Thursday, December 8, 2011

Robert Doisneau Biography

                                                             რობერ დუანო












 
„ვცდილობდი მეჩვენებინა სამყარო, რომელშიც თავს ბედნიერად ვგძნობდი, სადაც ადამიანები კეთილგანწყობილები არიან, სადაც შემეძლო მეპოვნა სიკეთე, რომლისკენაც ვისწრაფვოდი. ჩემი ფოტოები იმის დადასტურებაა, რომ ასეთი სამყაროს არსებობა შესაძლებელია.“











 



 

რობერ დუანო დაიბადა 1912 წლის 14 აპრილს ჟანტიაში, პარიზის გარეუბანში. „მე დავიბადე პარიზის განსაკუთრებით უშნო გარეუბანში“, თავისებური სიამაყით ამბობდა ის მოგვიანებით,  „თუმცა, ალბათ, იმაზე უშნოც არ იყო ვიდრე სხვა გარეუბნებია.“ რობერი შვიდი წლის იყო, როცა დედა ტუბერკულიოზით დაეღუპა. მოგვიანებით მამამისმა ხელახლა იქორწინა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ამ მოვლენამ დიდი გავლენა იქონია მთელს მის შემდგომ ცხოვრებაზე და  შემოქმედებაზეც კი. 1925 წელს მან დაამთავრა საშუალო სკოლა და ეტიენის გრაფიკული ხელოვნებისა და ბეჭდვის სკოლაში განაგრძო სწავლა. ის გრავიორ ლითოგრაფის პროფესიას ეუფლებოდა, რაც უკვე უპერსპექტივო საქმე იყო და ის შემდეგ ძალიან ნანობდა იმ წლებს, რომლებიც თავის განათლებას დაუთმო, თუმცა ისტორიკოს, ანიეს დე გუვიონ სენ სირის თანახმად, „სწორედ ამ სკოლამ გააღვივა მასში დაკვირვების უნარი, განუვითარა ფორმისა და პროპორციის შეგრძნება და გამოუვლინა მხატვრული გამოსახულებებისადმი ინტერესი.“

1929 წელს, რობერ დუანომ აიღო გრავიორ ლითოგრაფის დიპლომი და სამუშაოდ ულმანის გრაფიკული ხელოვნების სტუდიაში მოეწყო. ის ეტიკეტებს და დასაკრავ იარლიყებს ამზადებდა ფარმაცევტული კომპანიისთვის და აფორმებდა სარეკლამო პროდუქციას. მოგვიანებით, ფოტო სახელოსნოს გახსნის შემდეგ კი, იქ გადავიდა სამუშაოდ. მალე ახალგაზრდა რობერი ფოტოაპარატით გავიდა ქუჩაში. „მაშინ 18 წლის ვიყავი და აღჭურვილობა, რომელსაც ვფლობდი არ მაძლევდა მოძრავი ობიექტების გადაღების საშუალებას“ - წერდა ის მოგვიანებით. ამიტომ დუანო, მისი დიდი წინამორბედის მსგავსად, იღებდა აგურის შენობებს და გროვებს.(მის პირველ ფოტოს ასეთი სათაური აქვს, “აგურის გროვა“) გალავნებს, აფიშებს, სახლებს. მაგრამ ატჯესგან განსხვავებით, მისი მიზანი არ არის პარიზული რეალიების ახალი თაობებისთვის შემონახვა, მას უფრო ესთეტიური განცდები აქვს. „ალბათ, ჩემმა გრავიორის თვალმა მიმაქცევინა ყურადღება ამ აგურის გროვისთვის, რომელზეც ასე ლამაზად ეცემოდა შუქი.“  წერდა ის თავის პირველ ფოტოზე.

1931 წელს, რობერ დუანომ გაიცნო ცნობილი მოქანდაკე ანდრე ვინიო და მის სტუდიაში მოეწყო ასისტენტად. ეს მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რადგან სწორედ ვინიოს სტუდიაში გაიცნო მან ავანგარდული ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლები. თავად ვინიოც არაორდინარული პიროვნება იყო, რომლისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა. მოქანდაკე, მხატვარი, მუსიკოსი, რეჟისორი და ფოტოგრაფი ვინიო სინათლის გაგების ბუნებრივი ნიჭით იყო დაჯილდოვებული და „იცოდა, როგორ გაენათებინა ობიექტი მწირი საშუალებებით.“ დუანო ამ პერიოდში გაიტაცა ფილოსოფიამ, დაეწაფა კლასიკას და მხატვრულ ლიტერატურას, შეისწავლა ავანგარდული მიმართულებები ხელოვნებაში, განსაკუთრებით, სიურეალიზმი. ბრასაის, მოგვიანებით კი, კერტესის და ატჯეს ფოტოები მისთვის აღმოჩენა ხდება. ის, მისთვის ბავშვობიდანვე კარგად ნაცნობი პარიზის გარეუბნების, ახლებურად ხედვას იწყებს.

1932 წელს, დუანო აკეთებს თავის პირველ რეპორტაჟს - ფოტოების სერიას, მეორადი და იაფფასიანი პროდუქტების ბაზრიდან და ვინიუს დახმარებით მათ გაზეთ «ექსელსიორში»  აქვეყნებს. შემდეგ უჩნდება სურვილი გადაიღოს ადამიანები ქუჩაში, ჯერჯერობით შორიდან და შეუმჩნევლად, თავიდან ის ქუჩაში უცხოებთან მისვლას და მათთან გასაუბრებას ვერ ბედავს. „წლები დამჭირდა, რომ ეს გადამელახა. შემდეგ გავაცნობიერე, რომ მეც ისეთივე ვარ, როგორც ისინი, ვისი გადაღებაც მინდა, მეც ერთერთი მათგანი ვარ და მათ ეს მშვენივრად ესმით.“

მალე დუანოს კარიერა შეფერხდა სამხედრო სამსახურში გაწვევის გამო. როცა დაბრუნდა, ვინიო კინოზე იყო გადართული და თან სერიოზული ფინანსური პრობლემები ქონდა. ახალგაზრდა ფოტოგრაფს სხვა სამსახურის ძებნა მოუხდა. 1934 წელს დუანო ფოტოგრაფად მოეწყო რენოს ქარხანაში, პარიზის დასავლეთ ნაწილში.  მას არ მოსწონდა ეს საქმე. მთელი არსებით გრძნობდა, რომ  მკაცრი დისციპლინა, ერთფეროვანი სამუშაო და ამ საქმის სხვა დეტალები მისთვის მიუღებელი იყო. მეორეს მხრივ სტაბილურმა სამსახურმა, მისი მატერიალური მდგომარეობა გააუმჯობესა - ის ქორწინდება და გადადის მონჟურში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე რჩება.

„დაუმორჩილებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თვისებად მიმაჩნია და მინდა ვთქვა, რომ ამ თვისებას ჩემთვის ძალიან დიდი უსიამოვნებები არასოდეს მოუტანია.“ ამბობდა თავის თავზე დუანო და დიდად არც აჭარბებდა, თუმცა გარკვეული დოზით ეს გამოწვევაც იყო. 1939 წელს, სამუშაო დისციპლინის არა ერთგზის დარღვევის გამო , ის ქარხნიდან დაითხოვეს.  ახალგაზრდა ფოტოგრაფმა შვებით ამოისუნთქა: როგორც იქნა! ის იწყებს თანამშრომლობას სააგენტო „რაფოს“  დამფუძნებელ შარლ რადოსთან, რომელიც ყიდის მის ფოტოებს და პოულობს მისთვის შეკვეთბს. ერთერთი პირველი დაკვეთა გამოქვაბულის ფოტოების გადაღება იყო, მაგრამ როცა დუანო იქ გაემართა, ომი დაიწყო. „ მე წავედი სამუშაოდ საოცარ გამოქვაბულში, როცა გავიგე ომის დაწყების შესახებ. მე უძველეს წარსულში ვიყავი 50.000 წლის წინ და უეცრად ომმა შეწყვიტა ჩემი მოგზაურობა პრეისტორიულ ერაში“ - იხსენებდა ის.
ომის დაწყების გამო, დუანო ისევ ჯარში გაიწვიეს. მაგრამ 1940 წელს უკანვე დააბრუნეს ავადმყოფობის გამო. ის პარიზში წავიდა, სადაც მისის 3 თვიანი შვებულება ოთხ წელს გაიწელა. ფოტოგრაფს თავი შემთხვევითი შემოსავლებით გაჰქონდა: ის იღებდა იუველურ ნაწარმს სარეკლმოდ, ბეჭდავდა და ყიდდა ბარათებს, იღებდა ფოტოებს წიგნისთვის ფრანგულ მეცნიერებაზე. ის იშვიათდ გამოდიოდა ფოტოაპარატით ქუჩაში - თავისუფალი დრო თავზე საყრელი იყო , მაგრამ ფოტომასალა არ კმაროდა. მიუხედავად ამისა, მან გადაიღო ისეთი ფოტოები, რომლებიც ოკუპირებული პარიზის ფოტო-იკონებად ითვლება, მაგალითად, „წაქცეული ცხენი“ (Le Cheval Tombe, 1942).



ამ პერიოდში, მას ლითოგრაფის პროფესიაც გამოადგა. ის ყალბ პასპორტებს და პირადობის მოწმობებს ბეჭდავდა ებრაელებისთვის, კომუნისტებისთვის და საკონცენტრაციო ბანაკებიდან გამოქცეულებისთვის.
პარიზის გათავისუფლების შემდეგ, დუანოს ბევრი საქმე გაუჩნდა. ფოტოგრაფები არ კმაროდა. როგორც თავად იხსენებს, 1944 წელს პარიზის ქუჩებში 15-20 ადამიანს თუ ნახავდით ფოტოაპარატით ხელში, მოთხოვნა მათ საქმიანობაზე, კი დიდი იყო. ისევ ამუშავდა ფრანგული ჟურნალ-გაზეთები. პარიზში ცნობილი ყოველდღიური ამერიკული ჟურნალის, Life-ის გამოცემა დაიწყეს. „ძალიან ბევრი სამუშაო იყო, მე კი მუშაობის დაუშრეტელ წყურვილს განვიცდიდი.“ - ყვებოდა ფოტოგრაფი მრავალი წლის შემდეგ.
ომის შემდგომ, დუანო გარკვეული ხნის მანძილზე სააგენტო, „ადეპში“(ADEP) მუშაობდა ანრი კარტიე-ბრესონთან და რობერტ კაპასთან ერთად. მაგრამ, როცა რაიმონდ გროსემ სააგენტო „რაფო“ აღადგინა, ის იქ გადავიდა. მოგვიანებით, ბრესონმა მას „მაგნუმში“ გაერთიანება შესთავაზა, რაზეც დუანომ უარი თქვა. იქ მუშაობა მოგზაურობებს გულისხმობდა.  მას კი, მშობლიური ქალაქის ქუჩებში მუშაობა ერჩია, ამიტომ გადაწყვიტა „რაფოში“  დარჩენილიყო.  მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ის არსად გადიოდა. მან გადაიღო აშშ, კანადა და სხვა ქვეყნები. მაგრამ ასეთი სამუშაო მას არ აკმაყოფილებდა, თავს ტურისტად გრძნობდა - რაც მისთვის ფოტოგრაფების ყველაზე აუტანელი კატეგორია იყო. მას პარიზი უყვარდა და როგორღაც ქალაქიც იგივეთი პასუხობდა - ჩუქნიდა მას უჩვეულო, სხვებისთვის დაფარულ მომენტებს. „ეს იყო სამყარო, რომელსაც ვიცნობდი, სადაც თვს თვისუფლად ვგრძნობდი. ასეთი ფოტოების გადასაღებად ადამიანებმა უნდა მიგიღონ, ყოველ საღამოს  მათთან ერთად უნდა დალიო, სანამ სიტუაციის ნაწილი არ გახდები იქამდე, რომ შენი არსებობის შემჩნევას შეწყვეტენ.“
მიუხედავად თვისი ნიჭისა და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებისა, ფოტოგრაფს ხშირად ზებუნებრივი ძალრების დახმარების იმედი ქონდა.“ ეს ძალიან ბავშვურია, მაგრამ ეს ამავე დროს რწნმენის საკითხიცაა. ჩვენ ვპოულობთ უკანა პლანისთვის საჭირო ადგილს და ველოდებით სასწაულს.“ რა თქმა უნდა , სასწაული ყოველთვის არ ხდებოდა და ფოტოგრაფს უყვარდა გახსენება, როგრო ატარებდა საათებს წმინდა პავლეს ტაძრის წინ და ფიქრობდა: „ღმერთო, რაღაც უნდა მოხდეს.“ „წარმოვიდგენდი სხვადასხვა სიტუაციებს, რომლის გადაღებაც მინდოდა, ერთი მეორეზე უკეთესებს, მაგრამ არაფერი ხდებოდა და თუ ხდებოდა , ის ისე განსხვავდებოდა ჩემი წარმოდგენილისაგან,  რომ  შანსს ხელიდან ვუშვებდი.“ მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევები იყო. რობერ დუანოს იღბალი უფრო ხშირადაც კი უღიმოდა, ვიდრე ეს ალბათობის თეორიით იყო შესაძლებელი.
დუანოს ფოტოგრაფიის განუყოფელი ნაწილი იყო იუმორი.  მის ადრეულ ნამუშევრებს აკრიტიკებდნენ კიდეც ძალიან აშკარა ანეკდოტურობის გამო, მაგალითად ანტიკვარების მაღაზიის ფოტო-სერია.







1950-იანი წლებიდან მისი იუმორი უფრო შერბილდა. ფოტოგრაფი ამას იმით ხსნიდა, რომ ადამიანები უკვე  წვდებოდნენ მის ფოტოებს და აშკარა იუმორით გადატვირთვა აღარ იყო საჭირო.
თითქოსდა, ძნელია მას „ქუჩის პოეტი“ უწოდო, მაგარმ ეს მისთვის ყველაზე ზუსტი შეფასებაა. ოღონდ მისი ფოტოების პოეზია, ყოველთვის და ყველასათვის აშკარა არ არის. დუანოს ეს თავადაც კარგად ესმოდა და ამბობდა, „ მე სოფლელ იდიოტს ვგავარ, რომელიც ტყეში გარბის და იქედან ქუდში დამალული ჩიტით ბრუნდება. ყველგან დაეხეტება და გაიძახის: ნახეთ, რა ვიპოვე! ეს უცხო ჯიშის ჩიტი, კი თვალში არ მოსდით კეთილშობილ ადამიანებს, რომელთაც ვერ გაუგიათ, რას წარმოადგენს ის. მათ არასოდეს უნახავთ ასეთი ჩიტი, ამიტომ ამბობენ: დიახ, კარგია, მაგრამ ახლა წადი და სხვაგან ითამაშე, ჩვენ თავი დაგვანებე, აქ სერიოზულ საქმეებზე ვსაუბრობთ.“ სამწუხაროდ, ასეთია ფოტოგრაფის როლი საზოგადაებაში.
50-იანი წლებიდან დუანო ცნობილი გახდა და იქედან მოყოლებული მისი პოპულარობა უფრო და უფრო იზრდებოდა. მისი ფოტოები მსოფლიოს უდიდესი გალერეების მუდმივ მფლობელობაშია, მასზე წერენ მკვლევარები და იღებენ ფილმებს.
რობერ დუანო გარდაიცვალა პარიზში, 1994 წლის პირველ აპრილს. “აღარ იქნება არც  მისი სიცილი და აღარც მისი საოცარი იუმორით გაჯერებული ღრმა რეპლიკები... არანაირი განმეორება, მხოლოდ მოულოდნელობა... მაგრამ რობერ დუანოს ყოვლისმომცველი სიკეთე, ადამიანებისადმი და უბრალო ცხოვრებისადმი სიყვარული სამუდამოდ აღიბეჭდა მის შემოქმედებაში.“ - წერდა თავისი ჩანაწერების წიგნაკში ანრი კარტიე-ბრესონი.


                                    
                       „ კოცნა მუნიციპალიტეტის შენობასთან “


 
რობერ დუანოს ცნობილი ფოტო, „კოცნა მუნიციპალიტეტის შენობასთან“ ჟურნალ Life-ის დაკვეთით არის გადაღებული, 1950 წელს. ის ყველა დროის ერთ-ერთი , ყველაზე ცნობილი ფოტოა. ეს ფოტო პარიზის , სიყვარული, ახალგაზრდობის და გაზაფხულის სიმბოლოდ არის მიჩნეული. კადრი ძალიან გავს შემთხვევით გადაღებულს, თითქოს შეყვარებულებს წარმოდგენაც არ აქვთ ფოტოგრაფის იქ ყოფნაზე. ეს ფოტო Life-ში სხვა ექვს „კოცნასთან“ ერთად დაიბეჭდა . ნეგატივები, როგორც წესი "რაფოს" არქივში შეინახეს და ამათი არსებობა არავის გახსენებია 30 წელი. მსოფლიო პოპულარობა ფოტოს 1986 წელს ეწვია, როცა ის პოსტერის სახით დაბეჭდეს. შემდეგი 20 წლის მანძილზე ფოტო 2,5 მილიონ ბარათზე, ნახევარ მილიონ პლაკატზე, კალენდრებზე, საფოსტო მარკებზე, მაისურებზე, ფარდებზე, საწოლის თეთრეულზე და რა თქმა უნდა ურიცხვ ფოტოალბომში დაიბეჭდა. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ ერთი ფოტოთი დუანომ უფრო მეტი გამოიმუშავა, ვიდრე  ყველა თავისი ერთად აღებული ფოტოებით. თუმცა უკმაყოფილებაც ბევრი შეხვდა მის გამო ავტორს.
მას შემდეგ, რაც ფოტო ცნობილი გახდა, ფოტოგრაფმა უამრავი წერილი მიიღო იმ ადამიანებისგან რომელთაც, ვითომდა თავი ამოიცნეს ფოტოზე. ორჯერ საქმე სასამართლომდე მივიდა. პირველად, 1988 წელს, წყვილმა დუანოს 90,000დოლარი მოთხოვა ჰონორარის სახით.  ფოტოგრაფმა მოიგო პროცესი, მაგრამ მოუწია ეღიარებინა, რომ გადაღებისას დაქირავებული მოდელები გამოიყენა, და რომ კადრი დადგმულია. მან განმარტა, რომ წყვილები, რომლებიც პარიზის ქუჩებში დაეხეტებიან და ერთმანეთს კოცნიან, ხშირად არ არიან ქორწინებაში ერთმანეთთან და მომავალში ასეთმა ფოტოებმა მათ შეიძლება პრობლემები შეუქმნას. მეორედ, ფოტოგრაფს ყოფილმა მსახიობმა, ფრანსუაზა ბორნემ უჩივლა. მან სასამართლოზე ნივთმტკიცებად წარმოადგინა ფოტოგრაფის მიერ ხელმოწერილი ფოტო, რომელიც მას დუანომ გადაღებისა შემდეგ აჩუქა. ფოტოგრაფმა ამჯერადაც მოიგო პროცესი, რადგან დაამტკიცა, რომ მან წყვილს უკვე გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.
მოგების მიუხედავად, რობერ დუანოს, როგორც,“პატიოსანი ფოტოგრაფ-დოკუმენტალისტის“ რეპუტაცია ძალიან შეილახა.  ალბათ ამიტომ არ უყვარდა მას ასე ძალიან ეს ფოტო. „ ეს ზედაპირული სურათია. ასეთები იაფფასიანი მეძავებივით ადვილად იყიდება“ - ამბობდა ის თავის ყველაზე ცნობილ ნამუშევარზე.
ფოტოს ისტორიას წერტილი დუანოს გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ დაესვა. 2005 წელს, ფრანსუაზა ბორნეს ფული დასჭირდა და გადაწყვიტა თავისი ფოტო  აუქციონზე გაეტანა და 10-15 ათას ევროდ გაეყიდა. ორგანიზატორები თვლიდნენ, რომ თუ გაუმართლებდა შეიძლება ოცი ათასიც კი აეღო. როგორი იქნებოდა ყველას გაოცება, როცა  ფოტოში „კოცნა მუნიციპალიტეტის შენობასთან“  ანონიმურმა შვეიცარიელმა კოლექციონერმა 155 000 ევრო გადაიხადა. ასე რომ, თუ ეს ფოტო „მეძავი“ იყო, ვერ ვიტყვით, რომ ძალიან იაფფასიანი.

წყარო: http://buy-books.ru/photographers/robert_doisneau/




"კოცნები" რობერ დუანოს შემოქმედებიდან:



  





 






           რობერ დუანოს  ფოტოები ალბომიდან "პარიზი" (PARIS):




 









 









 

 













No comments:

Post a Comment