Monday, February 14, 2011

Alexander Saakov

 

ალექსანდრე სააკოვი 





















ცნობილი ფოტოგრაფი ალექსანდრე სააკოვი თბილისში, საკუთარ სახელოსნოში, ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ფოტოგრაფის ახლობლებმა განცხადეს, რომ სააკოვი ბოლო ხანს ავადმყოფობდათუმცა მისი ამ ფორმით სიკვდილი მათთვის მოულოდნელი იყო.
სააკოვი მკვდარი მეზობლებმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ის ორი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, ამასთან, სახელოსნოდან უსიამოვნო სუნმა დაიწყო  გამოსვლა.
          ალექსანდრე სააკოვი დაიბადა თბილისში 1941 წელს. 1965 წლიდან ის პროფესიონალი ფოტოგრაფია. მუშაობდა გაზეთებში: ” ახალგაზრდა კომუნისტი”, ”მოლოდიოჟ გრუზიი”, ”კომუნისტი”, ასევე ბეჭდვისა და ინფორმაციის სააგენტოსადა საბჭოთა კავშირის ტელეგრაფის სააგენტოში (ТАСС). (АПН)
თანამშრომლობდა ასევე საბჭოთა კავშირის ცენტრალურ გაზეთებთან და ჟურნალებთან.
მისი ფოტოები იბეჭდებოდა Soviet Life-სა , Paris Match-ში, სააკოვი იყო მრავალი რესპუბლიკური, საკავშირო თუ საერთაშორისო ფოტოგამოფენისა და კონკურსის  მონაწილე და გამარჯვებული. მინიჭებული აქვს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება და  იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი.
       უამრავი ნამუშევარი დაგვიტოვა და ასევე სახელოსნოს კარებზე  აბრა წარწერით :Меня Нет Дома...



 ინტერვიუ ალექსანდრე სააკოვთან (გაზეთი ახალი ვერსია)

"არ მიყვარს პოლიტიკოსები, გულები დახურული აქვთ": ალექსანდრე სააკოვი: ჩემს სტუდიაში ნამდვილ ფოტოკორესპონდენტებს გავზრდი
ალექსანდრე სააკოვს კომუნისტები ანტისაბჭოთა ფოტოკორესპონდენტად მიიჩნევდნენ, მაგრამ ნიჭიერ ფოტოხელოვანს ჩინოვნიკთა მოსაზრებები აზრს ვერ აცვლევინებდნენ. დიდი ხნის განმავლობაში მრავალ გაზეთთან თანამშრომლობდა, მისი ნამუშევრები სამჯერ გამოაქვეყნეს ალმანახში "ევროპის 100 საუკეთესო ფოტოგრაფია". მან მთელი ეპოქა დააფიქსირა, ახლა კი დღევანდელობის აღბეჭდვას აპირებს.
მდიდარი განჯელი სომხის შვილი, ინჟინერი ვაგანეკ სააკოვი, რომლის მამასაც ბოლშევიკებმა მთელი ქონება ჩამოართვეს, კომუნიზმს გმობდა. "მამა, იმის შიშით, შვილები არ შემიცდინონო, მასწავლებლებს დაემუქრა, თუ კომკავშირში მიიღებთ, რაიკომში გიჩივლებთო", - იგონებს ალექსანდრე სააკოვი. დედა, იტალიელი ქალბატონი ელენა პოლინა დასავლურ კულტურასა და ტრადიციებს აზიარებდა შვილებს. მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ "ორერაში" უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტზე. დამწყები მუსიკოსი ინტერესით ეცნობოდა მთამსვლელისა და ქართული ფოტოხელოვნების ფუძემდებლის გურამ თიკანაძის გადაღებულ ფოტოებს. "ალბათ, ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ფოტოგრაფიას დაუკავშირდებოდა". ერთ საბედისწერო დღეს ავტოკატასტროფაში მოხვდა, ხელი დაიზიანა და ინსტრუმენტზე დაკვრა ვეღარ შეძლო. "კიდევ კარგი, ავარიაში მოვხვდი, თორემ რა ვიცი, დღეს ვინ ვიქნებოდი".
პირველი ნაბიჯები
ყველაფერი ასე დაიწყო - "ჩემს მეგობარს სადიპლომო ნამუშევრისთვის კრწანისის ფაბრიკიდან ფოტოები სჭირდებოდა. მთხოვა, მე გადამეღო სურათები. მაშინ ოცდახუთი წლის ვიქნებოდი. მეგობარმა ფოტოები "ახალგაზრდა კომუნისტში" მიიტანა. ჩემდა გასაკვირად, ფოტოები დაიბეჭდა და ამავე გაზეთში ფოტოკორესპონდენტად მიმიწვიეს".
1967 წელს საბჭოთა კავშირის 50 წლისთავზე მისმა ფოტომ პირველი ოქროს მედალი დაიმსახურა. "მაშინვე დამიბარეს ჟურნალისტთა კავშირში და როცა გაიგეს, ფოტოზე ფრანგი მსახიობი ჟან ვილარი იყო აღბეჭდილი, თავში ხელები წაიშინეს, ეს რა მოგვივიდა, რომ გვცოდნოდა, უცხოელი იყო, მედალს როგორ მოგანიჭებდითო".
1970 წელს სააკოვმა იტალიაში საერთაშორისო ფოტოგამოფენაზე ჩუმად გააგზავნა სკანდალური ფოტო "ამპუტირებული სულები", რომელიც ევროპის 100 საუკეთესო ფოტოს კატალოგში შევიდა. სურათზე საბჭოთა კავშირის საამაყო და თავზარდამცემი .. "ვასმოი პოლკის" ჯარისკაცები არიან აღბეჭდილი. "ისინი ერთ-ერთი აღლუმის დროს პლაკატებით ხელში, სასაცილო მდგომარეობაში, არაფრისმთქმელი სახეებით გადავიღე. ამ ფოტოთი იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ადამიანებს სულები აღარ აქვთ და მარიონეტები არიან". ფოტოგრაფს ანტისაბჭოთა ქმედებაში დასდეს ბრალი. "ამ სურათის მიხედვით, თქვენ ამხანაგი სააკოვი კი არა, მოქალაქე სააკოვი ხართ", უთხრეს და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანეს. სააკოვს "რკინის ფარდის" მიღმა გასვლა აეკრძალა. "ეს ანტისაბჭოთა ფოტო კი არა, სოციალური ფოტოა", ამაოდ იმართლებდა თავს. "მთელი ცხოვრება გული დასავლეთისკენ მიმიწევდა, ეს დედის გენების ბრალი იყო. მე არ მიშვებდნენ საზღვარგარეთ, მაგრამ ჩემი ფოტოები მაინც აღწევდა იქამდე".
უფროსი მეგობრები
სააკოვს განსაკუთრებული მეგობრული და შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონდა ჩვენი საუკუნის ორ დიდ მხატვართან ელენე ახვლედიანთან და ლადო გუდიაშვილთან. "ისინი ჩემი პედაგოგები იყვნენ, მათ ხელოვნებაში ბევრი რამ მასწავლეს".
"1970 წელს ახვლედიანთან ფოტოს გადასაღებად გამგზავნეს. მას არ უყვარდა აპარატის წინ პოზირება, მაგრამ მაინც დათანხმდა. სურათი მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა". როცა ელენე ახვლედიანს ფოტო უნახავს, შებრუნებულა და სააკოვისთვის თავისი ნახატი გამოუტანია სურათის სანაცვლოდ. ამ ჟესტით მხატვარმა ფოტოგრაფი ნამდვილ ხელოვანად აღიარა. ალექსანდრე სააკოვი ახვლედიანის ცნობილი სალონური შეხვედრების მუდმივ სტუმრად იქცა, სადაც მაშინდელი ელიტური საზოგადოება იკრიბებოდა.
თბილისური ბოჰემის მოტრფიალე ახვლედიანი ქუჩებში დაატარებდა ალიკას (როგორც იგი სააკოვს ეძახდა) და ძველი ქალაქის პატარა ნიუანსის აღბეჭდვასაც კი სთხოვდა. "ელიჩკა მიყვებოდა ყარაჩოხელებზე, მათ ადათ-წესებზე, იმასაც კი მასწავლიდა, რა ფერის წინდა უნდა სცმოდა კინტოს, როგორია ნამდვილი ქართული აგური. ეს ქალი იმდენად უბრალო იყო, ჩვენს შორის განსხვავებას ვერც კი ვგრძნობდი. ძველ თბილისზე იმდენად იყო შეყვარებული, ძველ, გახრიგინებულ, ფარდაგგადაფარებულ ტახტზე ეძინა. საბედნიეროდ, მოვასწარი გადამეღო თბილისის უკანასკნელი კინტოები, აზერბაიჯანელი ალი პაპა, სომეხი კარაპეტა და ქართველი გიჟო. ისინი ელიჩკას მეგობრები იყვნენ. მე მხოლოდ მათი ფიზიკური შეხედულება დავუტოვე ისტორიას. სამწუხაროდ, მათი სიარულის, საუბრის მანერა და კოლორიტი თბილისში უკვე დიდი ხანია გაქრა".
"ახლა ელიჩკას ერთ საიდუმლოს გავამხელ, რომლის თქმაც სიცოცხლეში ამიკრძალა. თუ ამას გაამხელ, ჩემს სახლში აღარ მოხვიდეო. თბილისში პიანისტი ლიზა ლეონსკაია ჩამოვიდა და ძველ ფილარმონიაში კონცერტი უნდა გაემართა. ლეონსკაია ახვლედიანის მეგობარი იყო. ელიჩკამ შემთხვევით გაიგო, რომ მხოლოდ 25 ბილეთი გაიყიდა და საღამოს ჩაშლა ემუქრებოდა. მაშინვე დამიბარა, სალაროდან გამოვიტანეთ ორი ათასი მანეთი და დარჩენილი ბილეთები შეისყიდა. იმ საღამოსვე ყველა ნაცნობს დაურეკა და კონცერტზე დაპატიჟა. ხუთი წელი მქონდა მასთან ურთიერთობა და არასოდეს გადამიღია მოლბერტთან, მუშაობის პროცესში. ის ჩემთვის დიდი პიროვნება იყო და შემდეგ დიდი მხატვარი".
ელენე ახვლედიანის სახლში გაიცნო სააკოვმა სვიატოსლავ რიხტერი, მის ფოტოარქივში მრავლად არის რიხტერის ფოტოები. მათ შორის რიხტერი როიალთან, საღამურ პერანგში გამოწყობილი. ასეთი ფოტოები აღაშფოთებდა მაშინდელ ხელისუფლებას, მაგრამ "მოუსვენარი სულები" ამას არაფრად დაგიდევდნენ.
"ერთ-ერთ ფოტოზე კახელი გლეხის ნაღვლიანი სახე და ჩამოყრილი ხელები აქვს აღბეჭდილი, კინაღამ გადაირივნენ, შეიძლება, საბჭოთა გლეხი დარდიანი და დაღლილი იყოსო.
ჟურნალ "სავეტსკაია ფოტოში" ჩემზე მასალა იბეჭდებოდა და ავტოპორტრეტი მომთხოვეს, აუცილებლად ფოტოაპარატით ხელში. არ მიყვარს პრიმიტიული სურათები, ამიტომ ფაფახსა და ნაბადში გამოწყობილმა კბილებში ხანჯლით და ხელში ფოტოაპარატით გადავიღე სურათი. რა თქმა უნდა, მასალა ჩემი ფოტოს გარეშე დაიბეჭდა".
ფოტოაპარატი შორს პოლიტიკოსებისაგან
"არ მიყვარს პოლიტიკოსებთან მუშაობა, საერთოდ არ მიყვარს ეგ ხალხი. გულები დახურული აქვთ. სახეებით სიცილიც კი არ შეუძლიათ და მხოლოდ კბილებით იცინიან. ამიტომ არ ვიღებ მათ. არასოდეს გადამიღია ტრიბუნა, მხოლოდ ტრიბუნის ირგვლივ არსებულ რეალობას ვაფიქსირებდი. ერთ-ერთ აღლუმზე გადავიღე სიფრიფანა "პაჩკებსა" და "პუანტებში" გამოწყობილი გათოშილი ბალერინები და მათ გვერდით ჩამოძონძილი ციგნების ოჯახი. ასეთი კონტრასტები არ მოსწონდა მაშინდელ ხელისუფლებას. მე არ უნდა შემემჩნია ის, რასაც ვხედავდი და მით უმეტეს, არ უნდა დამეფიქსირებინა. იცოდნენ ჩემი ხასიათი და პოლიტიკური ფოტოების გადასაღებად აღარც მეძახდნენ. ცხინვალში ცხვრების კრეჭაში შეჯიბრი ტარდებოდა ხოლმე. ეს შეჯიბრი საბჭოთა რეგვენობის ერთ-ერთი გამოვლინება იყო. მკრეჭველები სიჩქარისგან საცოდავ ცხვრებს მატყლთან ერთად კანსაც აძრობდნენ. ამ სულელურ და ბარბაროსულ მარათონში მაშინ ხელისუფლების ერთ-ერთი გავლენიანი თანამდებობის პირი ჩერქეზიაც მონაწილეობდა. იმ საცოდავს ისეთ პოზაში გადავუღე სურათი - გაცხიმიანებული ხელით, დაკრეჭილი კბილებით, ხელში მაკრატლით, როგორ იბრძოდა პირველობისთვის. როცა ეს ფოტო ნახა, კინაღამ გაგიჟდა და მისი განადგურება მთხოვა.
მართალია, არ მიყვარს პოლიტიკოსების გადაღება, მაგრამ ერთი ოცნება მაქვს, პრეზიდენტის ორშაბათის რადიოინტერვიუს დროს გადავიღო ნატო ონიანის სიხარულით გაბრწყინებული, კმაყოფილი სახე, რომელიც ყველაფერზე მორჩილად უქნევს პრეზიდენტს თავს, გვერდით - მისი გამკაცრებული, სერიოზული სახე გადაცემის წაყვანის დროს. ამ ორ კონტრასტულ ფოტოს კომენტარი აღარ დასჭირდება".
მემატიანე
ხშირად მინახავს გალაკტიონი ლენინის ორდენით "მკერდდამშვენებული", მარჯანიშვილზე, როგორ გამოდიოდა სახინკლედან. მაშინ აპარატი რომ მქონოდა, კარგ ფოტოს გადავუღებდი. გული მწყდება, რომ არ არის ილიას, აკაკის, ფიროსმანის ხეირიანი ფოტოები.
გუდიაშვილი მეუბნებოდა, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ფიროსმანი არ შეესაბამება სინამდვილეს. მას ნიკალა სხვანაირი ახსოვდა. როცა ფიროსმანი დიდ მხატვრად აღიარეს, დაიწყეს მისი საფლავის ძებნა. ერთმა აფერისტმა თქვა, რომ დანამდვილებით იცის კუკიაზე მისი სამარე. გვამის ამოსაცნობად ლადო გუდიაშვილი წაიყვანეს. ლადო ყვებოდა, რომ გარდაცვლილ ფიროსმანს არ ჰქონდა პასპორტი და ამიტომ მისი გვამი გაყიდეს და რამდენად ამაზრზენიც არ უნდა იყოს, შეიძლება მისგან ზოოლოგიური კაბინეტისთვის ჩონჩხიც კი გააკეთეს. კუკიის გათხრილ საფლავში ქალის გვამი აღმოჩნდა, თორემ კაცის რომ ყოფილიყო, აუცილებლად ფიროსმანს მიაწერდნენ. ლადო ხშირად საუბრობდა ჩემთან ფიროსმანზე. მითს, თითქოს ნიკალა წყალწაღებული ლოთი და საცოდავი პიროვნება იყო, გუდიაშვილი არ ადასტურებდა. ფიროსმანი ძალიან თავმოყვარე და ამაყი ყოფილა, დახმარებასაც კი ვერ უბედავდნენ თურმე. მაშინდელმა ხელისუფლებამ კი რესტორანს "ფიროსმანის" სახელი არ დაარქვა - ალკოჰოლიზმთან ასოცირდებაო.
ალექსანდრე სააკოვი სუხიშვილების ანსამბლის ფოტომემატიანეა. "რამიშვილი ნებას მრთავდა, მათ რეპეტიციებს დავსწრებოდი, რათა ფოტოები უფრო რეალური გამოსულიყო. რამიშვილი თავისი საქმის ნაპოლეონ ბონაპარტე იყო. სამწუხაროდ, მათთან ერთად საზღვარგარეთ არ მიშვებდნენ და ანსამბლის საგასტროლო ვოიაჟებს ვერ ვიღებდი. ილიკო სუხიშვილი სასტიკი წინააღმდეგი იყო მათი ანსამბლისთვის ბალეტი ეწოდებინათ. ეს ბალეტი კი არა, ქართული ცეკვააო, ამბობდა. დღესაც განვაგრძობ ამ ანსამბლთან თანამშრომლობას".
სააკოვის არქივში შემონახულია მასთან ერთად გადაღებული ალა პუგაჩოვას, ბელა ახმადულინას, ბიბი კინგის, ვლადიმერ ვისოცკისა და კიდევ მრავალი გამოჩენილი ადამიანის ფოტო.
"ვისოცკის პირველი ფოტო ძალიან ორიგინალური გამოვიდა, თითქოს ცაში აფრენას აპირებსო. ჩვენი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, ცხრა თვის შემდეგ ის გარდაიცვალა. ვისოცკის კუბოსთან სწორედ იმ პირველი ფოტოს ორმეტრიანი ასლი დაკიდეს".
1979 წელს თბილისში ბიბი კინგი ჩამოვიდა. მინდოდა, მისთვის ახლოდან გადამეღო სურათი, როგორც იქნა, მომცეს უფლება. ფოტო უფრო შთამბეჭდავი რომ გამოსულიყო, მინდოდა, ყელზე ჩამოკიდებული სამკაულები გამოსჩენოდა. მივუახლოვდი კინგს და საკინძეს შეხსნა დავუწყე. კინგი უცებ შეცბა. მისი დაცვა მომვარდა და ხელები გადამიგრიხეს. როგორც მერე გაირკვა, ბიბი კინგს ცისფერი ვგონებივარ. როცა აუხსნეს, რაშიც იყო საქმე, ბევრი ვიცინეთ. მერე ასე გამხიარულებულებს სამახსოვრო ფოტოსურათი გადაგვიღეს.
ფოტოგრაფიაში მთავარია კომპოზიციის შეგრძნება, ფერთა შეხამება, ფსიქოლოგიური მომენტი და ზოგჯერ რისკიც.
ერთ-ერთ ჩემს მეგობარს ფოტო-სააგენტოში მუშაობის დაწყება უნდოდა, ამისათვის საჭირო იყო ორიგინალური ფოტონამუშევრების წარდგენა. წავედით ბათუმში და დელფინარიუმში 14-გრადუსიან წყალში ათი ფირი გადავიღე. ეს ძალიან სარისკო სამუშაო იყო. მე ყოფილი მოცურავეც ვიყავი და ეს ძალიან გამომადგა. ამ ფოტოების სერიას რეპორტიორი ერქვა და ამ მასალით ჩემი მეგობარი უპრობლემოდ მიიღეს სამსახურში".
1965 წლიდან მოყოლებული, ალექსანდრე სააკოვი სხვადასხვა გაზეთებთან თანამშრომლობდა. მართალია, მას ანტისაბჭოთა ფოტოკორესპონდენტად თვლიდნენ, მაგრამ მისი ნიჭის გამო ბოლომდე ვერ წირავდნენ. მისი ფოტოები საბჭოთა კავშირსა და მის გარეთაც თითქმის ყველა უცხოურ პროფესიონალურ ფოტო-ჟურნალში ქვეყნდებოდა. 100-მდე რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფოტოგამოფენისა და ფოტოკონკურსის მონაწილე და პრიზიორია. მისი ნამუშევრები სამჯერ გამოაქვეყნეს ალმანახში "ევროპის 100 საუკეთესო ფოტოგრაფია". სააკოვის ჯილდოების ნუსხა რატომღაც 1988 წელს წყდება. თითქმის ათი წლით მოსწყდა ფოტოგრაფიას.
დედა
"ცხრა წელიწადი ფოტოაპარატი გვერდზე გადავდე და დედას ვუვლიდი. მას ორივე ფეხი მოჰკვეთეს, უმწეო მოხუცს მარტო მე შემოვრჩი. დედაჩემი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო. მას თხუთმეტი წუთითაც კი ვერ ვტოვებდი. აღარ მქონდა არანაირი შემოსავალი და იძულებული ვიყავი, გამეყიდა კოლექცია, რომელშიც ახვლედიანის, გუდიაშვილის, კაკაბაძისა და სხვა მხატვრების ორმოცდაათამდე ნამუშევარი შედიოდა. ეს ნახატები მათგან სამახსოვრო საჩუქრებად მქონდა".

2000 წელს, ახალი საუკუნის დადგომასთან ერთად, თითქოს ხელმეორედ დაიბადა ალექსანდრე სააკოვი, როგორც ფოტოგრაფი. ფოტოხელოვნებაში მისი დაბრუნება წარმატებული გამოდგა. ჯერ რუსეთის კულტურის ფონდის საგამოფენო დარბაზში, შემდეგ კი თბილისში "ქარვასლაში" მოაწყო თავისი ნამუშევრების პირველი პერსონალური ექსპოზიციები. კავშირის "ახალი ხელოვნების" საგამოფენო დარბაზში ახლაც მიმდინარეობს მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, იმავე კავშირმა გამოუშვა ალექსანდრე სააკოვის პირველი ელექტრონული კატალოგი, რომელშიც მისი 100 ფოტონამუშევარია შესული.
სააკოვმა გახსნა სასწავლო ფოტო-სტუდია, სადაც თავის ცოდნასა და გამოცდილებას მომავალ ფოტოკორესპონდენტებსა და ფოტოხელოვანებს გაუზიარებს.
"ადრე არ მიყვარდა ნატურმორტი. ახლა მასზე მოთხოვნილება გაიზარდა, ამიტომ დავიწყე მისი კეთება. ისე, ნამდვილი ფოტო შავ-თეთრია. მაქვს ჩანაფიქრი, გადავიღო დღევანდელი თბილისის რეალობა. ფოტოგრაფი ვალდებულია, ისტორიას თავისი ქალაქის დოკუმენტური მასალა დაუტოვოს. ჩემი შემდეგი ექსპოზიცია ნამდვილი ფოტოგამოფენა იქნება. მე გავაკეთებ ჩვენი ქალაქის რეალურ, კონტრასტულ ფოტოებს - მდიდრულ კაზინოებს, ქუჩის მათხოვრებსა და მეტროს რეალობას, ჩემს სტუდიაში კი აღვზრდი ნამდვილ ფოტოკორესპონდენტებს, რომელთა ფოტოებსაც კომენტარებიც კი აღარ დასჭირდებათ".

















No comments:

Post a Comment