Saturday, December 10, 2011

EUGENE ATGET: “Biography and Early Career of Eugene Atget” (2006)

               ეჟენ  ატჯე (ბიოგრაფია და ადრეული კარიერა. 2006წელი)
                                                                                                                                                                                                

Eugene Atget-1857-1927



   


"A good photograph is like a good hound dog, dumb, but eloquent. " - Eugene Atget


"კარგი ფოტო მონადირე ძაღლივითაა, მდუმარეა და თან მეტყველი!" ატჯე 









 








ტჯეს შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. ის არც დღიურებს აწარმოებდა  და არც სხვა სახის პირად ჩანაწერებს. ინფორმაციებმა , რომლებიც სხვა და სხვა პერიოდში ქვეყნდებოდა, პირდაპირი წყარო-მასალების  ნაკლებობის გამო,  მითიური ელფერი შეიძინა.  ეს ბიოგრაფიული მასალა შედგენილია  მის სამ მთავარ ბიოგრაფიულ წყაროზე დაყრდნობით და მისი ცხოვრების მეგობრის , ანდრე კალმეტის მონათხრობის საფუძველზე.
მკვლევარები თანხმდებიან იმაზე, რომ ატჯე დაიბადა ლიბურნში, ბორდოსთან ახლოს, 1857 წელს. მშობლები ძალიან პატარას დაეღუპა და მისი აღზრდა დედის მხრიდან ბებიამ და ბაბუამ აიღეს საკუთარ თავზე, რომლებიც ბორდოში ცხოვრობდნენ.
ასევე ცოტაა ცნობილი  ატჯეს ფორმალური განათლების შესახებ. თუმცა დარწმუნებით ვიცით რომ, ახალგაზრდა ატჯე მეზღვაურად მუშაობდა გემზე, მაგრამ რამდენიმე მოგზაურობის შემდეგ მან გადაწყვიტა მსახიობის კარიერას გაყოლოდა და 1878 წელს პარიზში გადავიდა, რომ ქვეყნის ყველაზე მთავარ სამსახიობო სკოლაში,  Conservatoire Nationale de Musique et de Declamation, ჩაებარებინა, რომელიც ერთადერთი ამ ტიპის სასწავლებელი  იყო საფრანგეთში. იქ მოსახვედრად მკაცრი კონკურსის გავლა იყო საჭირო და მსურველები რამდენიმე წლით ადრე იწყებდნენ მომზადებას კერძო რეპეტიტორებთან. ამ მხრივ ცოტა ბუნდოვანია ატჯეს სამსახიობიო კარიერის დასაწყისი, რადგან არანაირი ინფორმაცია არ არსებობს რომ მას სადმე ასეთი წინასწარი მზადება გაევლოს. მარია მორისი იხსენებს, რომ ატჯეს არც გარეგნობა ქონდა „დრამატული სტილისთვის“ შესაფერი.
„ის არ იყო დაჯილდოვებული მთავარი როლის შემსრულებლისთვის საჭირო კეთილშობილური ნაკვთებით და აღნაგობით. (დაახლოებით 5ფუტი და 5 ინჩი).  ის საკმაოდ მხარბეჭიანი იყო, მუქი ფერის თმა და პატარა ნაცრისფერი თვალები ქონდა. გამოკვეთილი ცხვირით, გაყოფილი ნიკაპით, გრძელი ზედა ტუჩით და სწორი მკაცრი პირით, მისი სახე არ იყო საკმარისად ლამაზი გლამურული როლებისთვის. ნაკვთები ძალიან დიდი და მკვეთრი იყო და მათგან ძლიერი ნებისყოფა გამოსჭვიოდა.“
1978 წელს ატჯე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ამ პერიოდში ის მუშაობდა და თან სწავლობდა. ატჯეს გადაწყვეტილება, ესწავლა იქ,  გვარწმუნებს, რომ მას მტკიცედ ქონდა გადაწყვეტილი მსახიობი გამხდარიყო. ამას მისი პირველი გამოცდის შედეგიც ადასტურებს. მისი ინსტრუქტორი ასე ახასიათებს ატჯეს მონაცემებს: „ჭკვიანი და ძალიან სერიოზული იყო. უცნაური მანერით თამაშობდა კომედიებს.“
ატჯე ცდილობდა დრო როგორმე გაენაწილებინა სამხედრო სამსახურსა და მსახიობობას შორის, მაგრამ მარია მორისის თქმით, მას სამხედრო სამსახურმა ხელი მაინც შეუშალა და სწავლას ჩამორჩა. 1881 წელს, ის გარიცხეს სასწავლებლიდან. ერთი წლის შემდეგ მან დაასრულა ჯარში მსახური და დაიწყო მოხეტიალე დასებთან ერთად მოგზაურობა პროვინციებში. მისი ცხოვრების ეს პერიოდი კარგად არ არის დოკუმენტირებული. ანდრე კალმეტი, რომელიც ატჯეს , სწორედ ამ პერიოდში შეხვდა, იხსენებს: „მე ატჯეს პარიზში შევხვდი. ის უკვე აღარ იყო მეზღვაური და მსახიობობას მისდევდა. ის დრამატულ როლებს თამაშობდა პარიზის გარეუბნების თეატრებში. მას თავისი უხეში ნაკვთების გამო, უფრო მეტად, გულმართალ ტიპაჟებს ასახიერებინებდნენ, რომლებსაც თეატრში, „მესამე როლებს“ ეძახიან.  ასე გრძელდებოდა მისი კარიერა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამ დროს შეხვდა ის ქალს, რომელიც მთელი მისი ცხოვრების ‘amie,’(მეგობარი) გახდა და სიკვდილამდე მასთან ერთად ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ატჯემ მხოლოდ ერთი წელი იცოცხლა. თეტრი სულ უფრო და უფრო მცირე როლებს თავაზობდა და ის პარიზში გადავიდა, სადაც მისი მცირე დანაზოგი მალევე დაიხარჯა და ის იძულებული გახდა სხვა საქმე ეძებნა.“
მეცნიერების ნაწილი გამოთქვამს აზრს, რომ მისი ნამუშევრებიდან მომდინარე რომანტიზმი, მის ადრეულ კარიერაში, მსახიობობაში, იღებს სათავეს.  კოლინ ვესტერბეკი და ჯოელ მაიეროვიჩი ირწმუნებიან, რომ ატჯეს რომანტიკული მიდრეკილებები განუვითარდა, 40 წლამდე რომანტიკულ კომედიებში თამაშის გამო. მათთვის ატჯეს რომანტიზმისაკენ მიდრეკილება არის მისი ფოტოგრაფიის მთავარი ელემენტი. ენდრიუ სეგედ მოზაკს ასევე მიაჩნია, რომ არსებობს კავშირი ატჯეს სამსახიობო კარიერასა და მის  ფოტოგრაფიას შორის,რასაც ის იმით ასაბუთებს, რომ ატჯეს ქუჩის სცენები და ინტერიერები ძალიან გავს თეატრის დეკორაციებს, „რომლებიც მსახიობების გამოსვლას ელოდებიან.“



მიუხედავად იმისა, რომ ატჯეს ფოტოებსა და თეატრალურ სცენებს მართლაც აქვთ ბევრი საერთო,  მაინც ძნელია ვამტკიცოთ, რომ ატჯეს რომანტიზმი მისი სამსახიობო კარიერიდან მომდინარეობს. იმ პერიოდში, როცა ატჯე მსახიობი იყო, ფრანგული თეატრი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული რომანტიზმით. ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებულები, რომ ვესტერბეკი და მაიეროვიჩი მართლები არიან, როცა ამბობენ, რომ ატჯე თამაშობდა რომანტიკულ კომედიებში, რადგან ფრანგული თეატრი მაშინ გარდამავალ პერიოდს განიცდიდა და რომანტიზმიდან რეალიზმში გადადიოდა. უფრო სარწმუნოა, ის, რომ ატჯე თავად იყო მიდრეკილი რომანტიკული განწყობისაკენ და მისი ადრეული გადაწყვეტილებაც, გამხდარიყო მსახიობი, ამის დასტურია. მან შეინარჩუნა თავისი თეატრალური გემოვნება სამსახიობო კარიერის შეწყვეტის შემდეგაც.  ის თავის თავს „დრამატულ მხატვარს“ ეძახდა 1912 წლამდე, სანამ „ძველი პარიზის ფოტოგრაფიული  ანთოლიგიის ავტორ-გამომცემელი არ გახდა. 1904-13 წლებში ის ლექციებს კითხულობდა უნივერსიტეტში თეატრალურ ხელოვნებაზე.
დაახლოებით 1888 წელს, მან უეცრად დაანება თავი მსახიობობას და ფოტოგრაფობას მიჰყო ხელი. უცნობია, როგორ, სადა ან როდის შეისწავლა ატჯემ ფოტოგრაფია. ჯეიმს ბორკომანი მიიჩნევს, რომ ორმა კონკრეტულმა ფაქტმა, რომლებსაც ადგილი ქონდა მისი პარიზში ცხოვრების დასაწყისში, მოახდინა მასზე დიდი გავლენა. ერთი იყო გამოფენა Universelle 1878 წელს, მეორე კი, უფასო საჯარო ლექციები ფოტოგრაფიაზე, თუმცა ის, რომ ატჯე ამ ლექციებს ესწრებოდა, ოფიციალურად არსად არის დოკუმენტირებული, ამიტომ ამის მტკიცება დარწმუნებით არ შეგვიძლია.
ანდრე კალმეტის თანახმად, ატჯემ რამდენჯერმე სცადა მხატვარი გამხდარიყო, სანამ ფოტოგრაფიას მოკიდებდა ხელს. „ჩვენ ორივე ძალიან დაინტერესებული ვიყავით მხატვრობით და ბევრ მხატვარს ვიცნობდით.“ - იხსენებს კალმეტი. ამ მოგონების საპირისპიროდ, მარია მორისს ციტირება მოყავს ატჯეს საყვარელი ქალის , ვალენტინ კომპენიონის ინტერვიუდან, სადაც ის ამბობს, რომ ატჯე ფოტოგრაფიით და მხატვრობით ერთდროულად დაინტერესდა. ატჯეს ერთადერთი ნახატი, რომელიც დღემდე შემორჩენილია არის „ხეები“


ჩვენ არ გვაქვს საშუალება, გავიგოთ უნდოდა თუ არა ატჯეს პროფესიონალი მხატვარი გამხდარიყო, სანამ ფოტოგრაფობას დაიწყებდა, მაგრამ მნიშვნელოვანია შევნიშნოთ, რომ მან თავისი ფოტოგრაფიული კარიერა მხატვრობით დაინტერესების კონტექსტში დაიწყო.
დაახლოებით,1890-91 წლებში, ატჯემ გახსნა სტუდია, ‘Documents pour artists,’ 31 Rue Campagne Premiere-ზე და გახდა გახდა კომერციული ფოტოგრაფი მხატვრებისთვის. მარია მორისის თანახმად, ატჯე ფოტოების უმრავლესობას საკუთარი ინიციატივით იღებდა. მისი საძინებლის დათვალიერების შემდეგ, ბერენის ებოტმა აღწერა მისი ფოტოგრაფიული აღჭურვილობა:
„მისი აღჭურვილობა მოიცავდა18X24 სმ. სამზერ კამერას და არანაირ კორექტორებს. ის იყენებდა მინის ფირფიტებს, რომლებსაც ძმები ლუმიერები ამზადებდნენ. იქ იყო კოლოფი წარწერით, ‘extra rapides,’ სინამდვილეში კი ემულსია ძალიან ნელი იქნებოდა... რაც შეეხება აქსესუარებს, ის ნამდვილად არ იყენებდა არანაირს და არც ექსპოზიციის საზომს. ძირითადად ის სარგებლობდა მარტივი კოეფიციენტების  ცხრილით მათემატიკური კალკულაციებით. მაგრამ უფრო სარწმუნოა, რომ ის ექსპოზიციას თავისი დიდი გამოცდილების საფუძველზე აყენებდა, რომელიც განათების პირობების, საგნის, ფირფიტების და ემულსიის ტიპების კარგ ცოდნას ემყარებოდა. მის ნეგატივებს მოოქროსფრო ტონი აქვს. ის ფილტრებს არასოდეს იყენებდა, რადგან ემულსია არ იყო ფერებზე მგრძნობიარე. ატჯემ პრაქტიკულად შეძლო დიაფრაგმის მაქსიმალურ მაჩვენებლამდე დახურვა და ხანგრძლივი ექსპოზიციით გადაღება.  ალბათ ეს იყო F 64.  მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანებს იღებდა სერიისთვის, ‘Petits Metiers’ და ‘Scenes de la Rue’ ის დიაფრაგმას ხსნიდა და ფოკუსირებას მხოლოდ ინტერესის საგანზე აკეთებდა, უკანა პლანს კი ფოკუსის გარეშე ტოვებდა. ატჯეს არასოდეს მიუტოვებია თავისი პირველი აღჭურვილობა და ყოველთვის თან დაატარებდა პარიზსა და მის გარეუბნებში. ნეგატივების გამჟღავნებისა  და ფოტოების ბეჭდვის ტექნიკაც მთელი ცხოვრება არ შეუცვლია.


იმ მხატვრებთაგან, რომლებიც ატჯეს ფოტოებს თავიანთი მხატვრობისთვის უკვეთავდნენ, მხოლოდ ოთხია ცნობილი. დამატებითი ინფორმაციის არ არსებობის გამო, ძნელია შევაფასოთ ატჯეს დამოკიდებულება თავის კლიენტებთან და მისი ფოტოების გავლენა მათ მხატვრობაზე.
1897 წელს, ატჯე ჩაერთო ინიციატივაში, რომელიც მიზნად ისახავდა ძველი პარიზის გამოსახულებების შენარჩუნებას. მან ასი ძველი პარიზის ფოტო მიყიდა ინსტიტუტს. ის ამ სფეროში სპეციალისტად მუშაობდა.
ატჯეს საქმიანობა ფაქტიურად შეჩერდა პირველი მსოფლიო ომის დროს,  მაგრამ მან მოახერხა გადაღებების გაგრძელება ომის შემდეგ. 1926 წელს, მისი საყვარელი ქალის გარდაცვალების შემდეგ, ატჯემ მუშაობას თითქმის დაანება თავი. 1927 წელს, 70 წლის ასაკში, თავისი სპარტანული დიეტით (რომელიც მხოლოდ პურს, რძეს და შაქარს შეიცავდა) დასუსტებული  ატჯე გარდაიცვალა.


წყარო: http://www.americansuburbx.com/2011/11/eugene-atget-biography-and-early-career-of-eugene-atget.html















































No comments:

Post a Comment