Thursday, February 10, 2011

Seiki Kayamori

Seiki Kayamori (1877-1941)



სეიკი კაიამორი

სეიკი კაიამორი დაიბადა 1877 წელს სოფელ დემბოში, რომელიც დღეს ფუჯი სიტის ნაწილია ცენტრალურ იაპონიაში. რვა შვილიან ოჯახში ის მეხუთე იყო - მეორე ოთხ ვაჟს შორის. მდიდარი და წარჩინებული კაიმორების იჯახი ქაღალდის გადამამუშავებელ ქარხანას, მიწებს და პატარა უნივერმაღს ფლობდა.
იაპონური სამხედრო სავალდებულო კანონის თანახმად სეიკიმ სამი წელი იმსახურა ჯარში, მაგრამ კანონი ასევე ითვალისწინებდა სამ წლიან სარეზერვო სამსახურს, რადგან იაპონია ამ დროს რუსეთთან ომის პირას იყო. კაიმორიც სხვა რეზერვისტების მსგავსად ელოდა ომში გაწვევას. 1903 წლის სექტემბერში კაიმორის გემზე შეუსრულდა 26 წელი, როცა ის იოკოჰამადან სიეტლში მიემგზავრებოდა. ის ამერიკაში 87 დოლარითა და 10 ცენტით ჩავიდა. თან ჰქონდა ბილეთი სან ფრანცისკომდეც.
1910 წელს კაიამორი ცხოვრობდა სიეტლში სასტუმრო Welcome Hotel-ში და მუშაობდა დამსუფთავებლად სამღებრო სამუშაოებზე. 1912 წელს ის გაემგზავრა ალიასკაზე და დასახლდა ტლინგიტების (ალიასკას მკვიდრი ადგილობრივ ინდიელთა ტომი) სოფელ იაკუტატში, სადაც მუშაობდა Libby და McCneil&Libby-ის თევზის საკონსერვო ქარხანაში.
იმ დროინდელი რასისტული განწყობის გამო იაპონელი ემიგრანტებისთვის სამუშაოები შეზღუდული იყო და მათთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ სამრეცხაოები და თევზის საკონსერვო ქარხნები იყო.
მამის გარდაცვალების შემდეგ დედამისი საცხოვრებლად თავის შვილიშვილთან გადავიდა მანჯურიაში, რომელიც მაშინ იაპონიის კოლონია იყო. ოჯახის წევრები იხსენებენ რომ კაიამორი მათ წერილებს, ფულს და სათამაშოებს უგზავნიდათ. ერთხელ დიდი დამარილებული ორაგულიც კი გამოუგზავნია.
იაკუტატში ბავშვები მას „მესურათე კაცს„  ეძახდნენ. 30 წლის განმავლობაში ის იღებდა დღესასწაულებს, ცერემონიებს, ტლინგიტთა ტრადიციული ცხოვრების გადმონაშთებს და თეთრკანიანთა მზარდი გავლენის ამსახველ კადრებს. მას ჰქონდა კამერა-ყუთი (camera-box) თავსახურით და გასამჟღავნებელი ოთახი თავის პატარა სახლში.
როცა მეორე მსოფლიო ომი გარდაუვალობა აშკარა გახდა აშშ-ს ჯარებმა დაიწყეს წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლის გამაგრება და იაკუტატის მოსახლეობაც გააფრთხილეს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
1940 წელს ფსბ-ს დირექტორმა ედგარ ჰუვერმა ადგილობრივ ბიუროს გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ითხოვდა „იმ პირთა სიას, რომელთა დაკავებაც აუცილებელი იყო ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საკითხის გამოძიებისათვის.“ საპასუხო წერილში კაიამორის სახელიც მოხვდა, რომელიც დახასიათებული იყო , როგორც „ ენთუზიასტი ფოტოგრაფი, რომელსაც გადაღებული ჰქონდა ალიასკას სანაპირო ზოლის პანორამული ფოტოები  იაკუტატიდან სპენსერის კონცხამდე.“
იაპონელების მიერ პერლ ჰარბორის დაბომბვამდე ერთი დღით ადრე ჰუვერმა ეს სია გადასცა საომარი განყოფილების სამხედრო სადაზვერვო დივიზიას. კაიამორის სახელის გასწვრივ ეწერა - „შესულია ეჭვმიტანილთა სიაში“. 1941 წლის 7 დეკემბერს პერლ ჰარბორი დაიბომბა . იაკუტატის მაცხოვრებლები იხსენებდნენ, რომ ჯარისკაცებმა საშინლად სცემეს 64 წლის ტანმორჩილი ფოტოგრაფი (მისი სიმაღლე 1.60 სმ იყო). კაიამორიმ იცოდა რომ მას დააკავებდნენ და ორი დღის შემდეგ - 9 დეკემბერს საკუთარ სახლში მოიკლა თავი.
გარდაცვალების ცნობაში, გრაფაში-„სიკვდილის მიზეზი“ ექიმმა ჩაწერა „ნარკოტიკები?“ იმავე ექიმის ცნობით „სახლში იყო დოკუმენტების დაწვის მცდელობის დამადასტურებელი ფაქტები“
ადგილობრივების ცნობით კაიამორი ჯარისკაცებმა სანაპიროზე, ყურესთან დაკრძალეს.
კაიამორის ჯაშუშობის დამამტკიცებელი არანაირი ფაქტი არასოდეს არ ყოფილა ნაპოვნი.
ოცი წლის შემდეგ იაკუტატში მცხოვრებმა წყვილმა დასანგრევად გამიზნულ მისიონერთა სახლის სხვენზე იპოვა კაიამორის ნეგატივების რამდენიმე ყუთი, რომლებშიც ძირითად 5X7 ფორმატის მინის ფირფიტები იყო. მათ ეს კოლექცია ალიასკას სახელმწიფო ბიბლიოთეკას გადასცეს.
მოგვიანებით 80-იან წლებში იაკუტატის ადმინისტრაციამ და სახელმწიფო ბიბლიოთეკამ გაინაწილეს ხარჯები და ორ წყებად დაბეჭდეს დაახლოებით 700 ნეგატივი და დაამზადეს დაახლოებით 300 ფოტოს კოპიო ნეგატივი. ბიბლოთეკის თანამშრომლები შეხვდნენ იაკუტატის მაცხოვრებელთა ჯგუფს რომ ამოეცნოთ ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანები და ადგილები. ფოტოების ერთი ნაწილი ქალაქის მერიაში ინახება, მეორე კი სახელმწიფო ბიბლიოთეკაში. სულ შემორჩენილია 694 ფოტო.















                                  
                                  
                                                  

No comments:

Post a Comment