Thursday, June 16, 2011

Gela Ghatchava – Just About My Favourite Photographer





“ხელოვნება, ესაა ამბიცია – გაუმჟღავნებელი  გრძნობები  გახადო  რეალური  (ან  პირიქით)”


 გელა ღაჭავა. 17. 06.1966

ანრი კარტიე-ბრესონი ამბობდა, რომ  კარგი ფოტო გულის , თვალისა და გონების ერთობლიობაა და მე ამ სიტყვებზე  ყოველთვის ჩემი მეგობარი მახსენდება, რადგან ის  დიდი გულის , მახვილი თვალისა და უჩვეულოდ მრავალმხრივი გონების პატრონია და ეს მის ფოტოგრაფიაში შესანიშნავად არის ასახული. მრავალი სხვა ფოტოგრაფის მსგავსად გელაც მხატვარობიდან მოვიდა ფოტოგრაფიაში, მაგრამ დღეს უკვე ძნელია თქვა, ის უფრო კარგი მხატვარია თუ ფოტოგრაფი, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს, რადგან მხატვრობა და ფოტოგრაფია ერთმანეთთან ყველაზე ახლოს მდგომი მედიუმებია. გელას ფოტოგრაფიაშიც, განსაკუთრებით ადრეულში,  ზღვარი მათ შორის ძალიან მკრთალია.  ზოგიერთი  ფოტო ზეთით  შესრულებულ ტილოს გავს, რომელზეც საღებავები ახლახან გაშრა.

 


გელას ფოტოების ნაწილი კი მკაცრად ფოტოგრაფიულ ჩარჩოებში ზის. გეომეტრიისა და ფორმების  შეგრძნება, დეტალების ზუსტი გადანაწილება და ორფეროვნება ქმნის სიმშვიდისა და ლამის ნიჰილიზმამდე მისულ  უშფოთველობის შეგრძნებას. გგონია, რომ ვიღაცის უხილავმა ხელმა შენს წინაშე გადაშლილი სამყარო დაალაგა - ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა და შენ ისღა დაგრჩენია, რომ შენში მიმდინარე ქაოსიც ამ წესრიგს დაუმორჩილო. ეს არის სიმშვიდის, დუმილისა და ფიქრის ფოტოგრაფია, რომლის მთავარი ღირებულება, ჩემი აზრით, მისი წაკითხვის არაერთგვაროვნებაშია. 

 
 

 
 

თუმცა , მე მაინც ვთვლი, რომ გელას ფოტოგრაფიის მთავარი თემა ადამიანი და მისი შინაგანი სამყაროა. მის პორტრეტებში ადამიანები გახსნილები არიან და  თავი ისე ბუნებრივად უჭირავთ, როგორც იმ ძველი მეგობრის წინაშე, ვისაც საკუთარი თავივით  ენდობიან. გრძნობ, რომ ფოტოგრაფმა მათ სულებში იმოგზაურა და ახლა შენ გთავაზობს იმავე გზის გავლას. პორტრეტების ამ სერიას , მისივე სიტყვებით დავასათაურებდი: ფოთლის   ვარდნის   ტრაექტორია – ის,   რასაც   ეძახიან   სულს.“

 
 
 
 




სამყაროში ყველაფერს აქვს თავისი გადამწყვეტი წამი, მომენტი, როცა რაღაც ჯადოსნური ძალით თუ საგანთა და მოვლენათა შემთხვევითი გადანაწილებით ყველაფერი თავის ადგილზე განლაგდება და ჩემი აზრით, ფოტოგარფის თვალი, ნიჭი და მზაობაც სწორედ ამ დროს დგება ყველაზე დიდი გამოცდის წინაშე.  გელას შემოქმედება სავსეა ფოტოებით , სადაც  სწორედ ასეთი მომენტებია დაჭერილი - წამის მეასედში გააზრებული და ტექნიკურად და კომპოზიციურად მთელი სიზუსტით გადმოცემული. 

 
 
 
 
 
 
 

როგორც ყველა ნიჭიერი ადამიანი, გელაც სულ ახლის ძიებაშია, ექსპერიმენტობს, ეძებს ახალ თემებს თავისი შემოქმედებისთვის. შედეგად იქმნება უამრავი საინტერესო ფოტო, რომლებშიც კარგად ჩანს მისი უშრეტი ფანტაზია, მახვილგონიერება, იუმორი და დახვეწილი გემოვნება.

 
 
 




PS
გე, გილოცავ დაბადების დღეს! წარმატებებს გისურვებ!...:)

1 comment:

  1. გელა გილოცავ დაბადების დღეს. ნა, ძალიან კარგი მეგობარი ხარ!!! მიყვარხართ...

    ReplyDelete