Saturday, November 5, 2011

INTERVIEW: “Nobuyoshi Araki: Intimate Photography – Tokyo, Nostalgia and Sex” (2006)

                             ნობუესი არაკი: „ინტიმური ფოტოგრაფია - ტოკიო, ნოსტალგია და სექსი“ 







   

-         
































რატომ დაარქვით თქვენ წიგნსა და გამოფენას “Tokyo Jinsei”?

-         მე ტოკიოში დავიბადე და გავიზარდე, ტოკიო ჩემი დედააა, საშოა.  მე ისევ მიჯაჭვული ვარ მას.

-         არის ამაში რაღაც ბავშვური, თითქოს სულის სიღრმეში თქვენ ისევ პატარა ხართ.

-         დიახ, შემომხედავთ თუ არა, ამას მაშინვე იგრძნობთ.

-         ერთი შეხედვით, თქვენ ცირკის მსახიობს გავხართ. ვფიქრობ, ასეთი  გარეგნობა ხელსაყრელია ფოტოების გადასაღებად - თქვენ შეიძლება მომაბეზრებელი და უხეში იყოთ, მაგრამ ადამიანები ადვილად გპატიობენ, რადგან მათ ღიმილს გვრით თქვენი გარეგნობა.

-         კი, მაგრამ ეს არ არის წინასწარ გათვლილი, ეს ჩემი ბუნებრივი სტილია. თუმცა, როცა ფოტოებს ვიღებ, ვცდილობ, ჩავიცვა სიტუაციის შესაბამისად. ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისობაში მოხვიდე პიროვნებასთან, რომელსაც იღებ. მაგალითად, როცა შინჯუკუში ვიღებ,  ჯინსს, მაისურს და სპორტულ ფეხსაცმელს ვიცმევ, ხოლო გინზაში კოსტიუმით მივდივარ. ტანსაცმელს იმის მიხედვით ვირჩევ, თუ სად მივდივარ ფოტოების გადასაღებად. თუკი ადამიანი, რომელიც უნდა გადავიღო შიშველია, მაშინ მეც ვშიშვლდები - შიშველი ფოტოგრაფი!




-         როგორ დაგეხმარებათ სიშიშვლე უკეთესი ფოტოების გადაღებაში?

-         ეგ არც უნდა გეკითხათ. როცა ორი ადამიანი სიყვარულს ეძლევა, ორივე შიშველია. ფოტოს გადაღების დროსაც ზუსტად იგივე ხდება.


-         სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფოტოს გადაღება იგივეა,  რაც სიყვარულით დაკავება?
-         დიახ. “შიშველი სიყვარული“ კარგად ჟღერს, არა?  „შიშველი სიყვარული“ დიახ, დიახ, მე მომწონს ეს.




-         ტოკიო არ არის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალაქი. რატომ ხართ მასზე ასე კონცენტრირებული?

-         იმ ქალაქის გადაღება, რომელიც ჩემი საკუთარი არ არის, ზედმეტი თავის შეწუხებაა. სიმართლე გითხრათ, ტოკიოს გარდა სხვა ქალაქი არც მაინტერესებს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გადავიღო ხალხი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და გადავიღო ქალაქი, რომელიც ყველას მირჩევნია და ეს ქალაქი ტოკიოა.  წარსულში ვცადე გადამეღო პარიზი და ნიუ იორკი, მაგრამ რეალურად ვერ დავინტერესდი სხვა ქალაქებით, ტოკიო იმდენად მიყვარს. გასულ წელს ლონდონში მქონდა გამოფენა, მაგრამ მაშინაც კი , როცა ლონდონში ან პარიზში ვარ, არ ვიღებ ლონდონისა და პარიზის სურათებს. მე მხოლოდ ის შემიძლია, იქ რამეს ფოტო გადავუღო, მაგრამ ეს არ იქნება ლონდონის ან პარიზის ფოტო.


 
-         44 წლის მანძილზე ტოკიოზე კონცენტრირების შედეგად  თქვენი  წიგნები და გამოფენები ასახავენ ტოკიოს მუდმივად ცვალებად მოდას, სტილს, არქიტექტურას და სხეულის ენასაც კი. ამ ყველაფრის შედეგი ერთი დიდი ნოსტალგიური მოგზაურობის შექმნა ხომ არ არის?

-         ვფიქრობ, ასეა. ამბობენ, რომ ფოტოგრაფიამ თავიდან უნდა აიცილოს ნოსტალგიურობა, მაგრამ მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ფოტოები თავისთავად ნოსტალგიურია. ჩემთვის ნოსტალგია არ არის მხოლოდ სევდიანი მოგონებები რაღაც დაკარგულზე, გამქრალზე. ჩემთვის ნოსტალგია დედის მუცლის სითბოს გავს.

-         თითქოს, დედის საშოს ვერ მოსწყდით, ვერც სივრცეში, ვერც დროში. თქვენი ნოსტალგიური ფოტოებით მოცული, იმავე დროებით სივრცეში იმყოფებით.

-         როცა ამას წარმოთქვამ, ძალიან კონკრეტულად ჟღერს. ეს ამას მოიცავს, მაგრამ არა ასე კონკრეტულად. ამ  გრძნობის გადმოსაცემად, მირჩევნია , გამოვიყენო სიტყვები,  „ტრანსმიგრაცია“ ან „ცხოვრების ბორბალი“.

-         ძალიან საინტერესოა თქვენი ტოკიოსადმი მიჯაჭვულობა და ნოსტალგია, რადგან ის ისეთივე მუდმივია, როგორც  ბედუინების ბანაკები. ყოველ რამდენიმე წელიწადში ყველაფერი ინგრევა და ხელახლა იგება როპონგ ჰილზის მსგავსად. თქვენ იმ ადამიან გავხართ, რომელიც ზღვაზე შტორმის დროს კლდეს არის ჩაჭიდებული.

-         სწორედ ეს არის ტოკიო. მოძრაობა და ცვლილებები ქმნის ამ ქალაქს. ის რომ არ იცვლებოდეს, მასში საინტერესო არაფერი იქნებოდა. ეს ნიშნავს, რომ ქალაქი ცოცხალია. თუმცა, მე ვგრძნობ, რომ ის კი არ იცვლება, არამედ მოძრაობს და ეს ხდის ტოკიოს მიმზიდველს, ამიტომ ვერ ვტოვებ მას მე.



-         ეს თქვენ, როგორც ფოტოგრაფს, პრობლემას ხომ არ გიქმნით?  გაცვეთილი შენობებით სავსე ძველ ტოკიოში უფრო ადვილია გადაიღო საინტერესო ფოტოები, ვიდრე  ახალ ნაწილში მინისა და ბეტონის შენობებით. თუ ის ძალიან თანამედროვე გახდება, უფრო რთული ხომ არ იქნება მისი გადაღება?

-         ჩემთვის რთული გადასაღებად არაფერია! ყველაფერს აქვს თავისი მომხიბვლელობა. მაგალითად, ქალები, თუკი ისინი ლამაზები არიან, ძალიან კარგია, მაგრამ მაშინაც მხიბლავენ, როცა უშნოები არიან.

-         ამის კარგი მაგალითია მინორი მიიატას ფოტო  თქვენი გამოფენიდან. ეს მშვენიერი პოეტი ქალი, რომელიც არაჩევულებრივ ტანკებს წერდა მოგვიანებით მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. მარცხენა მხარეს, მკერდის არეში მას დიდი უშნო ნაიარევი აქვს, მაგრამ ეს უფრო მეტ სილამაზეს მატებს მის სურათს.

-         როცა ამ ფოტოს ვიღებდი, ვცდილობდი ის ლამაზად წარმომეჩინა. არა იმიტომ, რომ პრობლემა გადამეჭრა. არ არსებობს დასკვნა, ის სრულიად გახსნილია, ის არსად მიდის.



-         ეს სურათი უფრო ინტიმურია, ვიდრე სხვა უფრო სექსუალური ფოტოები. რატომ გთხოვათ ან რატომ დაგრთოთ ნება მისთვის ასე გადაგეღოთ?

-         იმიტომ, რომ ვუყვარდი და იმიტომ, რომ მე უდიდესი ფოტოგრაფი ვარ იაპონიაში. ჩემს სამუშაოში ყველაზე მთავარი ჩემსა და გადასაღებ პირს შორის ურთიერთობაა - ეს სიყვარულის ისტორიას გავს. თავს არ ვიწუხებ იმაზე ფიქრით, რატომ დაიწყო ეს ურთიერთობა და სად მიმიყვანს ის მე. ყველაზე მთავარი იმ მომენტში ჩვენ ორს შორის კავშირია და ეს სამყარო ხდება ჩვენი სამყარო.

-         მინორი მიიატას გადაღებისას ღილაკზე თითი 1-2 წამით გვიან რომ დაგეჭირათ, როგორ გგონიათ,  სხვა ფოტოს მიიღებდით?

-         კი, რადგან დრო, როცა ფოტოს იღებ, ემოციასავით არის. ეს არის სექსუალური შეჯახება. ეს სექსია და ამიტომ დრო ძალიან მნიშვნელოვანია.

-         სურათის გადაღებისას რა გაიძულებთ, ღილაკს თითი დააჭიროთ?

-         ალბათ,  კამი (ღმერთი). რა აღებინებს ფოტოგრაფს სურათს? რა ახატინებს მხატვარს ნახატს? ამის ახსნა შეუძლებელია. ეს ინსტიქტია, იმპულსია.

-         ალბათ, ათასობით ფოტო გადაგიღიათ და მიგივიწყებიათ.

-         თუკი იმას გაითვალისწინებთ, რომ 357 ფოტო წიგნი გამოვაქვეყნე, მიხვდებით, რომ ფოტოებს ფაქტიურად არ ვყრი.  მალე ჩემი საუკეთესო ნამუშევრების წიგნს გამოვუშვებ, მაგრამ ყველა ფოტო ისეთი მშვენიერი და დიდებულია, ვერც ერთს ვერ გადავაგდებ. ფოტოების გადაღება სექსუალურ პრელუდიას გავს. მაშინაც კი, როცა ის ორგაზმით მთავრდება , ეს არ არის მხოლოდ სექსი. უამრავი ჩემი ფოტო სექსუალური  წინა თამაშია, საუკეთესოები კი, ორგაზმი.


                                                                                                                                                                                                                                                        






"მხოლოდ ერთი მიზეზით დავთნხმდი შიშვლად გადაღებას. მინდოდა, მთელ მსოფლიოს ცოდნოდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხეულის ნაწილი დავკარგე, მაინც ადამიანი ვარ . მე ვამაყობ ყველა ჩემი იარით და იმ სევდითა და ტკივილით, რაც გამოვიარე.  სხვა სიტყვებით, რომ ვთქვა,მინდა ჩემი გამოცდილებით გავამხნევო ადამიანები, რომ  გააგრძელონ მოგზაურობა, რომელსაც სახელად სიცოცხლე ქვია."
                                                                                           მინორი მიიატა 




























 

1 comment:

  1. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete