Monday, November 14, 2011

INTERVIEW: “Brassai with Tony Ray-Jones” Pt. I (1970)

                                                                 ბრასაი ტონი რეი ჯონსთან. 1970 წელი

                                                            (ნაწილი I )

  
 Brassai ( Gyula Halasz) 




                                                            

როგორი იყო თქვენი ცხოვრება თავიდან?

მე 1899 წელს დავიბადე ტრანსილვანიაში. მამაჩემი ფრანგული ლიტერატურის მასწავლებელი იყო. ის პარიზში ცხოვრობდა და ძალიან უყვარდა იქაურობა. მას სორბონის უნივერსიტეტი ქონდა  დამთავრებული. ხუთი წლის რომ ვიყავი, მამამ მე და მთელი ოჯახი პარიზში წაგვიყვანა ერთი წლით. კარგად მახსოვს ის წელი. მამას უნდოდა, რომ მე პატარაობიდანვე პარიზში მეცხოვრა. ჩემი უნგრული წარმომავლობის გამო საფრანგეთში გადასვლა ადვილი არ იყო. მაშინ ჩემი ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იყო ავსტრიასთან და ინგლისისა და საფრანგეთის წინააღმდეგ იყო. უნდა მომეცადა. ამიტომ,  ბერლინში წავედი. იქ კი, შევხვდი კანდინსკის, მის მეუღლესა და Sturm Group-ს.

ფოტოების გადაღებამდე რას საქმიანობდით?

ხატვას ვსწავლობდი ბუდაპეშტში Beaux Arts-ში. ბევრს არ ვმუშაობდი. იქ ორი წლით ვიყავი რეგისტრირებული. 1921 წელს ნება დამრთეს ბერლინში წავსულიყავი. შემდეგ კი, ჩამოვედი პარიზში. ხუთი თუ ექვსი წელი აღარ დამიხატია. ცხოვრება ძალაინ საინტერესო იყო და მეც მთელ დროს მას ვუთმობდი. ცოტა ჟურნალისტიკასაც მოვკიდე ხელი. თავი რომ გამეტანა გერმანული და უნგრულუ გაზეთებისთვის ვწერდი. 1930 წლიდან დავკავდი  ფოტოგრაფიით და 1933 წელს გამოვიდა ჩემი პირველი ფოტოგრაფიული წიგნი,  Paris by Night.

 

როგორ ფიქრობთ, სტუდენტისთვის რა უფრო უპრიანია, საერთო განათლება მხატვრობასა და ხელოვნებაში თუ მხოლოდ ფოტოგრაფიის შესწავლა?

დიახ, მე ვფიქრობ , რომ განათლება და ინტელექტი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ხელოვნებისა და მხატვრობის შესწავლა, რადგან, როცა ფოტოს იღებ ნანახმა სურათმა შეიძლება გავლენა მოახდინოს, რაც მე არა ერთხელ დამმართნია. გაუცნობიერებლად, ხშირად გადამიღია ლოტრეკის, დეგას ან შესაძლოა ვან გოგის  მსგავსად. ეს არ მომხდარა ჩემი ნებით  და სურვილით, უბრალოდ ჩვენ გვაქვს ხატვის კულტურა. ასეთი რამ არ დაემართებოდა ახალგაზრდა ამერიკელს, რომელსაც არასოდეს უნახავს ეს ნახატები და აქვს აბსოლუტურად სუფთა ხედვა. თუმცა ისეც აშკარაა, რომ ფოტოს მარტო თვალით ვერ გადაიღებ, ინტელექტიც აუცილებელია.



როგორ მოხვდით ფოტოგრაფიაში?

ფოტოგრაფია არასოდეს მყვარებია. ოცი წლის ასაკში საერთოდ არაფერს ვიღებდი. დაახლოებით 30 წლის ვიყავი, როცა ფოტო აპარატი ავიღე ხელში. ღამით პარიზში ბევრს დავდიოდი და უამრავ საინეტერესო რამეს ვხედავდი. მიღებული შთაბეჭდილებების  გადმოცემის საშუალების ძიებაში ვიყავი, როცა ერთმა ქალბატონმა პატარა აპარატი მათხოვა და მეც მაშინვე შევუდექი ღამის კადრების გადაღებას. მე ვიცნობდი ანდრე კერტესს, ჩვენ ჟურნალებისთვის სტატიებს ვწერდით ერთად, მაგრამ მე მინდოდა გადამეღო ღამე, რაც ასე მხიბლავდა და ასევე ვაგრძელებდი პარიზის კედლების შესწავლას და გადაღებას. ეს სერია ჯერ არ გამომიქვეყნებია, მაგრამ იმედი მაქვს აწი შევძლებ ამას.




  
 
  
 

სხვა ფოტოგრაფებმა თუ მოახდინეს თქვენზე გავლენა?

არა, მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცნობდი ანდრე კერტესს. შეიძლება ჩემზე ცოტა გავლენა მოახდინა ჟორჟ დე ლა ტურმა თვისი სანთლის შუქიანი ნახატებით, რომლებმაც დამანახა რა შეიძლებოდა მიმეღო ღამით, როგორ წარმომეჩინა დამალული საგნები ფარულ განათებაზე.

ფილოსოფოსებმა, მხატვრებმა და მწერლებმა მოახდინეს თქვენზე გავლენა , როცა ფოტოგრაფიას იწყებდით?

დიახ, ძალიან დიდი გავლენა. ძალიან მომწონდა გოეთე , ის ჩემთვის ობიექტურობის განსახიერება იყო. თავიდან ის რომანტიკოსი მწერალი იყო.  მან ვერტერი დაწერა, ამგრამ შემდეგ უარყო ეს ყველაფერი. ის ვერ იტანდა რომანტიკოსებს და ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო ობიექტური ხდებოდა. ის სამყაროს ნამდვილად ობიექტური თვალებით უყურებდა. მან თქვა: „სამყარო უფრო მდიდარია, ვიდრე მე.“ ეს ეწინააღმდეგება რომანტიზმს, ასე არ არის? ამ გაგებით მოახდინა მან ჩემზე გავლენა - მე ვცდილობდი ობიექტურობით გამეჯერებინა ჩემი ფოტოგრაფია.

 
რას აკეთებდით ომის პერიოდში?

მე არ მიმუშავია, რადგან არ მინდოდა გერმანელებისთვის მეკეთებინა რამე. წავედი სამხრეთ საფრანგეთში, შემდეგ დავბრუნდი პარიზში და გადავიღე პიკასოს ქანდაკებები 1932 წელს. მერე რამდენიმე სურათი დავხატე იმ გამონაკლისით, რომ მომწონდა ძლიერი ფორმები.

თქვენ დაკავშირებული ხართ ბევრ მხატვართან და მწერალთან. როგორ გგონიათ, ასეთი სახის გავლენა მნიშვნელოვანია?

დიახ, სანამ ფოტოგრაფი გავხდებოდი, მე ბევრი მეგობარი მყავდა, რომლებიც შემდეგ პოეტები და  მხატვრები გახდნენ, როგორებიც იყვნენ, ანრი მიშო, რაიმონ კენო და პიერ რევერდი. 1932 წელს კი, როცა წიგნს ვაქვეყნებდი შევხვდი პიკასოს, რადგან ვმუშაობდი ჟურნალისთვის Minotaur.

ატჯეს შეხვედრიხართ როდესმე?

მხოლოდ ერთხელ ბოროვსკისთან. ის მოდილიანის და სუტინის ნახატების დილერი იყო და მე მასთან ვმეგობრობდი. ერთ დღეს მასთან ვიღაც კაცი მოვიდა მკლავქვეშ ამოდებული წიგნით, რომელშიც რამდენიმე თავისი ფოტო ედო. ის  იცნობდა ბოროვსკის და იმედოვნებდა , რომ ფოტოების გაყიდვაში დაეხმარებოდა, ეს მისი ბოლო ნამუშევრები იყო. ბოროვსკიმ იყიდა ორი სურათი, რომლებიც შემდეგ ძალიან იაფად მიყიდა ვიღაც მხატვრებს, რომელთაც თვიანთი ნახატებისთვის ღამის სცენები სჭირდებოდათ. ატჯე მაშინ უკვე მოხუცი იყო და ორი თუ სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

გაქვთ რაიმე პრინციპი ფოტოგრაფიაში, რომელსაც არ ღალატობთ? მაგალითად აკეთებთ კადრირებას?

უმეტეს შემთხვევაში მთლიან ფოტოს ვბეჭდავ, მაგრამ არა ყოველთვის. არა, არ მაქვს ასეთი პრინციპები. ზოგი ამბობს, რომ ფოტოგრაფმა მხოლოდ ბუნებრივ განათებაზე უნდა იმუშავოს. მე ასე არ ვფიქრობ, თუ საჭიროა ხელოვნურადაც ვანათებ საგნებს.



 თქვენთვის პირადად, რა კავშირია კომპოზიციასა და შინაარსს შორის?

ორი რამ არის: ვფიქრობ, არიან ფოტოგრაფები, რომლებიც კარგად აგებენ კომპოზიციას, მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ ცხოვრებაზე და ადამინურ მხარეზე. სხვებს კი, შეუძლიათ ადამიანური სამყარო გაითავისონ, მაგრამ არ აქვთ ფორმის შეგრძნება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გქონდეს ორივე. ფოტოგრაფს უნდა შეეძლოს გადმოსცეს ცხოვრება ძლიერი კომპოზიციით. ფორმა ძალიან ბევრს ნიშნავს ფოტოგრაფიაში. ფოტოგრაფიას არაფერი აქვს საერთო მხატვრობასთან,  მაგრამ მიუხედავად ამისა, არსებობს ჩარჩო, რომელის შიგნითაც ფოტო უნდა შედგეს. ფოტოგრაფიას ცალი ფეხი მხატვრობაში უდგას, ცალი კი ცხოვრებაში, მაგრამ ეს ორი რამ უნდა  გაერთიანდეს. მე მიყვარს კომპოზიციურად კარგად აგებული ფოტოები: არ მიყვარს ფოტოზე უწესრიგობა. ფოტოგრაფიამ არსებობა მხატვრობის იმიტაციით დაიწყო. შემდეგ კი გამოჩნდენენ რევოლუციურად მოაზროვნე ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებში: სტიგლიცი აშშ-ში, ემერსონი ინგლისში და ატჯე საფრანგეთში. ისინი ცდილიობდნენ, რაღაც განსაკუთრებული  და განსხვავებული გაეკეთბინათ. მათ არ უნდოდათ ფოტოგრაფია მხატვრობის სამსახურში ყოფილიყო, ისინი მხოლოდ ფოტოგრაფიისთვის მუშაობდნენ.
საკმაოდ უცნაურია, მაგრამ როცა ჩემი წიგნი,  Paris de Nuit  გამოვაქვეყნე, ბრიტანეთიდან ემერსონმა მომწერა: „მედალს გაძლევთ თქვენი წიგნისთვის.“ ვიფიქრე, რომ ეს ხუმრობა იყო. მან ასევე მთხოვა ჩემი ფოტო, რადგან ის წერდა ფოტოგრაფიის ისტორიაზე და უნდოდა იქ მეც მოვეხსენებიე, რადგან ჩემი წიგნი ადასტურებდა, რომ ფოტოგრაფია ხელოვნება იყო. ჩავთვალე, რომ ვიღაც გიჟი იყო და პასუხი არ მიმიწერია, სანამ მისი მეორე წერილიც არ მივიღე, რომელშიც მწერდა: „ მე ემერსონი ვარ, მედალოსანი და შენ იქნები უკანასკნელი ემერსონის მედალოსნებს შორის.“  მან გარკვეული დრო გაატარა მხატვარ უისტლერთან, რომელმაც უთხრა, რომ ფოტოგრაფია არ იყო ხელოვნება. ემერსონმა სამი თვე ნავზე ფიქრში დაჰყო და შემდეგ მისწერა თავის მეგობარს: „ვცდებოდი, ფოტოგრაფია არ არის ხელოვნება. მე აღარ გადავიღებ ფოტოებს.“ საინტერესოა რომ, 15 წლის შემდეგ კი , მან მე მომწერა, რომ ფოტოგრაფია ხელოვნებაა.

გასამჟღავნებელ ოთახში მუშაობთ?

კი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მე ვამჟღავნებ ჩემ ფირებს და შემდეგ მიყვარს მათი დაბეჭდვა.


 
Minotaur-ის გარდა, კიდევ რომელ ჟურნალებში მუშაობდით?

ომამდე ვმუშაობდი გერმანულ ჟურნალში და Coronet, Lilliput და Picture Post-ისთვის ინგლისში. ომის შემდეკ კი, იყო Harper’s Bazaar, მაგრამ დიდად არ მიყვარს ჟურნალები.

რამდენ ხანს მუშაობდით  Harper’s Bazaar-ში?

1945 წლიდან 1965 წლამდე კარმელ სნოუსთან და ბროდოვიჩთან ერთად. მაგრამ 1965 წელს შევწყვიტე იქ მუშაობა, რადგან მათი კონცეფცია შეიცვალა.

ის ფაქტი, რომ ჟურნალები ასეთი მნიშვნელოვანია ხელს ხომ არ გიშლიდათ მუშაობაში?

კი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ შეიძლება იქაც აკეთო საინტერესო რამ და თუ საავტორო უფლებებს დაიცავ, შემდეგ ამ ფოტოებს წიგნად გამოსცემ. ერთ-ერთი ჩემი წიგნი  Harper’s Bazaar-თვის გადაღებული ფოტოებით შეიქმნა. მე მხოლოდ ისეთ ფოტოებს ვიღებ, რომლებიც დროს გაუძლებს და არა უბრალოდ მოდურ სურათებს.

(პირველი ნაწილის დასასრული)

წყარო: http://www.americansuburbx.com/2011/08/interview-brassai-with-tony-ray-jones.html























No comments:

Post a Comment