Sunday, November 20, 2011

EIKOH HOSOE: “Subject Matter”

Eikoh Hosoe (細江 英公, born 18 March 1933)


























                                                         
                                 ეიკო ჰოსოე:  „საგანი“

მე ეიკო ჰოსოე ვარ, ფოტოგრაფი ტოკიოდან. ჩემთვის დიდი პატივია ამ ღირშესანიშნავ მოვლენაზე ვისაუბრო ჩემი ფოტოების კოლექციაზე, რომელსაც ბა-რა-კეი ანუ ვარდების მძიმე განსაცდელი ქვია ( Ba-ra-kei, ანუ  Ordeal by Roses)  და  გაგიზიაროთ იუკიო მისიმას გადაღების ისტორია.
ბა-რა-კეი დაიწყო 1961 წლის სექტემბრის ერთ დღეს, როცა იაპონელი გამომცემლის,  კოდანშასგან დავალება მივიღე გადამეღო იუკიო მისიმა მისივე წიგნის - კრიტიკული ესეების გარეკანისთვის, რომლის გამოქვეყნებასაც კოდანშა გეგმავდა.
მე მსმენოდა მისიმას შესახებ, მაგრამ არასოდეს შევხვედროდი მას. დამაინტერესა, რატომ ამირჩიეს მე ასეთი რთული დავალების შესასრულებლად. რედაქტორმა ამიხსნა, რომ ეს თავად მისიმას მოთხოვნა იყო. მაშინვე დავთანხმდი, მაგრამ ეს შეკითხვა მოსვენებას არ მაძლევდა. რატომ მაინც და მაინც მე?
მალე მე და რედაქტორი შევხვდებოდით მისიმას და მე იმედი მქონდა, რომ  ამ კითხვაზე პასუხს მივიღებდი. დავიქირავეთ ტაქსი, რომელმაც ჩვენ მისიმასთან სახლში მიგვიყვანა. დააახლოებით 30 წუთი მივდიოდით ტოკიოს ცენტრიდან ომორის სადგურამდე. შემდეგ ტაქსმა უეცრად მოუხვია საზოგადოებრივ აბანოსთან, საიდანაც ვიწრო ბილიკს გავყევით, მკვეთრად მოვუხვიეთ და მივედით კიდეც მისიმას გამორჩეულ სახლთან.
რკინის კარის შიგნით, რამდენიმე საფეხური ავიარეთ და ვიწრო ბილიკით მივედით წინა კართან. მარცხნივ იდგა ტრადიციული იაპონური სახლი და მარჯვნივ კი, გლუვი გაზონი იყო, რომლის ცენტრშიც დაახლოებით ხუთი ფუტის დიამეტრის შავ-თეთრი მარმარილოს ზოდიაქო იყო აღმართული.
ვერანდაზე, თეთრი ბაღის სკამზე, ნახევრად შიშველ მისიმას მზის სათვალეები გაეკეთებინა  და ირუჯებოდა. იქვე მაგიდაზე, სინზე იდო ერთი ფინჯანი შავი ჩაი და ნახევრად შეჭმული გრეიფრუტი. ჩანდა, რომ მას ახლახან ესაუზმა მარტოს, დღის ორ საათზე.
ერთმანეთს ოფიციალურად, თავის დაკვრით მივესალმეთ. მისიმამ ისე დაიწყო საუბარი თითქოს იცოდა ჩემი შეკითხვის შესახებ. „ძალიან მომეწონა ტაცუმი ჰიჯიკატასათვის თქვენს მიერ გადაღებული ფოტოები. მინდა მეც მსგავსად გადამიღოთ, ამიტომ დავარეკინე ჩემს რედაქტორს თქვენთან.“


„ბატონო მისიმა, იმას გულისხმობთ, რომ შემიძლია ჩემი შეხედულებებისამებრ გადაგიღოთ?“
„კი, მე თქვენი საგანი ვარ. გადამიღეთ, როგორც გინდათ, ბატონო ჰოსოე.“ მიპასუხა მან. ყველა ჩემი შეკითხვა  და მთელი ჩემი მღელვარება უცებ გაუფერულდა.
ტაცუმი ჰიჯიკატა, ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. ის ბუტოს (ცეკვის სახეობა)  შემქმნელია, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ის აღტაცებული იყო მისიმას შემოქმედებით. 1959 წელს ჰიჯიკატას პირველი მთავარი საცეკვაო პერფომანსი გაიმართა ტოკიოში, რომელიც დაფუძნებული იყო მისიმას ნოველაზე  „Kinjiki“ ანუ აკრძალული ფერები. ტაცუჰიკო შიბუსავა, რომელიც მწერალი და  მარკიზ დე სადის სპეციალისტი იყო და რომელიც ორივესთან, მისიმასთან და ჰიჯიკატასთან ძალიან ახლოს მეგობრობდა, წერდა, რომ ჰიჯიკატა ძალიან აღელვებული იყო მისიმას შემოქმედებით.
ჰიჯიკატას ის ფოტოები, რომელსაც მისიმა გულისხმობდა მისი საცეკვაო პერფომანსის თხელი კატალოგიდან იყო, სათაურით: „ტაცუმი ჰიჯიკატასადმი მიძღვნილი ეიკო ჰოსოეს ფოტოგრაფიული კოლექცია.“ ის მოიცავდა ჰიჯიკატას არჩეულ ფოტოებს სერიიდან:  „მამაკაცი და ქალი“, რომელიც მე 1959-1960 წლებში გადავიღე.
მე მალე მივხვდი, რომ მისიმას ბანალური პორტრეტები არასოდეს  მოეწონებოდა. ჩემთვის საკუთრი თავის, როგორც ჩემი ფოტოების „საგნად“ შემოთავაზებით, ვიფიქრე, რომ მას თავად უნდოდა გამხდარიყო მოცეკვავე. მაშინ მე 20 წელს ახალი გადაშორებული ვიყავი და ძალიან გულუბრყვილოც. ერთმანეთისგან არ განვასხვავე მოცეკვავე და საერთაშორისო ლიტერატურული ფიგურა.
ისე მოხდა, რომ მისიმას მამა იმ დროს ბაღს რწყავდა. მე გამოვტაცე მას შლანგი, შემოვახვიე მისიმას მთელ სხეულზე და დავაყენე ზოდიაქოს ცენტრში, სადაც ის აპოლონის ქანდაკების აღმართვას გეგმავდა.
შემდეგ ვთხოვე ამოეხედა და კონცენტრირებულიყო ჩემს აპარატზე, რომლითაც მე კიბეზე ვიდექი. მე დავუყვირე: "დაჟინებით უყურეთ ლინზას, ბატონო მისიმა. კარგით, შესანიშნავია, ასე განაგრძეთ“...
ორი 35 მმ-იანი ფირი ისე გადავიღე, მას თვალიც კი არ დაუხამხამებია. "მე ვამაყობ ჩემი უნარით, რომ ამდენი წუთის მანძილზე შემიძლია თვალები არ დავახამხამო.“ თქვა მისიმამ.

 
„ასე ჯერ არავის გადავუღივარ? და რატომ გადამიღეთ ასე?“
„ასე მე მითი დავამსხვრიე.“ ვუპასუხე მე.
„ასე ჰარუო სატო უნდა გაგეხვიათ“, გაეცინა მას. ჰარუო სატო იმ დროის ლიტერატურის უდიდეს ფიგურად იყო მიჩნეული. მაგრამ, მე იმას ვგულისხმობდი, რომ მინდოდა მისიმაზე წინასწარ შექმნილი წარმოდგენა დამემსხვრია, რომ შემექმნა ახალი მისიმა.
როცა წამოვედით , ვიფიქრე, რომ ძალიან შორს შევტოპე და ვუთხარი დაიდო მორიიამას, რომელიც მაშინ ჩემი ასისტენტი იყო, რომ მეშინოდა მისიმა ჩემზე ნაწყენი არ ყოფილიყო. რედაქტორს ათი ფოტო მივეცი. მან ორი დღის შემდეგ დამირეკა, დიდი მადლობა გადამიხადა  და მითხრა, რომ მისიმა ძალიან კმაყოფილი იყო სურათებით. მისიმას კრიტიკული ესეების წიგნი „სილამაზის თავდასხმა“ 1961 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. დავალება დასრულდა, მაგრამ მე ისე  ვიყავი აღელვებული, მისიმას დავურეკე და ვკითხე შემეძლო თუ არა მისთვის ისევ გადამეღო სურათები. ის მაშინვე დაეთანხმა ჩემს წინადადებას და მკითხა: „შემდეგი სესია როდის გვაქვს, ბატონო ჰოსოე?“
ფოტო სესიები 1962 წლის ზაფხულამდე გაგრძელდა. მთლიანობაში ათი სესია იყო. თავიდან ჩემი იდეები ცოტა ბუნდოვანი იყო, მაგრამ თანდათან მივედი კონკრეტულ აზრთან, რომ ეს უნდა ყოფილიყო სუბიექტურად დოკუმენტირებული მისიმა, რომელიც დოგმატურად იქნებოდა ინტერპრეტირებული ჰოსოეს მიერ და მიეძღვნებოდა მისიმას. დოგმატურად როგორ?  თემა, რომელიც ამ ნამუშევრებიდან მომდინარეობდა, საერთო ჯამში, იყო „სიცოცხლე და სიკვდილი“ იუკიო მისიმას საშუალებით გადმოცემული, რომელმაც მე დამითმო თავისი სხეული და თავად გამოიყენა ვარდი, როგორც სილამაზისა და ეკლების აშკარა სიმბოლო.

 Ordeal by Roses (Barakei) #32, 1961

 
მთელი სესიის მანძილზე მისიმა , თუ მის საყვარელ ტერმინს გამოვიყენებთ, სრულყოფილი „საგანი“ იყო. თავისი წიგნის წინასიტყვაობაში მან დაწერა: “ ჰოსოეს აპარატის წინ აღმოჩენილმა, გავაცნობიერე, რომ ჩემი , საკუთარი სული და ჩემი გონების შემოქმედება სრულიად ზედმეტი გახდა. ეს იყო ამაღელვებელი განცდა, მდგომარეობა, რომელზეც დიდხანს ვოცნებობდი. ჰოსოემ თავისი კამერის მეშვეობით ზუსტად შეისწავლა, ისევე როგორც მწერალი სიტყვებით და კომპოზიტორი ბგერებით, სხვადასხვა კომბინაციები, რომლებშიც გადასაღები ობიექტები უნდა მოთავსებულიყო და შუქ ჩრდილები, რომლებიც ამ კომბინაციებს შესაძლებელს გახდიდა. მოკლედ მისთვის ობიექტები შეესაბამება სიტყვებსა და ბგერებს.“
ერთ დღეს , მისიმამ მაჩვენა იტალიური რენესანსის  ფერმწერების რაფაელისა და ბოტიჩელის შავ-თეთრად დაბეჭდილი ნახატები. შემდეგ კი, რაფაელის შავ თეთრად დაბეჭდილი  „წმინდა სებასტიანი“ და მითხრა, „რა  ლამაზია, არა?“
ვფიქრობ, ადამიანის სული ყველა იმ საგანში ცხოვრობს, რომელსაც ის ფლობს და ეს განსაკუთრებით ხელოვნების ნიმუშებს ეხება, რომლებიც მხატვრის სულთან ერთად ცხოვრობენ.  ამიტომ შევათავსე მისიმას საყვარელი რენესანსის ნახატები მის სხეულთან. მე გამოვიყენე  ყველაფერი, რასაც ის ფლობდა და რასთანას მას კავშირი ქონდა, რადგანაც ბა-რა-კეი უნდა ყოფილიყო სუბიექტური, ფოტოგრაფიული დოკუმენტალისტიკა. მისიმას არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა, გარდა იმისა, რომ ყოფილიყო უბრალოდ საგანი.
ჩვენი გადაღებების  ექვსი თვის მანძილზე, მას თავი არასოდეს დაუჭერია, როგორც ლიტერატურის ბუმბერაზს. ის ყოველთვის პატარა სამგზავრო ჩანთას ატარებდა, რომელშიც ეწყო ყველაფერი. არასოდეს შვსწრებივარ, რომ ის ვინმეს ქედმაღლურად მოქცეოდა. ძალიან თბილი და გულწრფელი იყო იმათ მიმართ, ვინც ბევრ რამეს სერიოზულად უყურებდა.
მინდა ერთი ეპიზოდი მოგიყვეთ, რომლის მოწმეც გავხდი. მისიმა ხშირად მართავდა წვეულებებს სახლში თავისი ახლო მეგობრებისთვის, რომლებიც ძირითადად მწერლები, რედაქტორები და მხატვრები იყვნენ. ერთ ასეთ წვეულებაზე მეც აღმოვჩნდი. 1965 თუ 66 წლის გაზაფხული იყო. დაახლოებით ოცი ადამიანი იყო მოწვეული და მათ შორის იყო ცნობილი მემარცხენე მწერალი და პოპულარული რომანისტი, რომლის შემოქმედებაც  მისიმას უყვარდა. როცა ყველამ დალია და ცხარე საუბარში ჩაერთო, მწერალი მიუახლოვდსა მისიმას და ხმამაღლა უთხრა: „მასწავლეთ, როგორ დავწერო რამანები, გთხოვთ, ბატონო მისიმა.“ ყველას გაეცინა, რადგან ჩათვალეს, რომ ეს ხუმრობა იყო. თუმცა მწერალი არ ხუმრობდა  და მისიმამაც ყველაფერი სერიოზულად მიიღო.
„მეც იგივე განცდა მქონდა, როცა დამავალეს დამეწერა რომანი გაზეთისათვის. მე ერთ გამოცდილ მწერალს ვთხოვე დახმარება. მან იგნორირება გაუკეთა ჩემს თხოვნას და მითხრა : „ნუ ხუმრობთ“. მისიმა შეუბრუნდა ცნობილ ნოველისტს და უთხრა: „მოდი ვისაუბროთ ამის შესახებ კუთხეში.“ მათ დიდხანს ისაუბრეს და მე დავინახე, როგორ უქნევდა თავს მას ნოველისტი, იმ ადამიანის მსგავსად, რომელმაც კარგი რჩევა მიიღო.
ბოლოს, მინდა აღვნიშნო ინგლისურ სათაურში მომხდარი ცვლელებების შესახებ. როცა, 1963 წელს, ნამუშევრები პირველად გამოქვეყნდა წიგნის სახით, სათაური იყო „ვარდებით მოკლული“. მე და მისიმამ სათაური ერთად ავარჩიეთ და გამომცემელიც დაგვეთანხმა. ექვსი წლის შემდეგ, 1969 წელს, მე შევთავაზე მისიმას, ბა-რა-კეის ახალი გამოცემა გამოგვექვეყნებია. ის დამეთანხმა და მე ვურჩიე, მიგვემართა ისევ თავდაპირველი გამომცემლობისთვის.
1970 წლის დასაწყისში, შევიკრიბეთ ყველა, ვინც პროექტში ვიყავით ჩართული - მისიმა, ტადანორი ოიოკოო, დიზაინერი, რედაქტორი და მე.  გამომცემელმა გადაწყვიტა წიგნი მთლიანად გადაეხედა და გამოექვეყნებინა ორენოვანი ვერსია, ინგლისურ და იაპონურ ენებზე.  შეხვედრაზე მისიმამ წამოაყენა იდეა, შეგვეცვალა ინგლისური სათაური, რადგან მისი თქმით, ის არ იყო საკმარისად ახლოს იაპონურ ბა-რა-კეისთან, რაც, თუ სიტყვა-სტყვით გადავთარგმნით,  „ვარდების დასჯას“ ნიშნავს.
თავიდან ვერანაირ აზრს ვერ ვხედავდი ორიგინალი სათაურის შეცვლაში, მითუმეტეს, რომ ის უკვე ცნობილი იყო მსოფლიოში ასეთი სახით. თუმცა მისიმა ძალიან მტკიცე იყო. ის ისე ჯიუტად იცავდა საკუთარ აზრს, რომ ბოლოს დავთანხმდი და ახალი სათური გაგადაწყდა -  „Ordeal by Roses“  ანუ „ვარდების მძიმე განსაცდელი“.
1970 წლის 25 ნოემბერს, მისიმამ რიტუალური თვითმკვლელობა ჩაიდინა და მე კარგად მივხვდი, რატომ იყო ის ასეთი შეუვალი ინგლისურ სათაურთან დაკავშირებით. ბა-რა -კეი ანუ ვარდების მძიმე განსაცდელი , იუკიო მისიმას რექვიემი გახდა. ის გულწრფელობის განსახიერება და ნამდვილი გენიოსი გახლდათ.


წყარო:http://www.americansuburbx.com/2010/06/eikoh-hosoe-subject-matter.html


 










 







 

























No comments:

Post a Comment