Wednesday, July 6, 2011

Victoria Ivleva “Apotheosis of War” – in Kutaisi, Georgia



ვიკტორია ივლევა „ომის აპოთეოზი“  ქუთაისში
                                                                 


  "ფოტოებს იმ იმედით ვიღებ,რომ ჩემი ნაშრომები ცოტათი მაინც შეცვლიან ადამიანების ცნობიერებას"

                ვიკტორია ივლევა













2011 წლის  4-9 ივლისს ქუთაისში  როზა ლუქსემბურგის სახელობის ფონდისა და ქუთაისის დ.კაკაბაძის სახელობის გალერეის  მხარდაჭერით მსოფლიოში ცნობილი რუსი ფოტოგრაფის,  ვიკტორია ივლევას ფოტოგამოფენა გაიმართა, სახელწოდებით, „ომის აპოთეოზი“ . გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა  42 ნამუშევარი, რომლებიც  1995-2005 წლებში გადაიღო ფოტოგრაფმა მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტურ ზონებში.  კადრები ძალიან ემოციური და რეალისტურია და მთელი სიცხადით ასახავს ომის დამანგრეველ გავლენას ადამიანების ცხოვრებაზე.  ფოტოები ტექნიკურად და კომპოზიციურადაც ზედმიწევნით გამართულია, რაც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს არ დაიკარგოს მთავარი თემის ძიებაში და მკაფიოდ  და სწორად წაიკითხოს ისტორია, რომლის მოწოდებასაც ფოტოგრაფი თავისი სიცოცხლისა  და ჯანმრთელობის რისკის ფასად ახერხებს. ბუნებრივი განათება, რომელსაც ძალიან ოსტატურად იყენებს ფოტოგრაფი, ისეთ რეალიზმსა და სიცხადეს მატებს ფოტოებს, რომ უნებურად თავი მნახველსაც სცენის თანამონაწილედ წარმოუდგება. თავად ფოტოგრაფიც, ჟანრს, რომელშიც მუშაობს, ადამიანთმცოდნეობას უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისთვის მთავარი ადამიანია და არა მოვლენა.
წლების მანძილზე ვიკტორია იღებდა სომხეთში, ყარაბაღში, დნეპრისპირეთში, ტაჯიკეთში, ავღანეთში, უგანდაში, ანგოლასა და რუანდაში. საქართველოში კი ის 1989 წლის 9 აპრილს მოხვდა. “ პირდაპირ გასვენებებში აღმოვჩნდი. იქ ბევრი ჩემი კოლეგა იყო, რომლებიც თითქოს "ესროდნენ" ფოტოაპარატიდან მგლოვიარე ადამიანებს. მივხვდი, რომ ეს ჩემთვის მიუღებელი იყო - არც ერთი ფოტო არ ღირს ამად. ეს  საქართველომ მასწავლა.“ იხსენებს ის.
გამოფენის გახსნაზე სისადავითა და თავმბდაბლობით გამორჩეულმა ნიჭიერმა ქალბატონმა ძალიან ცოტა ისაუბრა თავის საქმიანობაზე და აღნიშნა , რომ საქართველოსთან მას ძალიან ბევრი რამ აკავშირებს და რომ „გული აუჩქროლვდა“  როცა აქ ისევ დაბრუნდა. ბოლოს კი რუსეთის სახელით ბოდიშიც მოუხადა  ჩვენს ქვეყანას. „მე, როგორც რუსს მრცხვენია იმისა რასაც რუსეთი აკეთებს და დაე, საქართველოსაც შერცხვეს იმის, რასაც, ის სჩადის.“ - თქვა მან საუბრის ბოლოს.



ვიკტორია ივლევა დაიბადა ლენინგრადში. 1983 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამჟამად "Новоя газета" სპეციალური კორესპოდენტია. მსოფლიოში ერთადერთი ჟურნალისტია, რომელიც შევიდა ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის მეოთხე რეაქტორში. 1991 წელს მისმა ფოტორეპორტაჟმა დაიმსახურა უდიდესი მსოფლიო კონკურსის "WorldPressPhoto"  პრიზი "ოქროს თვალი."
1994 წელს რეპორტიორად იყო რუანდის ომში. 2003-2005 წლებში აფრიკაში , მონაწილეობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჰუმანიტარულ მისიებში.
2007 წელს გახდა რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი სერიისათვის "საბჭოთა კავშირი - პროდუქტი რღვევის შემდეგ."
2008 წელს მიიღო პრემია "აღმოსავლეთ ევროპის თავისუფალი პრესა."
ინტერნეტში ინფორმაცია ამ არაჩვეულებრივ ფოტოგრაფზე საკმაოდ მწირია და მისი ფოტოების პოვნაც გამიჭირდა. აი სულ რამდენიმე მათგანი, რომელთაც მივაკვლიე:













ჩერნობილის კადრები:








1 comment:

  1. chernobils ar velodi, sagol victorias :P

    (namdvilad kargi blogia, yochag...)

    ReplyDelete