Tuesday, September 20, 2011

Eugene Richards's best shot


იუჯინ რიჩარდსის საუკეთესო კადრი


რელიგიური ადამიანი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მიტოვებული სახლები სულიერებით ყოველთვის უფრო მეტად დატვირთულად მეჩვენებოდა, ვიდრე ეკლესიები. შეიძლება იმიტომ, რომ იქ სიჩუმეა და როცა შიგნით ხარ მხოლოდ ქარის ხმა გესმის.
ეს კონკრეტული ფოტო გადავიღე კორინთში, ჩრდილოეთ დაკოტაში. გზამკვლევი ამბობს, რომ ამ ქალაქში ოდესღაც 300 ადამიანი ცხოვრობდა, რაც სადაოა. ახლა აქ მხოლოდ ძველი ხის  სტრუქტურებია შემორჩენილი და მოხუცი წყვილი მელვინ და მორინ უისდალები ცხოვრობენ. მათ სახლს ადვილად შეამჩნევთ, რადგან შეღებილია.
მე იქ ვიყავი სამი წლის წინ. თოვდა,  ტემპერატურა მინუს 30 გრადუსი იყო. ქალაქში დავეხეტებოდი და შევედი ამ უნივერმაღში, რომელიც ალბათ 30 წლის წინ მიატოვეს. ნაგვითა და ჩამსხვრეული  ფანჯრებით სავსე შენობაში გზას გაჭირვებით მივიკვლევდი. შენობის უკანა ნაწილში ვიპოვე კარი. გავაღე და საძინებელში აღმოვჩნდი.
არ ვიცი იმ დროს რა ხდებოდა ჩემს თავში, მაგრამ მახსოვს, რომ საწოლი ძალიან ლამაზი მომეჩვენა. სწრაფად უნდა მემუშავა, რადგან სულ ცოტა ხანში ასეთ სიცივეში განძრევა შეუძლებელი იქნებოდა. გარდა ამისა იატაკზეც ფრთხილად უნდა გამევლო, რადგან ჩანგრევის პირას იყო. ჩრდილოეთ დაკოტაში სახლებს ძალიან ღრმა სარდაფები აქვთ და თუ ამ სიცივეში იქ ჩავვარდებოდი, არ მინდა მელოდრამატული ვიყო, მაგრამ ეს ყველაფრის დასასრული იქნებოდა.
ორიოდე კვირის შემდეგ უისდალებს ვესტუმრე. ისინი უსაზღვროდ განათლებული ხალხი არიან, რომლებიც იმ წუთას სახლში შეგათრევენ და შვედური ნამცხვრეულით მუცელს ამოგივსებენ. წამოსვლისას თოვლიანი საწოლი ვახსენე. მორინმა მითხრა: „ეს დედაჩემის საწოლი იყო“ ყოველგვარი ირონიის გარეშე, ძალიან უბრალოდ თქვა. შეიძლება ის ამ საწოლზე დაიბადა, ვინ იცის?!  მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ დედამისი ამ საწოლზე გარდაიცვალა.

------------------------------------------------------                                                            
                                               


იუჯინ რიჩარდსი დაიბადა 1944 წელს დორჩესტერში, მასაჩუსეტსი.(აშშ) მან დაამთავრა Northeastern University და აიღო დიპლომი ინგლისურ ენასა და ჟურნალისტიკაში. ფოტოგრაფია კი მასაჩუსეტსის უნივესიტეტში შეისწავლა, სადაც მისი მასწავლებელი მაინორ უაითი იყო.  მისი პიველი წიგნი, „ცოტაოდენი სიმყუდროვე და სიურპრიზი. არკანზასის დელტა“ 1973 წელს გამოვიდა და არკანზასის სოფლის მაცხოვრებლების სიღარიბეს ასახავს. რიჩარდსი შტატგარეშე ფოტოგრაფად მუშაობდა ისეთ გამომცემლობებში, როგორებიცაა, LIFE, National Geographic  და the New York Times Magazine. შემდეგი მისი წიგნი „დორჩესტერის დღეები“ იმ ადგილას გავრცელებულ რასიზმს გვიხატავს, სადაც ის თავად დაიბადა. 1986 წელს კი გამოვიდა წიგნი „ცხოვრებაში შეჭრა“, რომელიც მისი პირველი მეუღლის დოროთი ლინჩის მკერდის კიბოსთან ბრძოლას ასახავს. შემდეგ გამოვიდა წიგნები „კოკაინი და სიმართლე. კოკაინი და სევდა“(1994), „მსუქანი ბავშვი“(2004) და „ ცისფერი ოთახი“ (2008), რომელიც ამერიკის მიტოვებულ და მივიწყებულ სახლებს ასახავს. იუჯინ რიჩარდსის რჩეული კადრიც, „თოვლიანი საწოლი“ ამ წიგნიდანაა.
ესეც წიგნის სხვა ფოტოები:       

                                                                                                                                                                                                                      








 
 

 


   

No comments:

Post a Comment