Sunday, June 5, 2011

Pierre Beteille


პიერ ბეტელი 


















             პიერ ბეტელი ( Pierre Beteille) ფრანგი არტ დირექტორი, ვებ დიზაინერი და ფლეშ დიზაინერია. მან პოპულარობა თავისი კრეატიული ავტოპორტრეტებით მოიპოვა, რომლებიც ფოტოშოპში,  ლაითრუმში და ხანდახან  ილუსტრატორშია მანიპულირებული. ის სამი წელი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტუდიაში-„Harcourt“ მუშაობდა და  ცნობილი  მოგზაური - ფოტოგრაფის, ერიკ ლაფორგის ფოტოებს ამუშავებდა. მოგვიანებით, კი ფოტოების გადაღება თვითონაც დაიწყო, ოღონდ საკუთარ თავს უღებს და უჩვეულო და კრეატიულ ავტოპორტრეტებს ქმნის. მისი ნამუშევრები გამოქვეყნდა:  Times, Geo Saison, National Geographic Traveler, La Stampa, Get Lost და Lonely Planet’s სხვადასხვა გამოცემებში. თუმცა, თავად ასე თვლის: „მე არც ფოტოგრაფი ვარ და არც მხატვარი,  უბრალოდ გამოსახულებებს  ვქმნი. მე ვიღებ საშუალო დონის, ან ცუდ ფოტოებსაც კი და ფოტოშოპის საშუალებით ვცდილობ მათ გაუმჯობესებას.“
თავის ცხობრებას კი ის ასე ყვება:
          „მე ფრანგი ვარ,დავიბადე ტულუზაში. სკოლის შემდეგ, სამი წელი ხელოვნებას ვსწავლობდი და პარალელურად სოციოლოგიაშიც ავიღე დიპლომი. სიმართლე, რომ ვთქვა, თავი „სერიოზული“ სამუშაოსათვის მზად არასოდეს მიგრძვნია და არც „სტაბილური ცხოვრების“ გზა მიძებნია ოდესმე.  ალბათ, ამიტომ დავთანხმდი დაუფიქრებლად პირველივე შემოთავაზებული სამსახურს და რადიოში დავიწყე მუშაობა. თავიდან ჩემს გადაცემას ვაკეთებდი,  შემდეგ პროდიუსერად ვმუშაობდი სამი წელი. მოგვიანებით, ტელევიზიაში გადავედი და იქ ოთხი წლის მანძილზე იგივე გზა გავიარე - ჯერ საავტორო გადაცემა მქონდა, შემდეგ კი მსხვილი ფრანგული ტელეარხების პროდიუსერი ვიყავი.
            რამდენიმე წლის შემდეგ გადავწყვიტე  მუშაობა შემეწყვიტა და დამესვენა. ბევრი ვიმოგზაურე, განსაკუთრებით აზიურ ქვეყნებში. როცა საფრანგეთში დავბრუნდი მუშაობა არტ დირექტორად დავიწყე  მულტიმედიურ კომპანიაში.  ორი წლის წინ ისევ ვიგრძენი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა, ამიტომ ვებ დიზაინერი გავხდი და სხვადასხვა პროექტებს ვკურირებ. ფოტოგრაფიით და რეტუშირებით, სხვათაშორის, არც ისე დიდი ხნის წინ დავინტერესდი. ფოტოგრაფია, შეიძლება ითქვას, ჩემი ჰობია. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასეა. მე ის არასოდეს შემისწავლია, მაგრამ ყოველთვის მიყვარდა გადაღება და ფოტოების დამუშავება. ფოტოგრაფად, ამ სიტყვის სრული გაგებით, მე თავი არ მიმაჩნია. მე უფრო ალბათ  „გამოსახულებების შემქმნელი“ ვარ. ფოტოჟურნალისტიკა მე არ მაინტერესებს, ისევე როგორც ქუჩის ფოტოგრაფია და რეპორტაჟები - არ მიყვარს რეალობის ამსახველი ფოტოები. ჩემი დამოკიდებულება ფოტოგრაფიისადმი უფრო ახლოა ხატვასთან და ფერწერასთან. ფოტოაპარატი ჩემი სამუშაოს მხოლოდ ერთი  ნაწილია, მეორე ნაწილი კი ფოტოშოპია, რომელიც საშუალებას მაძლევს გამოსახულებების შემდგომი მანიპულაცია მოვახდინო.“


პიერ ბეტელის შემოქმედებითი ავტოპორტრეტები
(ინტერვიუ)
           
რამდენი ხანია რაც არტ დირექტორი ხართ და რა გავლენას ახდენს თქვენი სამუშაო თქვენს ავტოპორტრეტებზე?

ბოლო რვა წელია არტ დირექტორი ვარ, მაგრამ არა მგონია ამას ჩემს ავტოპორტრეტებზე რაიმე სახის გავლენა მოეხდინოს. რათქმაუნდა, იმ ფაქტმა, რომ მე წლებია გამოსახულებებზე ვმუშაობ, გავლენა იქონია ჩემს ხედვაზე, მაგრამ ჩემი, როგროც არტ დირექტორის სამუშაოს ძირითადი ნაწილი კლიენტებთან და მენეჯერთა ჯგუფთან კომპრომისების მიღწევაა. ეს კი სწორედ ის არის, რაც  სურათებზე მუშაობისას არ მიწევს.

ყველაზე დიდ სიამოვნებას რა განიჭებთ ავტოპორტრეტების შექმნისას?

მე არ ვარ დაინტერესებული პეიზაჟების, ცხოველების, შორეული ტომების ან ქუჩაში ადამიანების გადაღებით. ათასობით ადამიანი აკეთებს ამას, ასობით, კი იმაზე უკეთ, ვიდრე მე შევძლებ ოდესმე. სინამდვილეში, მე პორტრეტები მიყვარს და არა ავტოპორტრეტები.  ავტოპორტრეტების გადაღება არ იყო ჩემი არჩევანი, მე მათ ნარციზმული მოტივებით არ ვიღებ, უბრალოდ ერთადერთი ხელმისაწვდომი მოდელი  მხოლოდ მე  ვიყავი, როცა ამ სურათების შექმნა დავიწყე. მირჩევნია მოდელებთან ვიმუშავო (განსაკუთრებით ლამაზ გოგონებთან  ჰა - ჰა...) , მაგარმ არ ვარ საკუთარ თავში საკმარისად დარწმუნებული და თან ძალიან მორცხვი ვარ საიმისოდ, რომ ვინმესთან მივიდე და პოზირება ვთხოვო. შეიძლება, ერთ დღეს, თუკი უფრო ცნობილი და აღიარებული ვიქნები (და თუ მათ გადახდას შევძლებ) ვიმუშავო მოდელებთან.

როგორია შემოქმედებითი პროცესი, საიდან მოგდით ასეთი საოცარი იდეები?

მე ფოტოგრაფიას  აღვიქვამ, როგორც მხატვრობას. ფოტაპარატი არის მხოლოდ ერთ-ერთი იარაღი. ფოტოშოპი კი საშუალებას მაძლევს შევქმნა ჩემი სურათები. ასე რომ, ამ პროცესის  პირველი და მთავარი ნაწილი ფოტოს გადაღება კი არა, არამედ იდეის პოვნაა. პირველად მოდის იდეა  და შემდეგ ვფიქრობ, როგორ განვახორციელო ის. გადაღებამდე ყოველთვის ზუსტად ვიცი, რისი მიღება მინდა. ჩემი შთაგონება ადამიანია - მისი აბსურდულობა, ირაციონალურობა და უმნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, შთაგონება შეიძლება მოდიოდეს პოლიტიკიდან,  რელიგიიდან , სიცოცხლე და სიკვდილისაგან, ისევე როგორც, საკვებისგან, ტელევიზიისგან და ჩვენი ყოველდღიური ქცევებიდან. ვცდილობ გადავიღო ისეთი ფოტოები, რომლებიც სხვადასხვანაირად იკითხება. პირველად ვხედავთ საგანს, შემდეგ ვამჩნევთ რაღაც დეტალს , რომელიც გვაძლევს ახალ ინტერპრეტაციას და ამგვარად მნახველმა ის შეიძლება მრავალნაირი ინტერპრეტაციით გაიგოს. მე ვცდილობ ადამიანებს ღიმილი მოვგვარო.

ჩვეულებრივ ამას რამდენი დრო სჭირდება?

მე ყველაფერს თვითონ ვაკეთებ და ამიტომ ძალიან დიდი დრო მჭირდება. ფოტოაპარატის წინაც და უკანაც მე ვდგავარ. დიდი დრო მჭირდება იმიტომაც, რომ არ ვარ ძალიან ნიჭიერი და ტექნიკურ დონეზეც არ ვარ ძლიერი და ამის კომპენსირება მძიმე შრომით მიწევს. ერთი სურათისთვის, ხანდახან   30 ან 60 ფოტოს ვიღებ, სანამ საჭირო გამომეტყველებას და განათებას არ მივიღებ. შემდეგ ვარჩევ საუკეთესოს და ექსპოზიციას, კონტრასტს და ფერებს ვასწორებ პროგრამაში, Lightroom. მომდევნო ეტაპი ფოტოშოპია და ამან შეიძლება გასტანოს  20-30 საათი.

თქვენს ნამუშევრებს სიურეალისტური ეფექტი აქვს.  რომელმა მხატვრებმა მოახდინეს თქვენზე გავლენა?

ეს შეიძლება პრეტენზიულად ჟღერდეს, მაგრამ არა მგონია, რომელიმე ფოტოგრაფს გავლენა მოეხდინოს ჩემზე. მე არც ვთვლი საკუთარ თავს ფოტოგრაფად. მე გამოსახულებებს ვქმნი და არა ფოტოებს. ჩემი საყვარელი ფოტოგრაფები არიან, ენი ლეიბოვიცი( Annie Leibovitz),  ალბერ უოტსონი( Albert Watson)  და  Philip Lorca di Corcia. ჩემს ნამუშევრებს, კი, როგორც ხედავთ მათთან საერთო არაფერი აქვთ. მეორე მიზეზი, რატომაც ვუარყოფ სხვის გავლენას, არის ის რომ, ჩემს ფოტოგრაფიას არ აქვს ერთიანი სტილი და ესთეტიკა და რაც მინდა , რომ ქონდეს. ვერ ვიტან ერთდაიმავე საქმის კეთებას ხანგრძლივად. მიყვარს ექსპერიმენტები და სწავლა. იმაზე უარესი არაფერი იქნება ჩემთვის, რომ ვიცოდე როგორ ფოტოებს გადაციღებ მომდევნო წელს. მთავარია ჩემი ფოტოები სხვებისას არ დაემგვანოს.

რას ურჩევდით მათ, ვისაც თქვენსავით კრეატიული ავტოპორტრეტების შექმნა სურს?

არა მგონია, საკმარისად ავტორიტეტული და კვალიფიციური ვიყო იმისთვის, რომ პროფესიული რჩევები მივცე ვინმეს. მე ახალგაზრდა არ ვარ, მაგრამ თავადაც დამწყები ვარ. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის რომ, ნუ ეცდებიან მიბაძონ სხვას. პირველ რიგში იპოვონ ის, რისი კეთებაც სურთ  და განსაზღვრონ როგორ შეიძლება მისი მიღწევა, შემდეგ კი ბევრი იმუშავონ!

გმადლობთ ინტერვიუსთვის, პიერ!  შესანიშნავი იყო.

              http://style.in.ua/dnepr/guide/1612/





























 




















No comments:

Post a Comment