Saturday, July 2, 2011

Pedro Luis Raota



პედრო ლუის რაოტა (26.04.1934-4.03.1986) მსოფლიოში ცნობილი არგენტინელი ფოტოგრაფია, რომელიც ამერიკული ფოტოგრაფიის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ითვლება.ის არის ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი არგენტინელი ფოტოგრაფი. მან თავისი ცხოვრების 52 წლის მანძილზე 3000 ოქროს მედალი მიიღო. მისი ფოტოგრაფია ცხოვრების დრამატულ მხარეებს სოცრად დახვეწილი იუმორითა და ირონიით გვანახებს. რაოტას ხშირად  აკრიტიკებდნენ, რომ ის კადრებს წინასწარ დგამდა, რაზეც ის პასუხობდა: “ფოტოგრაფი წარმოიდგენს ხოლმე სურათს და თუ მისი წარმოდგენილი გამოსახულება რეალურად არ არსებობს , ის თავად ქმნის მას, ზუსტად ისე, როგორც კინორეჟისორი ფილმს.“
პედრო ლუის რაოტა არგენტინის პროვინცია , ჩაკოში დაიბადა. მისი მშობლები ფერმერები იყვნენ და მათ მიწაზე მუშაობის გარდა , თავიანთი შვილისთვის სხვა პროფესია ვერც კი წარმოედგინათ, მაგრამ ახალგაზრდა პედროს არ იზიდავდა სოფლის მეურნეობა. მას სურდა დაეტოვებინა თავისი პატარა ქალაქი და სამყარო ენახა. მალე ასეც მოიქცა და გაემგზავრა სანტა ფეში, ვენესუელა. სწორედ აქ დაინტერესდა ის ფოტოგარფიით და საკუთარი ველოსიპედი გაყიდა, რომ ფოტოაპარატი ეყიდა. 
მოგვიანებით ის სამხედრო სამსახურში გაიწვიეს ქალაქ ვილაგუეიში. სამხედრო სამსახურის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ მან სერიოზულად დაიწყო ფოტოგრაფიის შესწავლა და ცდილობდა ბევრი გადაეღო. თავიდან ის ბევრს ვერ გამოიმუშავებდა, მაგრამ მისი სურვილი დაუფლებოდა ფოტოგრაფიას იმდენად დიდი იყო, რომ ხელს ვერაფერი უშლიდა. რაოტამ თავისი ფოტოები რამდენიმე ქალაქში ცნობილ ფოტოგრაფსაც აჩვენა, მაგარმ მათ ურჩიეს ფოტოგრაფიისთვის თავი დაენებებინა და ხელი სხვა საქმიანობისთვის მოეკიდებინა.  ამ ფაქტმაც ვერ შეაფერხა ის. საკუთარ არჩევანში დარწმუნებულმა იგივე ფოტოები ბუენოს აირესში ჩაიტანა, სადაც მათ მოწონება დაიმსახურეს და გამოფენაზეც მოხვდნენ. რაოტამ ფოტოაპარატი ხელში აიღო და საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობა დაიწყო. ცდილობდა თავისი ფოტოებით კრეატიულად და განსხვავებულად ეთქვა სათქმელი.
1958 წელს მან თავის პატარა ქალაქში ჩატარებულ ფოტოკონკურსში პირველი პრემია აიღო. ამით სტიმულირებულმა ფოტოები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგზავნა და რამდენიმე ჯილდოც მიიღო.
1966 წელს მან პირველი პრემია მიიღო ესპანური ჟურნალის „Hispanic Word”-ის მიერ ორგანიზებულ ფოტოკონკურსში. მისი ფოტოების მთავარი თემა არგენტინელი გაუჩოების ცხოვრება და ტრადიციები იყო. ეს მისი პირველი პრემია იყო, რომელიც მან თავისი ქვეყნის გარეთ მიიღო.
1967 წელს კანის ფესტივალზე მოეწყო გამოფენა, “უჩვეულო ფოტოები“, სადაც მან 2500 მონაწილეს შორის მეორე პრემია მიიღო.
1968 წელს მისი ჯილდოები უჩვეულოდ მრავლდება და მისი პოპულარობა იზრდება. ერთი წლის შემდეგ ის თავის კარიერეში ყველაზე მნიშვნელოვან ჯილდოს ღებულობს: მსოფლიოს საუკეთესო  გრაფიკული რეპორტიორი. ჯილდო მას ჰააგაში უნდა გადაცემოდა და ამან კი საშუალება მისცა ევროპაში ემოგზაურა.
 მომდევნო წლებში მისი ფოტოები არაერთი კონკურსის გამარჯვებულები ხდებიან ავსტრალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში.
1974 წელს პრავდა74 მას აჯილდოვებს პრემიით და ის მოემართება ყოფილ საბჭოთა კავშირში, რაც მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოგზაურობა იყო. 1977 წელს მისი ნამუშევრები თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოიფინა. ერთი წლის შემდეგ კი ხუთ ენაზე გამოდის მისი წიგნი, „Luis Raota“, რომელიც ის საუკეთესო ნაშრომებს აერთიანებს.
 მომდევნო წლებში ის ინტერესდება ფერადი ფოტოგრაფიით და აქვეყნებს 12 კადრისაგან შემდგარ პორტფოლიოს, რომლებიც გაუჩოების ცხოვრებას ასახავს. ფოტოები მაშინვე იპყრობენ კოლექციონერების ყურადღებას.
წლების განმავლობაში რაოტამ განავითრა თავისი სტილი, რომელიც აქცენტირებულად განათებული წინა პლანითა და შედარებით მუქი ფონით ხასიათდება. ეს სტილი მისი ერთგვარი საფირმო ნიშანი გახდა, რომელსაც მოყვარულებიც კი ერთი შეხედვით ცნობენ.
პედრო ლუის რაოტა 52 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ის მსოფლიოს ათ საუკეთესო ფოტოგრაფთა სიაშია შესული.
 მის ნამუშევრებს კი ზედმეტი კომენტარი ნამდვილად არ სჭირდებათ ... 























               


       
 









No comments:

Post a Comment