდეც , მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და საყვარელ საქმეს ისევ ბეჯითად მივუბრუნდი, თუმცა ვერაფრის დიდებით ვერ გამოვიდა კადრი. ამასობაში წვიმამაც იკლო, თითქმის გადაიღო და ისეთი უცნაური განათება წამოვიდა ღრუბლებიდან, ვიფიქრე, აქ მაინც გამიმართლებდა. ავიღე აპარატი და ეს კადრიც სწორედ ასე გაჩნდა. არ ვიცი, ისტორია რამდენად საინტერესოა, მაგრამ ასეთი განათებული ცა იშვიათად თუ მინახავს ამ ადგილას.
         მე მაინც კმაყოფილი დავრჩი, ფოტო კამერა შევინახე და სახლისკენ წავედი, მას შემდეგ თითქმის ყოველდღე მიწევს ამ ადგილის გავლა და სულ ველოდები რომ ისევ ვნახო მსგავსი ღრუბელი, მაგრამ ჯერ არ შემინიშნავს.  მგონი, ფოტოგრაფიის ხიბლიც სწორედ რომ ამაშია - დაიჭირო წამი, რომელიც ხშირად ნამდვილად არ მეორდება.


Curriculum vitae

 დაბადების ადგილი: თბილისი , 1990 წელი, 30 ივნისი

 განათლება: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ეკრანული ხელოვნება). საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.  (სისტემები და მართვა) 
                     
 შთაგონება:  ვერ ვიტყვი, რომ ბევი რამ შთამაგონებს, მაგრამ ერთ-ერთი და გამორჩეული ნეორეალისტური ფილმებია,  ასევე, ქუჩაში შემხვედრი უცხო და საინტერესო სახეები.

წარუმატებლობა:  წარუმატებლობად მიმაჩნია ჩემი 7 წლიანი საფეხბურთო  "კარიერის“ მოულოდნელი და სამწუხარო დასასრული.

წარმატება:   ვფიქრობ, რომ ჯერ სერიოზული წარმატება ცხოვრებაში არც მქონია, თუ პატარ-პატარა  ბედნიერებებს არ ჩავთვლი.

სასარგებლო რჩევა:  რაც ფოტოგრაფიას შეეხება და ისეც, ზოგადად, მხოლოდ ერთი რამის რჩევა შემიძლია:  ბევრი კითხვა, კლასიკოსი მხატვრების ხშირი დათვალიერება, რა თქმა უნდა, ნამუშევრების  და ბევრი ფილმის ნახვა,  ჩემთვის სწორედ  აქედან მოდის ყველაფერი.

ოცნება:  ოცნება... იმედი მაქვს, რომ ეს ოცნება ოცნებადვე არ დარჩება, დიდი სურვილი მაქვს, რომ ოდესმე კანის კინო ფესტივალზე ჩემი ფილმი მოხვდეს, ოქროს პალამის რტოზე ოცნებას სამომავლოდ გადავდებ. 


გიორგი ჯოხაძის ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ აქ

1 comment:

  1. ა კაცი :)
    ჰოლივუდი კი არა - კანი ინატრა <3

    that's my boy

    ReplyDelete