Tuesday, June 28, 2011

Bob Carlos Clarke


ბობ კარლოს კლარკი (24.06.1950-25.03.2006)

© სკარლეტ კარლოს კლარკი



"ფოტოს შექმნა შინაგანი ძალების უდიდეს დაძაბვას მოითხოვს. როცა ყველაფერი ისე გამოდის, როგორც საჭიროა, თავს გამარჯვებულად გრძნობ, მაგრამ თუ რაიმე ისე არ არის, სიკვდილი გინდა."










 ბობ კარლოს კლარკი - ბრიტანული პასუხი ჰელმუტ ნიუტონს


ბობ კარლოს კლარკი 1950 წლის 24 ივნისს დაიბადა კორკის საგრაფოში, ირლანდია, გადამდგარი სამხედროს ოჯახში.  ავტობიოგრაფიულ წიგნში „სექსის ფოტოგრაფირება“ (Shooting Sex) ის ყვება, რომ თავისი ცხოვრების პირველი ათწლეული მშვენივრად გაატარა იქ.  1964 წელს ის სასწავლებლად ინგლისში, პრესტიჟულ და საკმაოდ ძვირადღირებულ ველინგტონის კოლეჯში გაგზავნეს. 1970 წელს მან დასავლეთ სასექსის ხელოვნების  კოლეჯში ჩააბარა და სწორედ იქ დაინტერესდა ფოტოგრაფიით და სხვათაშორის, ძალიან სასაცილო მიზეზით. „ ფოტოგრაფიაზე არც კი მიფიქრია, სანამ ერთ გოგონას არ შევხვდი, რომელიც ფულს მოდელობით შოულობდა.  ერთ-ერთმა მისმა ნაცნობმა მითხრა, რომ თუ მისი საწოლში ჩაწვენა მინდოდა, პოზირება უნდა მეთხოვა... და , აი, ასე გავხდი ფოტოგრაფი.“ იხსენებს კლარკი. ასე მან მეუღლეც შეიძინა, თუმცა დიდი ხნით არა.
70-იანი წლების დასაწყისში ის სწავლობდა ლონდონის პოლიგრაფიულ კოლეჯში, 1975 წელს კი მაგისტრის წოდება მიიღო სამეფო ხელოვნების კოლეჯში. ამ პერიოდში მისი მეგობრის, ალენ ჯონსის რჩევით მან დაიყო რეზინის კოსტიუმებში ჩაცმული, უფრო სწორად, ნახევრადჩაცმული მოდელების გადაღება. ამ სტილმა მას დიდი პოპულარობა მოუტანა, თუმცა გარკვეულწილად სკანდალური რეპუტაციაც დაუმკვიდრა, როგორც “ფეტიშისტური სტილის“ შემქმნელს.
1979 წელს გამოვიდა ანაის ნინის ეროტიკული მოთხრობების კრებული, “ვენერას დელტა“ (Delta of Venus), რომელიც კლარკის ფოტოებით იყო ილუსტრირებული. ამის შემდეგ გამოქვეყნდა მისი ფოტო ალბომები, „Obsession, 1981 და „The Dark Summer, 1985. ამ წიგნებმა გაამყარეს კლარკის პოპულარობა, მაგრამ ვერ მოუტანეს მას სასურველი ფინანსური თავისუფლება, რისკენაც ის მთელი ცხოვრება წარუმატებლად მიისწრაფვოდა. „ რადგან მე დიდი სტუდია მქონდა, რომელიც იაფი არ მიჯდებოდა და არ ვიყავი ამერიკელი ლეგენდა ლეგენდარული შემოსავლებით, მომიწია გავმხდარიყავი  ფართე პროფილის ფოტოგრაფი.“ - იხსენებს კლარკი. ის ბევრს მუშაობდა რეკლამებზე . მონაწილეობად ისეთი ფირმების სარეკლამო კომპანიებში, როგორებიცაა, «Levi's», «Agfa», «Volkswagen», «Pirelli», «Smirnoff», «Wallis», «UrbanStone» და სხვები. აქაც მან თავისი ნიჭიერება გამოავლინა და მისმა Wallis-თვის გაკეთებულმა ფოტოების სერიამ , სახელწოდებით, «Dress to Kill» არაერთი ჯილდო მიიღო, როგორც საუკეთესო სარეკლამო ფოტოებმა.





მაგრამ, ყველაზე ხშირად მას მაინც შიშველი ნატურის გადასაღებად იწვევდნენ და იქ ის იდგა მოწოდების სიმაღლეზე. ზოგიერთ მის სარეკლამო ფოტოზე კრიტიკოსები სიბრაზისგან ხტოდნენ და მათ ყველაზე უხეშ ფოტოებად თვლიდნენ, რაც კი ოდესმე სარეკლამო ბილბორდებზე დაუტანიათ. თუმცა დამკვეთები კმაყოფილები იყვნენ, ისევე როგორც თავად ფოტოგრაფი. “ წარმატებული ნიუ ფოტოსესიის შემდეგ გული ორჯერ უფრო სწრაფად მიცემს“... „ფოტო, რომელიც არავის აღელვებს უსარგებლოა. მინდა ჩემი ფოტოები, რამდენადაც შესაძლებელია სექსუალურობით იყოს დამუხტული, რომ მათ პირდაპირ იმოქმედონ მამაკაცის ცხოველურ ინსტიქტებზე.“ - ამბობდა კლარკი.
კლარკს არ უყვარდა პროფესიონალი მოდელები. ის ბევრ დროს უთმობდა ღამის ბარებსა და კლუბებში სიარულს და ეძებდა ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც რისკის ფასად ეძებდნენ სექსუალურ თავგადასავლებს. უმეტესობა მათგანს არცერთი პრესტიჟული სააგენტო ზღურბლზეც კი არ გადააბიჯებინებდა, ზოგიერთი მათგანი ძალიან დაბალი იყო , ზოგს პატარა მკერდი ჰქონდა ან ძალიან დიდი უკანალი. კლარკი , კი პირიქით თვლიდა, რომ იდეალური ფორმები მოდელს და შემდეგ უკვე ფოტოს ძალიან მოსაწყენს ხდიდა. „მომზადებული მოდელი ნახევრად მზა პროდუქტს გავს, სხვა მზარეულის მიერ ნახევრად მომზადებული კერძივითაა“... „ ეს მაგონებს სიყვარულით სექსსა და ფულისთვის სექსს შორის განსხვავებას.“
1980 წელს ფოტოგრაფმა გადაწყვიტა წარმატება აშშ-ში ეძებნა, მაგრამ იქ მას მარცხი ელოდა. მისი სიტყვებით, იქ მხოლოდ სექსუალური უმცირესობის ფოტოები ფასობდა. „ მე იქ მაშინ შევიჭერი შიშველი ქალების ფოტოებით, როცა ჰეტეროფობიის ეპიდემია მძვინვარებდა.“ ასე რომ, ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ვერ შეძლო გამხდარიყო  „ამერიკული  ლეგენდა“
80-იანი  წლების ბოლოს კლარკი ჩამოშორდა ეროტიკას. 1990 წელს გამოვიდა მისი ფოტოებით ილუსტრირებული ცნობილი ინგლისელი შეფ მზარეულის, მარკ პიერ უაითის წიგნი, «White Heat». „საფრთხითა და თავგადასავლებით სავსე გარემოში გული გამალებით მიცემდა და მივხვდი, რომ რეალური ცხოვრება უფრო საინტერესოა, ვიდრე  ფანტაზიები.“ 


მომდევნო ათწლეულის მანძილზე კლარკი ცდილობდა თავი დაემკვიდრებინა ფოტოჟურნალისტიკაში, პორტრეტებისა და ნატურმორტების გადაღებაში. გარდა ამისა, ის მონაწილეობდა პრესტიჟულ სარეკლამო კომპანიებში და ასწავლიდა ფოტოხელოვნებას სხვადასხვა კურსებზე. ეს მას საშუალებას აძლევდა, რომ თავისი საქმის მიღმა არ აღმოჩენილიყო, მაგრამ უფრო წარმატებული და პოპულარული ვერ ხდებოდა. უფრო მეტიც, ზოგიერთმა ფოტო სააგენტომ და ჟურნალმა უარი თქვა მასთან მუშაობაზე. თუმცა ამან ის ვერ შეაფერხა და ფსევდონიმით დაიწყო თავისი ფოტოების გაყიდვა.
XXI საუკუნის დასაწყისში კლარკი დაუბრუნდა იმ ჟანრს, რომელმაც მას პოპულარობა მოუტანა. „ მე დედა-დედოფალს ვგავარ, რომელიც სამოცი წელია ერთდაიმავე ვარცხნილობას ატარებს. მივხვდი, რომ ჯობია ის აკეთო, რაც ყველაზე კარგად გამოგდის."  2000 წელს მან გამოსცა წიგნი „სექსის ფოტოგრაფირება“ (Shooting Sex), ქვესათაურით- „მომხიბვლელი უცნობი გოგონების გახდის სრული სახელმძღვანელო“ წიგნში შესულია ფოტოგრაფის საუკეთესო ეროტიკული ფოტოები, მის მიერვე მოთხრობილი საკუთარი ცხოვრება და უამრავი რჩევა. „აკეთეთ ეს სიამოვნებისთვის, იმისთვის, რომ გოგონა საწოლში შეიტყუოთ, მაგარმ არ დაგავიწყდეთ, რომ მთავარია შედეგი.“
2004 წელს ინგლისში გაიმართა მისი პირველი პერსონალური გამოფენა სახელწოდებით, «Love Dolls Never Die». გამოფენის შემდეგ ფოტოგრაფმა განაცხადა, “მე დავუბრუნდი საყვარელ საქმეს და ბედნიერი ვარ და მალე უფრო ბედნიერი ვიქნები, რადგან ვაპირებ გადავიღო მხოლოდ ის, რაც მომწონს.“ თუმცა მოვლენები,სამწუხაროდ, საპირისპიროდ განვითარდა.  კლარკის მეორე ცოლი ამბობდა, რომ ის ასაკის მატებასთან საკუთარი თავის რწმენას კარგავდა  და თავს უიღბლო და წარუმატებელ ადამიანად თვლიდა.  მისი შემობრუნება მისმა ერთადერთმა ქალიშვილმა, სკარლეტმაც კი ვერ შეძლო, რომელსაც ის აღმერთებდა.  „მე ვერასოდეს მივაღწევ იმ დიდებას, რომელზეც ვოცნებობ, ამიტომ ამისთვის ერთადერთი გზა სიკვდილია“- უთქვამს კლარკს მეუღლისთვის.
2006 წელს  55 წლის ფოტოგრაფი ლონდონის ჩრდილოეთ დასავლეთ ნაწილში მდებარე პრიორის ჰოსპიტალში გადიოდა გამოკვლევას. 25 მარტს, დილით, მან მომსახურე პერსონალს უთხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა და ჰოსპიტალიდან გავიდა. ის უახლოეს რკინიგზის გადასასვლელთან მივიდა , დამცავ ბარიერს გადაახტა და მოახლოებულ მატარებელს ბორბლებში ჩაუვარდა.
       როგორც საერთოდ ხდება მისმა თვითმკვლელობამ ძალიან გაზარდა მისი პოპულარობა - ამაში ის არ შემცდარა. მისი ხელმოწერილი ფოტოების ფასი ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება, ეროტიკული ფოტოების ალბომები , კი იშვიათად თუ გამოვა მისი ფოტოების გარეშე. მას ჰელმუტ ნიუტონის ბრიტანულ პასუხს უწოდებენ.

სრულად ბობ კარლოს კლარკის შემოქმედება შეგიძლიათ ნახოთ აქ 

                                 
                      
                                   









 

   


















 

No comments:

Post a Comment