Tuesday, April 5, 2011

Interview with Cristina Rodero


Cristina Rodero



„მინდა ვისაუბრო ადამიანებზე, ცხოვრების ორსახეობასა და დაპირისპირებებზე, ძველ ტრადიციებსა და ახალ  რიტუალებზე, ბუნებრივსა და ზებუნებრივზე, რელიგიასა და წარმართობაზე, ტკივილსა და სიამოვნებაზე, ადამიანებსა და ღმერთებზე, სულსა და სხეულზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე.“



ინტერვიუ ქრისტინა გარსია როდეროსთან 

ექსპატ პრაკრიტი ბჰანოტი (Expat Prakriti Bhanot) ესაუბრება ერთ-ერთ უდიდეს ესპანელ ფოტოგრაფს ქრისტინა გარსია  როდეროს. ქრისტინა მესამე ადამიანია, რომელმაც უმაღლესი ეროვნული ჯილდო მიიღო თავისი ფოტოგრაფიისთვის ესპანეთში. მას ეკუთვნის ფოტოგრაფიული წიგნები "Rituales en Haiti" და "Rituales y Fiestas en España".


რატომ გახდით ფოტოგრაფი?

ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდას მსურდა მენახა სამყარო და მომეთხრო ადამიანების ცხოვრებაზე, მათ ემოციებზე, ცხოვრების დონეზე. მაგრამ არ მინდოდა ეს წიგნების საშუალებით გამეკეთებინა.

მოგვიყევით თქვენი მოგზაურობების შესახებ

14 წლის ასაკში ჩემი ახლობელი ადამიანების გარდა სხვა საინტერესო რამეების შემჩნევა დავიწყე. ყველაფერს ვაკვირდებოდი რაც ჩემს აღტაცებას იწვევდა. 16 წლისამ დავზოგე საკმარისი ფული, რომ ჩემი პირველი საკუთარი ფოტო აპარატი მეყიდა.
ვთვლიდი, რომ ფოტოგრაფია იყო ჩემი ჰობი და ხატვა მთავარი მიმართულება. შემდეგ აღმოვჩნდი მადრიდის ფოტოგრაფიის უნივერსიტეტში. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ჩემს ცხოვრებაში. მე შევედი ფოტოების გამჟღავნების სამყაროში და დავიწყე ექსპერიმენტები.
მოგვიანებით ვიყიდე სტუდია და ვიმოგზაურე ესპანეთში. მოვიარე ბევრი პატარა სოფელი და გადავიღე ადგილობრივი ტრადიციები, დღესასწაულები და კულტურა. ამ პროექტის განმავლობაში გავაცნობიერე, რომ ჩემი პირველი და ერთადერთი სიყვარული იყო ფოტოგრაფია. მე ბევრი ვიმოგზაურე ესპანეთში და საზღვარგარეთ და გამოვაქვეყნე ფოტო ალბომი, რომელიც ჩემი 15 წლიანი მოგზაურობის შეჯამება იყო:  „ España Oculta“.   მალე მას მოჰყვა მეორე წიგნი:  „Fiestas y Rituales de España.

ციფრული აპარატების გამოჩენის შემდეგ, ფოტოგრაფია ისევ ხელოვნებად შეიძლება მივიჩნიოთ?

დიახ, რადგან, ფოტოაპარატი მხოლოდ სამუშაო მოწყობილობაა. ის მხოლოდ ტექნიკურ მხარეს მოიცავს. ხელოვნება შემოქმედის გონებაშია და არა აპარატში. როცა ხელოვნების ნიმუში კარგია, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, როგორ შეიქმნა ის, რადგან კრეატიულობა გონებაში და ხელოვანის მიდგომაშია.

რომელ ფოტოგრაფს აფასებთ ყველაზე მეტად და რატომ?

ფრანგი ფოტოგრაფი რობერტ დუანო (Robert Doisneau) ჩემი ფავორიტია. ასევე მომწონს ანრი კარტიე - ბრესონი და უილიამ კლაინი.  მომწონს მათი ფოტოები, რადგან ისინი  გადმოსცემენ “მომენტს“ . მათი ფოტოები გვახედებენ ბავშვებისა და ადამიანების გულებში, ახლოს გვანახებენ ქუჩას. ყველაფერი სრულყოფილია გადმოცემულ მომენტში და ბუნებრივია ეს იწვევს რეაქციას.

როგორ ახსნიდით ცხოვრებას ფოტოგრაფიული თვალსაზრისით?

ცხოვრებას მრავალი ასპექტი აქვს, ყველაზე მთავარი კი ადამიანური ემოციებია - თუ რას გრძნობენ ისინი - ტკივილს, სიყვარულს, აგრესიას, სპირიტუალიზმს  და  ა.შ.  როცა ფოტოგრაფი გადასაღებად  გადის ის ამყარებს კავშირს თავის სუბიექტებთან. ეს კავშირი შეიძლება იყოს სულიერი , ხორციელი ან ეს შეიძლება სიყვარულის კავშირი იყოს, დეპრესიული ან ხალისიანიც და სხვა ნებისმიერი ემოციიდან მომდინარე.  ფოტოგრაფები თავისი ლინზის საშუალებით აღბეჭდავენ კავშირებს , რომლებიც ცხოვრების სარკისებური გამოსახულებაა.

როგორი ფოტოები მოგწონთ?

მიყვარს პორტრეტები, რომლებშიც ადამიანის ხასიათი სჩანს.

რა არის თქვენი მესიჯი დამწყები ფოტოგრაფებისათვის?

მე ვურჩევდი მათ გავიდნენ თავიანთი ქვეყნის გარეთ, ნახონ სამყარო, დაინახონ განსხვავებები და განიცადონ ზემოქმედება. ისინი ნახავენ განსხვავებულ კულტურებს, ადამიანებს და გაიგებენ, რომ  ამ ადამიანებსაც ისეთივე სურვილები და შიშები აქვთ, როგროც თვითონ. ასე ისინი მიხვდებიან რამდენი რამ აკლიათ და პირიქით, რაოდენ ბევრი რამ აქვთ.

ფოტოების გადაღებისას ემოციური ხართ თუ ობიექტური?

ყოველთვის ემოციური. მე ვერ ვღებულობ კმაყოფილების გრძნობას თუკი ადამიანებთან ემოციურ კავშირს არ ვამყარებ. ამიტომაა, რომ შენობებს არასოდეს ვიღებ. ჩემს ფოტოებზე ადამიანები აუცილებლად უნდა იყვნენ. მე ვცდილობ მივაღწიო მათთან და დავამაყარო კავშირი.

ყველა თქვენი ფოტო, რომელიც  ვნახე შავ-თეთრია და როცა სამყარო ასეთი მრავალფერია, რატომ ანიჭებთ უპირატესობას მას?

მე მიყვარს ფერადი ფოტოები, მაგრამ შავ-თეთრ ფოტოებს აქვთ განსაზღვრული იდუმალება, რადგან ისინი  განსხვავებულია რეალურისაგან.  ფერები ყურადღებას ფანტავს და შეიძლება ვერ ჩაწვდე სიღრმეს.

                                                                                                                  (17.03.2011)

source:http://www.expatica.com/pt/life-in-portugal/expat_voices/Expat-Stories-An-interview-with-photographer-Cristina-Rodero_17034.html













































ქრისტინა როდერომ 1996 წელს საქართველოშიც იმოგზაურა და ბევრი საინტერესო ფოტო გადაიღო. აი, რამდენიმე მათგანი, რომელთა მოძებნაც მე მოვახერხე:












                                
                               
                                                 
 

No comments:

Post a Comment