Tuesday, July 17, 2012

გელა ღაჭავას საუკეთესო კადრი

                                           გელა ღაჭავას საუკეთესო კადრი




- 90-იანები დაიწყო. უღიმღამო დღე იწურებოდა. მივიჩქაროდი  გამემჟღავნებინა  ფირი,  რომელზეც  მთელი დღის ნამუშევარი საინტერესო  კადრები  მეგულებოდა  და  რომლის  დამთავრებას  კიდევ  ორი  გაჩხაკუნება  აკლდა.  ლაბორატორიისკენ ჩემი გზა ოპერის თეატრის წინ მიწისქვეშა გადასასვლელით გზატკეცილის მეორე მხარეს გადასვლას მოითხოვდა. ჩქარა ჩავირბინე კიბეები. გვირაბი გავიარე. ამოსასვლელ საფეხურებს ავუყევი, მაგრამ მეორე მემ ჩემში გამაჟრიალა და   შემაჩერა,  ის  ჩემზე იმდენად უფრო დაკვირვებული და პრაგმატული აღმოჩნდა, რომ  წარმოსახვაში სურათი დავინახე. სურათი, რომელსაც რამოდენიმე წამის წინ შეუმჩნევლად ჩავუარე.
დავბრუნდი, მექანიკურად ავირბინე კიბეები და მიწისქვეშა გადასასვლელის მოაჯირზე ავხტი. სწრაფად მოვმართე ფოტოაპარატი. ორი კადრი ნაჩქარევად გავისროლე, ფირი გადავახვიე, აპარატიდან ამოვიღე და ჯიბეში ჩავიდე. რის შემდეგაც ისევ დასახულ მიზანს, ლაბორატორიას, დავუბრუნდი. ფირი გავამჟღავნე. დავათვალიერე. მასზე ღირებული მხოლოდ ეს ფოტო იყო. ფოტოზე გრანიტის ფილაქანზე მათხოვრის პატარა ბავშვი იწვა და ეძინა, ხოლო ადამიანები თითქოს არ ამჩნევდნენ მას ისე მიიჩქაროდნენ საკუთარი საზრუნევებისკენ. ეს ფოტო ჩემსა და ჩემი ქვეყნის იმდროინდელ მდგომარეობას ზედმიწევნით ზუსტად გამოხატავდა. რა თქმა უნდა, ეს სუბიექტური და ცალმხრივი შეფასებაა, მაგრამ მან ჩემთვის მნიშვნელოვანი გზავნილი მოიტანა.
- ფოტოგრაფია მოულოდნელობათა მისტიური თანხვედრის საუკეთესო გამომამჟღავნებელი საშუალებაა.


Curriculum vitae

 გელა ღაჭავა

დაბადების ადგილი:   ქალაქი გალი. 17.06 1966 წელი.

განათლება: საშუალო, ტექნიკური

შთაგონება:  ქალი, სიძველე, იდეა, სრულყოფილება

წარუმატებლობა:  თავის დროზე ვერ მივიღე უმაღლესი სამხატვრო განათლება

წარმატება:  არა მგონია რამისთვის მიმეღწიოს, რაც დამაკმაყოფილებდა. ამიტომ ეს განცდა არასდროს გამჩენია საჭირო დოზით.

სასარგებლო რჩევა:  არ ვიცი რამდენად სასარგებლო იქნება ჩემი რჩევა, მაგრამ მაინც: ფოტოაპარატი ყოველთვის თან უნდა გქონდეს (არა აქვს მნიშვნელობა აპარატის მარკას და ხარისხს), საწოლშიც და საპირფარეშოშიც კი. –ყველგან! –ყოველთვის!

ოცნება:  ფოტოგრაფთა დასახლებაში (ქალაქი, სოფელი, კომუნა, თუნდაც გეტო(!)) ცხოვრება.



გელა ღაჭავას ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ აქ


No comments:

Post a Comment