Wednesday, December 28, 2011

Alfred Stieglitz. Biography

  ალფრედ სტიგლიცი. ბიოგრაფია

  
„მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ერთ ძალინ გავრცელებულ გაუგებრობას - ტერმინი „პროფესიონალური გამოიყენება წარმატებული ფოტოების მიმართ, ხოლო ტერმინი  „სამოყვარულო“  წარუმატებლებისადმი, მაგრამ ყველა დიდი ფოტო იქმნება და ყოველთვის იქმნებოდა მათ მიერ, ვინც ფოტოგრაფიას სიყვარულის სახელით მისდევდა  და არავითარ შემთხვევაში გამომუშავებისათვის. ტერმინი „მოყვარული“ სწორედ, რომ გულისხმობს ადამიანს, ვინც სიყვარულიოს სახელით მოქმედებს. ასე რომ, ამ საყოველთაოდ მიღებული კლასიფიკაციის მცდარობა აშკარაა.“
   








ალფრედ სტიგლიცი 1864 წლის 1 იანვარს დაიბადა ნიუ ჯერსის შტატ ქალაქ ჰობოკენში, გერმანიიდან ემიგრირებულ მდიდარ ებრაულ ოჯახში. 11 წლის ასაკში ის ხშირად დადიოდა ადგილობრივ ფოტო სალონში და აკვირდებოდა იქ მიმდინარე ფოტოგრაფიულ „სასწაულებს“. ერთხელაც შეესწრო ფოტოგრაფი როგორ უკეთებდა რეტუშირებას ნეგატივს.
  „ვცდილობ, რომ გამოსახულება უფრო ბუნებრივად გამოიყურებოდეს“ - აუხსნა მან ბიჭუნას.
„მე თქვენს ადგილზე ასე არ მოვიქცეოდი“ - უპასუხა ალფრედმა
            ამ აბავს სტიგლიცის ბიოგრაფები ჩვეულებრივ ასე იწყებენ, „ამბობენ, რომ ერთხელ...“ ამით ხაზს უსვამენ მის ლეგენდარულობას, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ზრდასრულ ასაკში, სტიგლიცი თავის ნეგატივებს რეტუშირებას არასოდეს უკეთებდა.
            მშობლებს ალფრედისთვის კარგი ევროპული განათლების მიცემა უნდოდათ და 1881 წელს დაბრუნდნენ გერმანიაში. ბერლინში მან უმაღლეს ტექნილურ სკოლაში ჩააბარა მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. მალე ახალგაზრდა სტიგლიცში ხელოვნებისადმი მიდრეკილებამ  გაიღვიძა და ის დაინტერსედა ლიტერატურით, ფერწერით, გაეცნო ავანგარდისტულ მხატვრებს და მწერლებს. 1883 წელს,  გერმანიის ქუჩებში მოხეტიალე სტიგლიცმა, მაღაზიის ვიტრინაში ფოტოაპარატი შენიშნა: „მე ის ვიყიდე, წამოვიღე ჩემს ოთახში და მის მერე სულ თან მქონდა. მე მან მომხიბლა. თავიდან ის ჩემი გატაცება იყო, შემდეგ კი, სიყვარულად იქცა.“ - იხსენებდა ის მოგვიანებით. სტიგლიცი რაღაც პერიოდი პროფესორ-ფოტოქიმიკოს, ჰერმან უილმანთან სწავლობდა, მაგრა მისი მთავარი მასწავლებელი მაინც სამყარო იყო.
            ახალგაზრდა ალფრედი  თავის აპარატთან ერთად მოგზაურობდა ევროპაში და იღებდა ქალაქურ და ბუნების ლანდშაფტებს, გლეხებს, მეთევზეებს და ა.შ. ეს იყო ექსპერიმენტების ხანა, მას აპარატის ტექნიკური შესაძლებლობების ზღვარი აინტერესებდა. ამ პერიოდში გადაიღო სრულ სიბნელეში მდგომი მანქანა, რომელსაც ოდნავ ანათებდა ერთი მქრქალი ნათურა. ექსპოზიციის დრო 24 საათს შეადგენდა!  1887 წელს, ლონდონში, მან პრიზი აიღო, როგორც მოყვარულმა ფოტოგრაფმა - ვერცხლის მედალი მას პიტერ  ჰენრი ემერსონმა გადასცა, რომელიც ცნობილი იყო თავისი წიგნისათვის, „ნატურალური ფოტოგრაფია ხელოვნების შემსწავლელთათვის.“
            1890 წელს , სტიგლიცი ნიუ იორკში დაბრუნდა  და ფოტოგრავიურების დამამზადებელი ფირმის, Photochrome Engraving Company-ის პარტნიორი გახდა, მაგრამ მისი მთავარი სიყვარული ფოტოგრაფია იყო და მან XX საუკუნის დაწყებამდე 150 (!) მედალი და პრემია მიიღო სხვადასხვა კონკურსებსა და გამოფენებზე სამშობლოში დამის საზღვრებს გარეთაც. ასეთი წარმატების საწინდარი მის უდიდეს ნიჭთანერთად, უდიდესი შრომისმოყვარეობაც იყო. “აირჩიეთ ადგილი დაშემდეგ მონდომებით შეიწავლოთ შტრიხები და განათება. შემდეგ თვალყური ადევნეთ გამვლელ ფიგურებს და დაელოდეთ მომენტს, როცა ყველაფერი დაბალანსდება და როცა თქვენი თვალი კმაყოფილი იქნება. ხშირად ეს საათობით ლოდინს გულისხმობს. ჩემი სურათი, „მეხუთე ავენიუ ზამთარში“  იმის შედეგია, რომ 1893 წლის 22 თებერვალს, სამი საათი ვიდექი ქარბუქში და  ველოდი შესაფერის მომენტს.“ ამ ფოტოზე ის უფრო დაწვრილებითაც საუბრობს: „ქუჩის ეს მონაკვეთი ძალიან საინტერესოდ გამოიყურებოდა, მაგრამ არ იყო სიუჟეტი, არ იყო დრამა. სამი საათის შემდეგ გამოჩნდა ეტლი, რომელიც ქარბუქიდან თითქოს პირდაპირ ჩემსკენ მოქროდა. მეეტლე მათრახს სცემდა ცხენებს. ეს სწორედ ის იყო, რასაც ველოდი.“ ის ხშირად უბრუნდებოდა ერთდაიმავე ადგილებს და კვირეებისა და თვეების მანძილზეც კი  ელოდა, თვითონაც არ იცოდა რას.


 
„რატომ იღებ გამუდმებით ამშენობას?“ - კითხა ერთხელ მამამისმა
             „მომენტს ველოდები, როცა ის ჩემსკენ დაიძვრება. ეს შენობა კი არა, ამერიკის სახეა და მე მინდა ის დავიჭირო.“- უპასუხა ფოტოგრაფმა.
            მეორეს მხრივ, ის არ ცდილობდა ეკზოტიკური ნატურების ძებნას. „სიუჟეტებს ჩემი კარიდან 60 იარდის რადიუსშიც ვპოულობ.“- ამბობდა ის.
            ფოტოგრაფი კარიერის დასაწყისშივე შეეჯახა მხატვართა ელიტარული წრის მიერ ფოტოგრაფიისადმი უდიერ დამოკიდებულებას. „მხატვრები, რომელთაც მე ჩემს ადრეულ სურათებს ვაჩვენებდი, ამბობდნენ, რომ შურთ ჩემი, რადგან ჩემი ფოტოები უკეთესია, ვიდრე მათი ნახატები, მაგრამ სამწუხაროდ ფოტოგრაფია ხელოვნება არ არისო. ჩემთვის ეს გაუგებარი იყო. ერთდროულად როგორ შეიძლება აღფრთოვანდე ნამუშევრით და იმავ დროულად უარყო ის, რადგან ხელით არ არის შექმნილი. როგორ უნდა დააყენო საკუთარი ნამუშევრები უფრო მაღლა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ხელით არის შექმნილი.“ აღშფოთებით ამბობდა სტიგლიცი. ის ვერ ეგუებოდა და იბრძოდა ამ შეხედულების წინააღმდეგ. „მე დავიწყე ბრძოლა, რომ ფოტოგრაფია ეღიარებინათ თვითგამოხატვის ახალ საშუალებად, რომ ის თავისი უფლებებით გათანაბრებოდა მხატვრული შემოქმედების სხვა ფორმებს.“
            1893 წელს სტიგლიცი გახდა ჟურნალ „American Amateur Photographer“-ს რედაქტორი, მაგრამ მას მალე პრობლემები შეექმნა კოლეგებთან: მისი მბრძანებლური სტილი ძალიან ავტორიტარული აღმოჩნდა. 1896 წელს მას აიძულეს პოსტი დაეტოვებინა და ის გადავიდა ნაკლებად ცნობილ გამომცემლობაში, „The Camera Club of New York“, რომელიც მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების ეგიდით გამოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ არც ფოტოგრაფები და არც ტექსტის ავტორები თავის სამუშაოში ფულს არ ღებულობდნენ, ჟურნალს მაინც წაგება მოჰქონდა  და სტიგლიცს ხშირად საკუთარი ჯიბიდან უწევდა თანხის ამოღება. მაგრამ, სანაცვლოდ, მას ქონდა შესანიშნავი ტრიბუნა საკუთარი იდეების პოპულარიზაციისათვის და თავისი და მეგობრების ფოტოების ხელშეწყობისათვის.
            1902 წლის დასაწყისში, „National Arts Club“-ის დირექტორმა, დე კეიმ, სტიგლიცს სთხოვა თანამედროვე ამერიკული ფოტოგრაფიის გამოფენის ორგანიზება. კლუბის წევრებს შორის ცხარე კამათი გაიმართა, იმის თაობაზე, თუ რომელი ფოტოები გამოეფინათ. უმრავლესობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად სტიგლიცმა ეშმაკობას მიმართა: მან თავისი მომხრეები გააერთიანა საინიციატივო ჯგუფში, რომელსაც დაევალა ფოტოების არჩევა. ჯგუფი, რომელიც ფოტოხელოვნების ისტორიაში  „Photo-Secession“ -ის სახელით შევიდა,1902 წლის 17 თებერვალს დაარსდა, გამოფენამდე ორი კვირით ადრე.
            საზეიმო გახსნაზე ჰერტრუდა კეიზერბირმა იკითხა:
 „რა არის „Photo-Secession? “  შეიძლება მე მის წევრად ჩავთვალო თავი?“
„თქვენ თავს კლუბის წევრად გრძნობთ?“  -კითხვითვე უპასუხა სტიგლიცმა.
„დიახ“
„მაშინ ეს საკმარისზე მეტია“ უპასუხა ფოტოგრაფმა.
            თუმცაღა, როცა ჩარლზ ბერგმა, რომლის ფოტოებიც მონაწილეობდა გამოფენაში, მას იგივე შეკითხვა დაუსვა, სტიგლიცმა ავტორიტარული და უხეში მანერით უთხრა უარი. მალე ყველასთვის აშკარა გახდა, რომ სტიგლიცი ერთპიროვნულად ღებულობდა გადაწყვეტილებებს, რომლებიც შემდგომ განხილვას აღარ ექვემდებარებოდა.
1905 წელს,  სტიგლიცმა  დააარსა „პატარა გალერეა Photo-Secession“ (Little Galleries of the Photo-Secession), რომელიც ცნობილი გახდა სახელით, „გალერეა 291“, რაც მის მისამართთან იყო დაკავშირებული: ის მეხუთე ავენიუზე, 291 ნომერში იყო განთავსებული. ფოტოგრაფებთან ერთად, გალერეაში ისეთი თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებიც იფინებოდა, როგორებიც იყვნენ: მატისი, რენუარი, სეზანი,მანე, პიკასო, როდენი, ო’კიფი... თუმცა ეს გამოფენები ყოველთვის როდი სარგებლობდა კრიტიკოსების მხარდაჭერითა და ფართო საზოგადოების მოწონებით. მაგალითად, 1908 წელს, მატისის გამოფენას კრიტიკოსების თავდასხმა და კლუბის წევრების პროტესტი მოყვა. განრისხებულმა სტიგლიცმა კლუბი დატოვა და ვერავითარი მოლაპარაკებები ვერ აიძულებდა მას უკან დაბრუნებულიყო.
            1911 წელს სრული კრახით დასრულდა პიკასოს ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა: „მე ერთი ნახატი გავყიდე, რომელიც მან 12 წლის ასაკში დახატა. მეორე თავად შევიძინე. მრცხვენოდა ამერიკის გამო, როცა პიკასოს ნამუშევრებს ვუბრუნებდი. თითოეულს 20-30 დოლარად ვყიდდი, მთელი კოლექციის შეძენა 2000 დოლარად შეიძლებოდა. მე ის მეტროპოლიტენის დირექტორს შევთავაზე. მან საინტერესო ვერაფერი დაინახა პიკასოს ნახატებში და მითხრა, რომ ასეთ სიგიჟეს ამერიკა არასოდეს მიიღებდა.“ -წყენას ვერ მალავდა სტიგლიცი.
            სამაგიეროდ გალერეა დიდი პოპულარობით სარგებლობდა შემოქმედებით ახალგაზრდებში. 1908 წელს იქ როდენის გამოფენა გაიმართა. „მასაწავლებლები ყოველთვის გვეუბნებოდნენ: “ ნებისმიერ შემთხვევაში წადით გამოფენაზე, შეიძლება იქ რამე საინტერესო იყოს, შეიძლება არა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ.“ - იხსენებდა ჯორჯია ო’კიფი, რომელიც მაშინ კოლუმბიის კოლეჯის სტუდენტი იყო. „გამოფენის კურატორი იყო კავი, რომელსაც თმები წარბები დაულვაშები სხვადასხვა მხარეს ეზრდებოდა და ყალყზე ედგა.  მას ბრაზიანი გამომეტყველება ქონდა და გვერდს შორიდან ვუვლიდი. ნახატებმა კი, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავიანთი გულახდილობით და იმით, რომ ისინი საერთოდ არ იყო ისე შექმნილი, როგორც ამას ჩვენ გვასწავლიოდნენ.“
            ამ ამბიდან რამდენიმე წლის შემდეგ, სტიგლიცმა თავად ჯორჯია ო’კიფის ნახატები გამოფინა, თანაც ისე რომ, მათი ავტორისგან ნებართვის აღება დაავიწყდა. მხატვარმა, როგორც კი გაიგო ეს , მაშინვე გალერეაში გაქანდა.
„ვინ მოგცათ უფლება ჩემი ნახატები გამოგეფინათ?“- იკითხა აღშფოთებით.
„არავინ“- უპასუხა სტიგლიცმა და თავისი პენსნე გაიკეთა.
„მე ჯორჯია ო’კიფი ვარ დამოვითხოვ, რომ ისინი დაუყონებლივ ჩამოხსნათ!“ იყვირა მან.
„თქვენ ვერ იზამთ ამას, ისევე როგორც ვერ მოკლავდით საკუთარ შვილს!“ - მშვიდად უპასუხა სტიგლიცმა
„მე მოვითხოვ“... ჯიუტად იმეორებდა ის და უცებ სიცილი აუტყდა.
„ მაშინ მე თქვენთან ლანჩს მოვითხოვ“- სიცილითვე უპასუხა სტიგლიცმა.



ეს შეხვედრა თანამშრომლობის, მეგობრობის და სიყვარულის დასაბამი გახდა. მალე სტიგლიცის მეუღლემ, ემალინამ, თავისი მეუღლე ფოტოაპარატით ხელში შიშველ ჯორჯიასთა ერთად ნახა და ორივე სახლიდან გააგდო. ცოლ-ქმარი მალე ერთმანეთს გაეყარა. სტიგლიცს ცოლი არ უყვარდა, მაგრამ მისი დაკარგვით ქონებაც დაკარგა, რომლითაც თავის მრავალრიცხოვან პროექტებს აფინანსებდა.  1917  წელს, ის იძულებული გახდა დაეხურა თავისი „გალერეა 291“. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავდა რომ ის სრულიად გაღატაკდა, მაგრამ მხატვრების ხელშესაწყობად თანხები ნამდვილად აღარ ქონდა. “და ძალიანაც კარგი. როცა მხატვრები მშივრები არიან, ისინი უკეთესად ხატავენ“ - ფილოსოფიურად ამბობდა ო’კიფი.
            1924 წელს, სტიგლიცმა და ო’კიფმა ოფიციალურად იქორწინეს. მათ შორის 24 წელი იყო ასაკობრივი სხვაობა, რამაც მალევე იმოქმედა მათ ურთიერთობებზე. ო’კიფს სტიგლიცის მოსწავლეები და მეგობრები უყვარდებოდა: ჯერ იყო და სამი წლით თავისზე უმცროსი, ნიჭიერი ფოტოგრაფი, პოლ სტრენდი შეუყვარდა, შემდეგ კი, ცნობილი ამერიკელი პეიზაჟისტი, ანსელ ადამსი. ის ხან ტოვებდა ქმარს, ხან უკან მოდიოდა, ცხოვრობდა, როგორც უნდოდა, მაგრამ ბოლოს მაინც სტიგლიცს უბრუნდებოდა. ერთ-ერთი მისი ყველაზე სკანდალური თავგადასავალი იყო რომანი....  პოლ სტრენდის ცოლთან, რომელიც რამდენიმე წლით ადრე სტიგლიცის საყვარელი იყო.
სტიგლიცს კიდევ ერთი საინტერესო რომანი ქონდა: 1927 წელს, მის ცხოვრებაში გამოჩნდა 22 წლის დოროთი ნორმანი, რომელიც მისი მოწაფე, მოდელი და საყვარელი გახდა და რომელმაც შემდგომ წიგნიც დაწერა თავის მასწავლებელზე. უკვე ხანშიშესულ ფოტოგრაფს ისევ დაუბრუნდა ცხოვრებისა და ხელოვნებისადმი ინტერესი. ის გამუდმებით იღებდა თავისი მოწაფის მშვენიერ სხეულს და საყვარელ ქალაქს. ბევრი მკვლევარის აზრით, სტიგლიცის ბოლო პერიოდის ნიუ იორკი გაცილებით უფრო მეტყველი და  შთამბეჭდავია, ვიდრე ადრეული.
ჯორჯია ძალიან განიცდიდა განშორებას, მაგრამ ის თავის წინამორბედზე ჭკვიანი აღმოჩნდა: წავიდა და დაელოდა, სანამ მის ქმარს ვნებები ჩაუცხრებოდა, შემდეგ კი, თავისი პირობებით დაბრუნდა
1920-30 წლები სტიგლიცის შემოქმედებით ცხოვრებაში ნაყოფიერი დაწარმატებული იყო. ის ბევრს იღებდა და მისი სურათები დამსახურებული პოპულარობით სარგებლობდა. სწორედ სტიგლიცი გახდა ის პირველი ფოტოგრაფი, რომლის ნამუშევრებსაც სამუზეუმო სტატუსი მიენიჭა.
„გალერეა 291“-ის დახურვის შემდეგ, სტიგლიცს გარკვეული პრობლემები შეექმნა თავისი და მეგობრების ნაშრომების პოპულარიზაციის მხრივ. 1925 წელს, დეკემბერში, მან გახსნა გალერეა, „Intimate“. ის ძალიან პატარა იყო და სტიგლიცი მას „ოთახს“ ეძახდა. მაგრამ მისი არსებობის ოთხი წლის მანძილზე იქ ათობით გამოფენა გაიმართა და ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 30-იანი წლების დასაწყისში, მან გახსნა კიდევ ერთი გალერეა, „An American Place “, რომელიც მისი სიცოცხლის ბოლომდე არსებობდა.
თუ ენციკლოპედია „ბრიტანიკას“ დავუჯერებთ, სტიგლიცმა, ფაქტიურად, მარტომ ჩართო თავისი ქვეყანა მსოფლიო ხელოვნებაში. მან ეს თავისი სიმკაცრითა და შეუვალობით შეძლო. მისთვის გამონაკლისები არ არსებობდნენ. ის თავის ფავორიტებსაც კი, არ „ინდობდა“. მან მკაცრად განსაჯა ედვარდ სტეიხენი, რომელმაც „ხელოვნებას კომერციის სასარგებლოდ უღალატა.“ ეს თვისება სტიგლიცს თავადაც ძალიან ტანჯავდა, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებდა. „ის ვერ ურიგდებოდა იმ ფაქტს, რომ მოსწავლეები ტოვებდნენ და საკუთარ გზას ირჩევდნენ. ის თვლიდა, რომ ისინი მას ღალატობდნენ. ეს იყო  მთელი მისი ცხოვრების დრამა. ის საშინელი მესაკუთრე იყო.“ - წერდა ფოტოგრაფის შვილიშვილი, სიუ დევიდსონ ლოუვი თავის წიგნში, „სტიგლიცი: მოგონებები და ბიოგრაფია.“ („Stieglitz: A Memoir/Biography“)
მან თავის საუკეთესო მეგობრებთნაც მოასწრო ურთიერთობიდ გაფუჭება: „დღე, როცა "გალერეა 291"-ში პირველად შევაბიჯე  უდიდესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ასეთივე დიდი მნიშვნელობის იყო ის დღეც, როცა  „American Place“-დან გამოვედი. გავთავისუფლდი ყველაფრისაგან, რაც ჩემთვის მეორეხარისხოვანი, ამორალური და უაზრო გახდა.“ - იხსენებდა პოლ სტრენდი.
ბედის ირონიით, ბრძანებლობას მიჩვეულმა ფოტოგრაფმა, სიცოცხლის უკანასკნელი წლები თავის ცოლზე დამოკიდებულმა გაატარა. ეს იქედან დაიწყო, როცა 1938 წელს მას პირველი გულის შეტევა დაემართა, რომელსაც კიდევ რამდენიმე მოყვა და ფოტოგრაფი ყოველ ჯერზე უფრო და უფრო სუსტდებოდა. ჯორჯიამ არ დააყოვნა და მართვის სადავეები თავის ხელში აიღო.  ის გადავიდა პენტჰაუსში, მთელი შენობა თეთრად შეღება, უფლებას არ აძლევდა ფარდები ჩემოეფარებინათ და კედლები თავისი ნახატებით დაფარა.  კონსიერჟს იმ სტუმართა სია გადასცა, რომელთა სახლში შემოშვებაც ნებადართული იყო და კიდევ ერთი ქალის სახელი, რომელიც არასოდეს არ უნდა შემოუშვათ, ეს დოროთი ნორმანი იყო. სტიგლიცი ძალიან დასუსტებული იყო, რომ ცოლისთვის წინააღმდეგობა გაეწია, ის ფინანსურადაც მთლიანად მასზე იყო დამოკიდებული, რაც მისთვის კიდევ უფრო აუტანელი იყო. არქიტექტორი კლოდ ბრაგდონი იხსენებდა, რომ როცა არ უნდა დაერეკა, სტიგლიცი ყოველთვის სასოწარკვეთილი იყო. „მას სიკვდილი უნდოდა.“
როცა, 1946 წელს სტიგლიცს მორიგი დაროგორცხ აღმოჩნდა ბოლო გულის შეტევა დაემართა, ჯორჯია მასთან არ იყო. დაბრუნდა თუ არა  მაშინვე ჰოსპიტალს მიაშურა. სტიგლიცი ცოცხალი იყო, მაგრამ გონზე აღარ იყო. საწოლთან კი, დოროთი ნორმანი ეჯდა. უბედურებამ ცერ შეარიგა ეს ორი ქალი, ო’კიფმა ის მაშინვე გააგდო საავადმყოფოდან  და მეუღლეს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ მოშორებია. 1946 წლის  13 ივლისს სტიგლიცი ისე გარდაიცვალა, რომ გონზე არც მოსულა.  ანდეძის თანახმად, მის სხეულს კრემაცია ჩაუტარდა და ჯორჯიამ მისი ფერფლი ნიუ იორკთან ახლოს, ტბა ჯორჯიასთან წაიღო, სადაც მათ ოდესღაც თავიანთი თაფლობის თვე გაატარეს. მან არავის უთხრა, ზუსტად სად იყო მისი მეუღლის საბოლოო განსასვენებელი: „მე ის იქ დავტოვე, სადაც შეუძლია ტბას უსმინოს.“
ო’კიფმა რამდენიმე წელი მოანდომა მემკვიდრეობის წესრიგში მოყვანას. მოგვიანებით, მან ფაქტიურად მთელი მისი ნამუშევრები, 3000 ფოტოზე მეტი და კორესპონდენცია (50 000ზე მეტი წერილი) უდიდეს ამერიკულ მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებს გადასცა.

წყარო: http://buy-books.ru/photographers/alfred_stieglitz/ 

























 

No comments:

Post a Comment