Tuesday, July 5, 2011

Otto Steinert






















              ოტო შტაინერტი

          ოტო შტაინერტი ალბათ ყველაზე ცნობილი გერმანელი ფოტოგრაფია. ის 1915 წლის 12 ივლისს დაიბადა  ქალაქ ზაარბრუკენში. 1939 წელს მან ექიმის დიპლომი აიღო და ომის დროს სამედიცინო სამსახურის ოფიცერი იყო. დემობილიზაციის შემდეგ მან კიდევ ორი წელი იმუშავა ექიმად. თავის პროფესიას შტაინერტი არაჩვეულებრივად უთავსებდა თავის გატაცებას, ფოტოგრაფიას, განსაკუთრებით კარგად კი ფსიქოლოგიური პორტრეტები გამოდიოდა და მალე მიაღწია კიდეც  წარმატებას ამ სფეროში. ორმოციან წლებში ის გერმანიაში ყველაზე ცნობილი მოყვარული ფოტოგრაფი იყო.  პროფესიონალ ფოტოგრაფად  კი ის ერთი შემთხვევის გამო იქცა. საავადმყოფოში, სადაც მუშაობდა რემონტი დაიწყო და მან გადაწყვიტა სამუშაოების დასრულებამდე ფული თავისი ჰობით გამოემუშავებინა.  მისი გადაწყვეტილება იღბლიანი აღმოჩნდა - 1948 წელს მან შეწყვიტა სამედიცინო პრაქტიკა და ხელი მიჰყო  პროფესიონალურ ფოტოგრაფიას. სულ მალე შტაინერტი ფოტოხელოვნებას ასწავლიდა ზაარბრუკენის ხელოვნების სახელმწიფო სკოლაში, შემდეგ კი დიზაინის სკოლაში ესენში, სადაც ის მოგვიანებით გარდაიცვალა.

1949 წელს ოტო შტაინერტმა ჰაიეკ ჰალკესთან, პიტერ კეტმანთან და სხვა ფოტოგრაფებთან ერთად  დაარსა საზოგადოება, “Photoform”, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის გერმანული და მსოფლიო ფოტოგრაფიის განვითარებაზე. წევრებმა თავიანთი ინოვაციური ნამუშევრები ფოტოკინაზეც გამოფინეს 1950 წელს. ფოტოგრაფები ქმნიდნენ ძირითადად აბსტრაქტულ სურათებს და ფირზე მანიპულირებას ახდენდნენ ბეჭდვისას. შტაინერტი სხვადასხვა ჟანრში იღებდა ძალიან მკვეთრი, უხეში სტილითაც კი. კონტრასტული  გამოსახულებები, რადიკალური კადრირება, სიურეალისტური, აბსტრაქტული სტრუქტურები და სოლარიზაცია მისი ექსპერიმენტების არასრული ჩამონათვალია.
1951 წელს შტაინერტმა ჩაატარა პირველი თავისი სამი გამოფენიდან, რომელთაც ერთი საერთო სახელი აერთიანებდათ - „სუბიექტური ფოტოგრაფია“, სადაც მან წარმოადგინა  30-იანი წლების ავანგარდისტი და ასევე ახაგაზრდა გერმანელი ფოტოგრაფების ნამუშევრები. გამოფენის პოპულარობა გასაოცრად დიდი იყო.  ტერმინი, „სუბიექტური ფოტოგრაფია“ 50-60-იანი წლების გერმანული ფოტოგრაფიის სახელად იქცა, რომელმაც გავლენა ევროპის, ამერიკისა და აზიის ფოტოგრაფიაზეც კი მოახდინა.
ოტო შტაინერტი  1978 წლის 3 მარტს, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 




 



 





No comments:

Post a Comment