Saturday, July 30, 2011

Interview with Gottfried Helnwein



„ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე დიდებთან. მათთან ყველაფერი  მარტივი და უფრო მეტი აზრის მატარებელია, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ბავშვების სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია, ფანტაზიას საზღვრები არ აქვს და ჯადოქრობა და სასწაულები მათი ბუნებრივი სამყაროს ნაწილია. დიდებთან ურთიერთობა, კი, მეორეს მხრივ, ძალიან შეზღუდულად და გართულებულად მეჩვენება. და ჩვეულებრივ მოსაწყენია. მაგრამ, საუბედუროდ, სამყაროს დიდები მართავენ, ისინი ადგენენ კანონებს და ბავშვებს უწევთ გაიარონ მათი დამანგრეველი პროგრამა, რასაც განათლება ქვია. როგორც კი, ისინი ამ მხარეს გადავლენ ყველაფერი მთავრდება, მათი ჯადოქრობა იკარგება და ისინი ხდებიან მოქალაქეები, ჯარისკაცები, მოხელეები, ფსიქიატრები, პოლიტიკოსები, საიდუმლო აგენტები, ბანკირები, მეძავები ან სხვა მსგავსი საინტერესო რამ.“



                            გოტფრიდ ჰელნვაინი

             გოტფრიდ ჰელნვაინი ავსტრიაში დაიბადა 1948 წლის 8 ოქტომბერს, თუმცა ახლა ირლანდიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის ფოტოგრაფი, მხატვარი და უამრავი ინსტალაციისა და პერფომანსის ავტორია. მან განათლება ვენის სახვითი ხელოვნების აკადემიაში მიიღო( "Akademie der Bildenden Künste"). სწავლის პერიოდში ესწრებოდა რუდოლფ ჰაუსნერის (Rudolf Hausner) მასტერ კლასებს და  დაჯილდოვდა მასტერ კლასის პრემიით. მოგვიანებით, კი კარდინალ კენიგისა და თეოდორ კერნერის პრემიებით.
               ჰელნვაინის  ადრეული ნამუშევრები   ჰიპერრეალისტური აკვარელის ფერებით ხასიათდება, რომლებზეც ხშირად დაჭრილი ბავშვები ან სხვა მოქმედებებია ასახული, თუმცა, ძირითადად, ისინიც ბავშვებს ეხება. ის  კონცეპტუალისტი მხატვარია და პირველ რიგში ფსიქოლოგიური და სოციალური მოვლენები და პოლიტიკური თემები აინტერესებს. შედეგად მისი ნამუშევრები ხშირად  პროვოკაციულად და საკამათოდ ითვლება. მისი გამოფენები და ქცევები ხშირად იწვევს ნეგატიურ რეაქციებს. ერთი გამოფენა დაიხურა კიდეც ძალადობრივი პროტესტის გამო. სამოცდაათიანი წლების ბოლოს ჰელნვაინი ინტერესდება პოპ კულტურაში მოღვაწე ფიგურებით,  განსაკუთრებით კი, უოლტ დისნეის პიროვნებით და შემოქმედებით. ამ პერიოდში შეიქმნა მისი პოსტერების, ფირფიტების გარეკანების და ჟურნალების ესკიზები. მას მედიასთან დაკავშირებულმა კომერციულმა საქმიანობამ მისი დროის დიდი ნაწილი დაიკავა, თუმცა ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ გზით მან შეძლო ფართო მასებთან დაკავშირება და უფრო დაუახლოვდა არტ ბიზნესის სამყაროს.      
               გოტფრიდ ჰელნვაინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ილუსტრატორიცაა. 1982 წელს მას ჰამბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში შესთავაზეას თანამდებობა, რაზეც მან უარი თქვა. 1985 წელს გერმანიაში  გადავიდა და დაიწყო დიდი ფორმატის ფოტოებისა და ნახატების აბსტრაქტული მანერით შერწყმა. 1997 წლიდან ის ცხოვრობს და მოღვაწეობს ირლანდიაში.
                   2004 წელს, სან ფრანცისკოს სახვით ხელოვნების მუზეუმში გაიმართა მისი ერთი ადამიანის შოუ - „ჰელნვაინი-ბავშვი“ ("Helnwein - The Child"). 2005 წელს , კი მისი ნამუშევრების რეტროსპექტივა მოეწყო ჩინეთის სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმში აკრძალულ  ქალაქ  ბიიჯინგში.
                 შემდგომი ინერვიუ, კი ჩაწერილია თურქეთში, 2006 წლის 10 აგვისტოს, ჟურნალისათვის  Bak.



ჩვენი მეხუთე გამოცემის თემაა „თამაში“.  გახსოვთ რას თამაშობდით, როცა პატარა იყავით?


ჩემს მეხსიერებაში ადრეული ბავშვობის ხანა ბნელი და მდუმარეა. ბევრი არაფერი ხდებოდა. არა  ფერები, არა სიმღერა, არა სიცილი. ეს იყო ომის (მეორე მსოფლიო ომი)  შემდგომი ვენა, ნამდვილად ძალიან დეპრესიული ადგილი იმ პერიოდში. ერთადერთი სათამაშო, რომელიც მახსენდება იყო ლიმბო - წითელი დათუნია, რომელიც ბებომ გამიკეთა. ძალიან მიყვარდა ეს მუნჯი და უშნო პატარა არსება და სულ მაგრად მყავდა ჩახუტებული, თუმცა მას ისეთი გამომეტყველება ქონდა, თითქოს ლობოტომია გადაეტანოს და თამაშის განწყობა დაკარგვოდეს. მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვალა ერთ დღეს, როცა პირველად გადავშალე ჩემი იხვი დონალდი - ამ წიგნის საშუალებით მე შევედი დაკბურგის (Duckburg) წმინდა ტერიტორიაზე. პირველად ცხოვრებაში დავინახე ფერები და მივხვდი, რომ საოცრებათა სამყაროში ვიყავი, რომელსაც არ ქონდა საზღვრები და ქონდა შეუზღუდავი შესაძლებლობები. ხოლო როცა ბიზნესმენ სკრუჯს შევუერთდი და მასთან ერთად ჩავიძირე ფულის დასტებში, პირველად განვიცადე თამაშის სიამოვნება და ასე მგონია, იმ დღეს დავიბადე.


ახლო წარსულში სატელევიზიო პროგრამები და საბავშვო კომიქსები უფრო გულუბრყვილო იყო. ისინი შექმნილი იყო რბილი, ნაზი ნახატებით და აკომპანირებული იყო კლასიკური მუსიკით. დღეს კი მხოლოდ ომი და ძალადობაა პროგრამების მთავარი თემა.


ჩვენ ისეთ ხანაში ვცხოვრობთ, როცა მატერიალიზმმა საბოლოოდ იზეიმა. სამყარო გათავისუფლდა ზღაპრების, ელფების, ჯადოქრების, მოჯადოებული სასახლეებისა და დამალული განძებისგან. ოცნება და ფანტაზიორობა, დღეს უკვე,  ბავშვის ტვინის ქიმიურ დისბალანსად მიიჩნევა. ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებით, აღარ არსებობს წარმოსახვის სამყაროები, რომ თავი შეაფარო. ბავშები დიდების მსგავსად დგანან ამ შეუბრალებლობის  წინაშე. ისინიც ჩართულები არიან ამ საერთო საგიჟეთში - ფასიანი ქაღალდების ბაზარი, ომი, ძალადობა,  სატელევიზიო მორონიზმი, პროზაკი, ციხის ბანაკები, მის სამყაროების კონკურსები, გენური ინჟინერია, ბავშვების პორნოგრაფია, რონალდ მაკდონალდსი, პარიზ ჰილტონი და წამება.


თქვენ დიდებთან ურთიერთობას პატარებთან ურთიერთობას ამჯობინებთ. ამბობთ, რომ მათ სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია და მათი ფანტაზია არაფრით არის შეზღუდული. ეს არის დიდი ძალა, რომელიც დიდებს აღარ აქვთ. რომ მოგეცეთ შანსი დღევანდელი ცოდნით დაბრუნდეთ თქვენს ბავშვობაში, როგორ შეცვლიდით თქვენს ცხოვრებას?


ფაქტიურად, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი გაზრდა სრული  წარმატებით დასრულდა. მე ისევ ვერ ვძლიე ჩემი ბავშვური, გულუბრყვილო გაოცება ამ უცნაურ სამყაროს მიმართ. ჩემი ცხოვრება უფრო წარმატებული შეცდომების დაშვებასა და ძაღლის ნეხვში სიარულში იყო. მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი მესწავლა საკუთარი faux pases, (ფრ.არასწორი, საზოგადოებისთვის მიუღებელი საქციელი) და, რომ შემეძლოს ყველაფერი თავიდან დავიწყო, უამრავ რამეს სულ სხვაგვარად გავაკეთებდი. პირველ რიგში,  ყურად არ ვიღებდი მთელს ამ გაბღენძილ, თვითმარქვია ავტორიტეტების რჩევებს, რომლებიც მართავენ ჩვენ საზოგადოებას და „კეთილი განზრახვებით“ შეპყრობილები  „ზრუნავენ“  ჩვენზე.


თქვენ განსაკუთრებით ცნობილი ხართ იმ დეპრესიული გარემოთი, რომელსაც თქვენს ნამუშევრებში ქმნით. გარდა ამისა, თქვენი სახელოსნოც იგივე განცდას იწვევს, თუ მას გარედან შეხედავთ. ეს იდუმალი სტილი ასახავს თქვენს პიროვნებას და ცხოვრების სტილს?


ლეონარდომ თქვა : „ მხატვრის გონება სარკესავით უნდა იყოს  და ის ფერი მიიღოს, რომელსაც აირეკლავს.“ იყო დღევანდელი სამყაროს სარკე ჯოჯოხეთური საქმეა, მაგრამ მე არ შემიძლია არ ავირეკლო, რაც ჩემ გარშემო ხდება, მაგალითად, ერაყსა და ლიბანში დამახინჯებული ბავშვების გვამები, მას შემდეგ, რაც  „სამშვიდობოებმა“ მათ ტვინები დაანთხევინეს თავიანთი თეთრ-ფოსფორისფერი ბომბებით. ასეთი სურათები ტელევიზორისა და კომპიუტერის ეკრანებიდან არ ჩამოდის. დიახ, ჩემს სურათებში არის ამის ანარეკლი, მაგარმ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ადამიანს ხედავ სარკის უკან.
გულის სიღრმეში მე იტალიური რენესანსის ხანის ადამიანი ვარ: ვცხოვრობ დიდ სახლში, დიდ ოჯახთნ და ბევრ მეგობართან ერთად: მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები, ბავშვები, ცხოველები და სხვა კეთილი უცნაურობებით გარშემორტყმული . ჩვენი სადილები, მსგავსად სამხრეთ იტალიისა, დაუსრულებლად გრძელდება. ჩვენ ვსაუბრობთ ფილოსოფიაზე, ხელოვნებაზე, პოლიტიკასა და ისტორიაზე. ვუკრავთ მუსიკას, ვყვებით ლექსებს. ზოგიერთი ჩვენგანი ცხენითაც ჯირითობს. ჩემი ცოლი, კი, სოფლის პაბებში უძველესი ცეკვების დადგმაშიც ღებულობს მონაწილეობას. ხანდახან მეც სიამოვნებით ვტოვებ ჩემს ალქიმიურ კოშკს და ვკითხულობ და ვსწავლობ.


რომელი მხატვარი და ხელოვნების მიმდინარეობა იყო თქვენი შთაგონება, როცა თქვენ საკუთარ სტილს ქმნიდით?


კარლ ბარკსის დაკბურგის( Duckburg) სამყარო და გვიანი მეთვრამეტე საუკუნის და ადრეული მეცხრამეტე საუკუნის  „რომანტიკული“  ხანა ევროპაში - ორივემ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ასევე გოია, ფრენსის ბეკონი, ედგარ ალან პო, არტურ რემბო, ანტონენ არტო, უილიამ ბეროუზი და ბუკოვსკი. მუსიკაში, კი, ბახი, მოცარტი, რიჩარდ ვაგნერი, ბლუზი, როლინგ სტოუნზი, კაპიტან ბიფჰარტი, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია უსასრულოდ გრძელი სიისა.


როგორც ძალიან ნიჭიერი მხატვარი, რომელიც ფოტოებსაც იღებს, რას ფიქრობთ ჰიპერრეალიზმზე და რატომ მიანიჭეთ მას უპირატესობა?


დიდად არ მადარდებს ეს მარკები და იზმები.  მე არ ვარ ხელოვნების ისტორიკოსი და არ ვარ დაინტერესებული ხელოვნების ტექნიკური ასპექტებით. მე ხელოვნების იმ ხარისხით ვარ დაინტერესებული,  რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ემოციური მუხტი, შეუძლია შეგეხოს, შეგძრას, შეგაძრწუნოს და მთელი შენი შინაგანი სამყარო თავდაყირა დააყენოს.


რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენს ნახატებში,  ესთეტიკა თუ დამთვალიერებლების „გრძნობები“?


ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, ეს თუ ეს. რადგან ხელოვნებაში ერთი იწვევს მეორეს.


მსახიობმა და რეჟისორმა შონ პენმა თქვა: „ გოტფრიდ ჰელნვაინი ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი მოქმედი მხატვარია“ არა მხოლოდ თქვენი მეგობრები და კოლექციონერები, არამედ ადმიანები მთელს მსოფლიოში გიცნობენ თქვენ და თქვენ შესანიშნავ  ნამუშევრებს. ეს ნიშნავს, რომ გოტრფიდ ჰელნვაინი არასოდეს მოკვდება.  ეს თქვენ არ გახარებთ?


გმადლობთ, თქვენ ძალიან კეთილი ხართ. თუმცა, მართალი ხართ. მე არასოდეს მოვკვდები და მე ეს მომწონს!


კინემატოგრაფიით ხართ დაინტერესებული? თუ ასეა, რომელი რეჟისორი და ქვეყნის სტილი არის თქვენი ვიზუალური გაგებისთვის ყველაზე ახლობელი?


დევიდ ლინჩი - „დაკარგული ბავშვების ქალაქი“ ("City of Lost Children") , „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ ,  ოლივერ სტოუნი, შონ პენი, ფრანგული კინო, ელია კაზანი, ბილი უაილდერი, უოლტ დისნეი და ა.შ.


წარმოიდგინეთ, რომ არსებობს  ქვეყანა, სახელად „ჰელნვაინი“ და თქვენ მისი მმართველი ხართ. როგორი იქნება თქვენი დროშა? როგორი იქნება მმართველობის ფორმა?  როგორ ცხოვრებას მისცემს გოტფრიდ ჰელნვაინი  საკუთარ ხალხს?


ეს იქნება მეკობრეთა დროშა, რომელზეც იხვი დონალდი იქნება გამოსახული. ჩემს ქვეყანაში აკრძალული იქნება: ნებისმიერი სახის სამხედრო და საიდუმლო სამსახურები, ფსიქიატრიული საავადმყოფოები, ციხეები, ფასიანი ქაღალდების ბაზრები, გენური ინჟინერიით მოყვანილი საკვები, ატომური ელექტრო სადგურები, კოკა კოლა, მაკდონალდსი და კენტუკის შემწვარი წიწილები.



წყარო:  http://www.helnwein.com/presse/selected_articles/artikel_2811.html


 

 











 
















 



No comments:

Post a Comment