Wednesday, January 26, 2011

HENRI CARTIER-BRESSON: The Decisive Moment


HENRI CARTIER-BRESSON: "Words by Henri Cartier-Bresson" (1973)
The Decisive Moment - Photographs and Words by Henri Cartier-Bresson (1973)

 
“To take photographs means to recognize -- simultaneously and within a fraction of a second -- both the fact itself and the rigorous organization of visually perceived forms that give it meaning. It is putting one's head, one's eye and one's heart on the same axis.

გადაიღო ფოტო ნიშნავს ერთდროულად, წამის მეასედში ამოიცნო, როგორც ფაქტი ავისავად, ასევე ვიზუალურად აღქმადი ფორმების მკაცრი ორგანიზაციაც, რაც მნიშვნელობას სძენს მას. ეს გონების, თვალისა და გულის ერთ მამოძრავებელ ღერძზე  მოთავსებაა!“







                გადამწყვეტი წამი
(ანრი კარტიე- ბრესონის სიტყვები და ფოტოები )




















 


ფოტოების გადაღება ძალიან ადრე დავიწყე, არც კი მახსოვს რა ასაკში. ხატვა მიყვარდა და ჩემთვის ფოტოგრაფიაც ხატვის საშუალება იყო, სხვა არაფერი. წამიერი, ინტუიციურად მოხაზული ესკიზი,რომელსაც ვერ შეცვლი.თუ შეცვლი ის უკვე სხვა სურათია. ცხოვრება კი ძალიან ცვალებადია. ხანდახან სურათები  თვალსა და ხელს შუა ქრებიან და ვერაფერს შვები. ადამიანს ვერ ეტყვი, გეთაყვა, გთხოვ, ისევ ისე გაიღიმე ან ისევ ის ჟესტი გააკეთე. ცხოვრება ერთხელაა და სამუდამოდ!..
მე არ ვარ დაინტერესებული დოკუმენტირებით. დოკუმენტალისტიკა ძალიან მოსაწყენია, ასევეა ჟურნალისტიკაც... ძალიან ცუდი რეპორტიორი და ფოტოჟურნალისტი ვარ. 1947 წელს   თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართულ ჩემს გამოფენაზე მოსულმა რობერტ კაპამ მითხრა რომ აჯობებდა სიურეალისტი ფოტოგარფის სახელით არ გავეცანი საზოგადოებას. არადა მთელი ჩემი სწრაფვა სიურეალიზმი იყო და ჩემთვის ის ახლაც ძალიან ახლობელია. მაგრამ კაპა თვლიდა, რომ ამ გზით შორს ვერ წავიდოდი,საქმე არ მექნებოდა და სათბურის მცენარეს დავემსგავსებოდი.   „ამაზე არც იფიქრო, აკეთე რაც გინდა, მაგრამ ფოტოჟურნალისტის სახელით!“ კაპა ისე მტკიცედ მელაპარაკა სიურეალიზმი აღარც კი მიხსენებია, თუმცა არც ჩემი გზიდან გადამიხვევია... და მე არ ვარ რეპორტიორი. ეს შემთხვევითობაა, ჩემი საქმიანობის გვერდითი მოვლენა!  ფოტოს გადაღებისას ვცდილობ მივიღო სურათი, რომელიც აკონკრეტებს სიტუაციას, მოიცავს ყველაფერს და რომელშიც სხვადასხვა ფორმებს შორის ძლიერი კავშირია დამყარებული, რაც ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს ჩემთვის ვიზუალური სიამოვნებაა.
სხვადასხვა ელემენტებს შორის არსებობს გარკვეული რიტმი. აქ ოთხკუთხედია, იქ მართკუთხედი, ისევ მართკუთხედი... ეს ის საკითხია, რითაც ვარ მოცული. ჩემთვის უდიდესი სიამოვნება ფოტოგრაფიაში არის გეომეტრია, რაც სტრუქტურას გულისხმობს. მესმის, შეუძლებელია ადგე და წახვიდე ფორმებისა და ფაქტურების გადასაღებად, მაგრამ უდიდესი გრძნობითი და ინტელექტუალური სიამოვნებაა, როცა ფოტოზე ყველაფერი თავის ადგილზე განლაგდება. ეს იმ წესრიგის ამოცნობაა, რომელიც შენს წინაშეა. მაგალითად  ის ფოტო, რომელზეც პატარა გოგონაა აღბეჭდილი ბებიის პორტრეტით. იქ ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში - სწორი და მრუდე ხაზები, კონსტრუქციები...



                                                                              
   




















კარგსა და მდარე ფოტოს შორის განსხვავება მილიმეტრების საკითხია. ეს მცირე, ძალიან მცირე განსხვავებაა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია. როცა ფოტოს სხვადასხვა კუთხიდან ვიღებ ჩემი მოძრაობები ძლივს შესამჩნევია. მე არ დავხტი აქეთ-იქით. ეს არის კავშირი ცხვირს, თვალებსა და ვთქვათ უკანა ფანჯარას შორის და ჩემთვის სიამოვნებაა დავამყარო ეს კავშირი. ხანდახან ფოტო შეიძლება არც შედგეს, მაგრამ ეს არაფერია...
ფოტოჟურნალისტიკა... ფოტოჟურნალისტიკა არის აღნუსხვის საშუალება... ზოგი ჟურნალისტი მშვენიერი მწერალია, ზოგიერთები კი უბრალოდ ფაქტებს ალაგებენ თანმიმდევრობით . მაგრამ ფაქტები თავისთავად საინტერესო არ არის. საინტერესო მათზე შექმნილი აზრი და მოსაზრებაა. ფოტოგრაფიაში კი ეს მომხდარის ხელახალი გაცოცხლებაა, თუკი შენ ახერხებ შენი ფოტოებით ეს გამოიწვიო.
მე ვიღებ ფოტოებს და ვცდილობ მთელი სამყარო ჩავატიო მათში.  ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ის ფოტოებია, რომელთაც ორ წუთზე მეტი შემიძლია ვუყურო. შემდეგ კი ისევ მივუბრუნდე და ვუმზირო და ვუმზირო. ასეთები ბევრი არაა,არა!
ყველაზე რთული, ჩემი აზრით, პორტრეტის გადაღებაა. ეს ხომ კითხვის  ნიშნის დასმაა ადამიანის პიროვნებაზე - მცდელობა ამოიცნო ვინ არის ის, რას წარმოადგენს, რა არის საგულისხმო მის სახეზე. განსხვავება პორტრეტსა და კადრს შორის იმაშია, რომ პორტრეტის შემთხვევაში პიროვნება თანახმაა, რომ მას სურათი გადაუღონ. ეს ის შემთხვევა არ არის, როცა ვინმეს დაინახავ ან ქუჩაში  შემთხვევით გადაეყრები.
მომწონს, როცა ადამიანებს თავიანთ ჩვეულ გარემოში ვიღებ, როგორც ცხოველებს თავიანთ ბუნაგში, დიახ, ბუნაგში... მსიამოვნებს როცა  მათთან სახლში მივდივარ, ვაკვირდები, მაგრამ კატასავით ფრთხილი უნდა იყო, არ შეაწუხო და ფეხაკრებით, თითის წვერებზე უნდა იარო, ისე მოიქცე, როგორც ბიოლოგი ეპყრობა თავის მიკროსკოპს. როცა შეისწავლი ყველაფერი ძალიან განსხვავებული ხდება იმისგან რაც პირველად ნახე. უნდა ეცადო, რომ შენი ფოტოაპარატი პიროვნების კანსა და პერანგს შორის მოათავსო, რაც ადვილი არ არის. ადამიანების დამოკიდებულებაც ფოტოაპარატისადმი ძალიან სხვადასხვაგვარია. ზოგი გაღიზიანებულია,ზოგს სცხვენია, ზოგს ეჯავრება, როცა ფოტოს უღებენ, ზოგიერთები კი ცდილობენ თავი წარმოაჩინონ. ამას ძალიან სწრაფად იგრძნობ. ადამიანებს შიშვლებს ხედავ ხედისმაძიებელში და მათი ნამდვილი სახის დანახვა ხანდახან გამაღიზიანებელიცაა... მახსოვს ერთხელ Vogue-სთვის ძალიან მოხუცი, მაგრამ მშვენიერი ქალბატონი უნდა გადამეღო. მან ისე გამიღიმა საპასუხოდ რომ ვერ გაუღიმებ და მთხოვა ფოტო მისთვის გამოქვეყნებამდე მეჩვენებინა. მაგრამ მე უარი ვუთხარი - „ვწუხვარ, მაგრამ მე ასე არასოდეს ვიქცევი. ეს ნდობის საკითხია.“ ისიც დამეთანხმა. ძალიან სწუხდა თავისი ნაოჭების გამო. მე კი ვუთხარი, რომ სწორედ მისი ნაოჭები იყო მასში საინტერესო, რადგან ისინი ხომ ცხოვრების ანაბეჭდია. ადამიანებს თავიანთი ცხოვრება სახეზე ეწერებათ. გარკვეულ ასაკში ისე გამოიყურები, როგორც იმსახურებ!


 


















 






         ჩვეულებრივ, პორტრეტის გადაღებისას ბევრ შეკითხვებს არ ვსვამ და რამდენადაც შესაძლებელია ცოტას ვლაპარაკობ, მაგრამ რაღაც დონეზე კონტაქტს მაინც ვამყარებ. როგორც ეს მატისის შემთხვევაში მოხდა, მასთან დაახლოებით საათნახევარი დავყავი სრულ სიჩუმეში. ჩვენ ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და მე გადავიღე ექვსი ფოტო. ერთი აქედან ძალიან კარგია და ეს ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე.

    
   
















         ხშირად მეკითხებიან -„რამდენ ფოტოს იღებთ?“ „დღეში რამდენს იღებთ?“ მე ვპასუხობ,რომ არავითარი წინასწარ დადგენილი წესი არ მაქვს. ხანდახან, მსგავსად საბერძნეთში გადაღებული ფოტოსი, ვხედავ ჩარჩოს,რომლის შიგნითაც ყველაფერი თავის ადგილზეა განლაგებული და ველოდები, რომ ვინმე გაივლის. იქ სწორედ ასე გადავიღე ორი კადრი. ერთი მართლმადიდებელი მღვდელი ცილინდრით, მეორე კი პატარა გოგონა. გოგონა ზუსტად მოვიდა ჰარმონიაში სხვა ფორმებთან, მღვდელი კი იყო რაღაც სხვა ცნება, მაგრამ იმ წუთში სხვა არჩევანი არ იყო, რადგან ყველაფერი ძალიან ცვალებადია და ადამიანები მოდიან და მიდიან. ამიტომ იწვევს ეს პროფესია ასეთს მღელვარებას - უჰ...არის! -აი ასეთს! ეს განცდა სულ თან ახლავს და აღარ შეგიძლია გაჩერება, გინდა გადაიღო და გადაიღო... თუმცა მეტისმეტი არ უნდა მოგივიდეს. ეს ზედმეტ ჭამას და დალევას  გავს. უნდა ჭამო, დალიო, მაგრამ არა ზედმეტად. როცა თითს ღილაკს აჭერ, ის თითქოს მეტს ითხოვს შენგან, ფოტო კი შეიძლება შედგომის პროცესში იყოს, ეს ხომ წამის მეასედის საქმეა. ეს ინსტინქტია.  ფოტოგრაფიაში უნდა იყო სწრაფი, სწრაფი, სწრაფი. როგორც მტაცებელი და მისი ნადავლი. ხელი უნდა სტაცო, უნდა მიითვისო, მაგრამ ვერავინ უნდა შეამჩნიოს, რომ შენ ის აიღე. ამისთვის მთელი სხეულით უნდა იყო მზად...ჰაამ!... და ეს მშვენიერია... ამას დიდი გონებრივი დაძაბვა არ სჭირდება, ამისთვის შენი გრძნობები, საჩვენებელი თითი და ორი ფეხიც საკმარისია. მაგრამ შესანიშნავია, როცა გრძნობ, რომ შენი სხეული მუშაობს აღმაფრენით სავსე და გარემოსთან ჰარმონიაში. ეს დიდებულია... ოჰ... ხომ გესმით!..



















მე ძალიან იმპულსური ვარ, საშინლად. ჩემს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ხშირად ვაღიზიანებ. ცარიელი ნერვები ვარ, მაგრამ ამას დადებითად ვიყენებ ფოტოგრაფიაში. ბევრს არასოდეს ვფიქრობ, ვმოქმედებ სწრაფად. თავი უნდა დაკარგო, მაგრამ მეობა უნდა შეინარჩუნო. ასე გამოსახულებები უფრო ძლიერად მოდიან - ყველაფერი, რაც გინდა და რასაც ხედავ უფრო ძლიერდება, როცა მთლიანად ხარ ჩართული და არ ფიქრობ. იდეები ძალიან საშიშია. გადაღებისას არ უნდა ეცადო რაიმე  ახსნა ან დაამტკიცო. ეს თავითავად მოხდება.
პირველი შთაბეჭდილება უმთავრესია. პირველი შეხედვა არის შოკი, სიურპრიზი...ჰოოპ - გახტება თითქოს!  შენ კი მას კვებავ შენი ცხოვრებით, გემოვნებით, ინტელექტუალური მარაგით. ავსებ და ამდიდრებ შენი გამოცდილებით, სიყვარულით და სიძულვილით. ეს პოეზიაა თავისი არსით! თითქოს ორი ელემენტი ეჯახება ერთმანეთს და წარმოიქმნება ნაპერწკალი, თუმცა ის იშვიათად ჩნდება და აზრი არ აქვს მის ძებნას. ეს იგივეა, რომ მუზა ეძებო. ყველაფერი ერთიანად მოდის და ეს ხდება საკუთარი არსებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების გამდიდრებით. როცა ელოდები და გეგმავ მაშინ ყველაზე ნაკლებად იღებ კარგ ფოტოს. ძროხა საკმაოდ დიდხანს უნდა წველო და ბევრი რძე მოაგროვო, რომ ცოტა ყველი მიიღო.
არ მესმის რას ნიშნავს  ძირეულად ახალი. სამყაროში არ არის ახალი იდეები, არსებობს მხოლოდ საგნებისა და მოვლენების ახლებურად გადალაგება. ყველაფერი ახალია, ყოველი წუთი ახალია. ეს ნიშნავს ხელახლა გადასინჯვას. ცხოვრება ყოველ წუთს იცვლება, სამყარო ერთ წუთში იქმნება და მეორე წუთში ნაფლეთებად იქცევა. სიკვდილი ყველგანაა, როგორც კი ვიბადებით იქვეა და სწორედ ამ ტრაგიზმშია სილამაზე - Le tragic de la vie. ყველაფერს ორი მხარე აქვს და ერთს არ შეუძლია მეორეს გარეშე არსებობა. მაგრამ სწორედ ეს დაძაბულობაა ჩემი მამოძრავებელი ძალა.


                   






















          ეს ფოტო გზაში გადავიღე, როცა მანქანით მთებში მივდიოდი ჩრდილოეთ საბერძნეთში.   დავინახე პატარა ბიჭი, რომელიც თხებს მწყემსავდა. არ მახსოვს, მგონი, ხელი დავუქნიე და უეცად ის ხელებზე შედგა და გზა ისე განაგრძო. მის მოძრაობაში ისეთი ეგზალტაცია და მხიარულება იყო ამ ღარიბ ქვეყანაში, ამ მტვრიან გზაზე...




















      ძალიან მიყვარს ინგლისელები. ფრანგისთვის ინგლისი ყველაზე ეგზოტიკური ქვეყანაა. ისინი ძალიან განსხვავებულები არიან, არც კი ვიცი როგორ ვთქვა ეს კორექტულად, როცა ინგლისში ვარ ასე მგონია ძალიან მოხერხებულ სავარძელში ვზივარ და მსახიობებს ვუყურებ, მაგრამ მათ თამაშის გარკვეული წესები აქვთ და მე არ მაქვს უფლება სცენაზე ავიჭრა და მათ თამაშში ჩავერთო. ტაშიც კი არ უნდა დავუკრა ძალიან  ხმამაღლა. ეს ძალიან მსიამოვნებს.


















































             ვფიქრობ, ყველაფერი საინტერესოა, მაგრამ შეუძლებელია ყველაფრის გადაღება, რასაც ხედავ. არის ადგილები, სადაც პულსი უფრო გამალებით სცემს, ვიდრე სხვაგან. ომის შემდეგ მივხვდი,რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი კოლონიურ ქვეყნებში, მინდოდა იქ მიმდინარე მოვლენები გადამეღო. ამიტომაც გავატარე სამი წელი შორეულ აღმოსავლეთში.
ინდოეთში განდის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავედი, როცა ინდოეთისა და პაკისტანის გაყოფა ახალი მომხდარი იყო. ქვეყანაში უდიდესი დაძაბულობა იყო. იქ ერთი წელი დავრჩი და მთლიანად მოცული ვიყავი ამ უდიდესი ქვეყნის აურაცხელი მოსახლეობის პრობლემებით. გადასაღებად ცოტა ხნით წასვლა არ მიყვარს, მომწონს როცა იქ ვცხოვრობ. რასაც დროს დაუთმობ დროვე დაგიფასებს!



 

















   ჩინეთში კუო-მინგ-ტანგის რეჟიმის მიწურულს რამდენიმე თვე გავატარე. მე ვნახე ამ რეჟიმის რღვევა და კომუნისტების მოსვლა და კიდევ დავრჩი ექვსი თვით. ჩინეთში ყოველთვის ქაოსური, სასტიკი და ტირანული რეჟიმები ენაცვლებოდა ერთმანეთს. საუკუნეების მანძილზე ერთს მეორე ცვლიდა  და მე გამიმართლა, რომ იქ ერთ-ერთი ასეთი ცვლილების დროს მოვხვდი.


























შენი ქვეყნის გარეთ ადამიანების დაინტერესება, განცვიფრება ან სიამოვნება რთული არ არის. ყველაზე რთული  საკუთარი ქვეყანაა.  ყველაფერი ნაცნობია. საკუთარ უბანში ხარ, ჩვეულებრივი რუტინაა და ძნელია ეს დაძლიო. როცა მივდივარ ხორცის გამყიდველთან, ანუ ისეთ ადგილას, სადაც ყოველდღიურად დავდივარ, ვგრძნობ რომ ძალიან ბევრი ვიცი და ამავდროულად ძალიან ცოტა იმისათვის, რომ მკაფიოდ ვხედავდე, მაგრამ უნდა იყო გახსნილი და გათვითცნობიერებული, თითქოს ხელში რადარი  ან ფარანი გიჭირავს. ამიტომაცაა, რომ ათ კარგ ფოტოზე მეტი ცხოვრების მანძილზე არავის გადაუღია. ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივობა, არ უნდა გაჩერდე, არა, არა, არა!..ეს იმას გულისხმობს, რომ ყველაფერი ხელახლა უნდა გადასინჯო, უნდა ეცადო იყო გარკვეული, თავისუფალი და ბოლომდე ჩაიძირო შენს საქმეში. ფოტოაპარატი იარაღია, მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს,  რომ ის პროპაგანდის საშუალებაა, არანაირად! ის გრძნობების ყვირილით გამოხატვაა. მე მიყვარს სიცოცხლე, მიყვარს ადამიანები და ამავდროულად მძულს ისინი. ფოტოაპარატი შეიძლება იყოს იარაღი. ის შეიძლება იყოს ფსიქოანალიტიკური ფორმულირება და შეიძლება იყოს ნაზი ამბორი. ფოტოაპარატი შეიძლება სკეჩების წიგნიც იყოს. ჩემთვის კი ის გრძნობების ჩემებურად გამოხატვის საშუალებაა. მე მსიამოვნებს ფოტოს გადაღება, იქ ყოფნა. ჩემთვის ეს არის შესაძლებლობა ვთქვა - დიახ, დიახ, დიახ!  მსგავსად ულისეს ბოლო სამი სიტყვისა, რომელიც უდიდესი ნაწარმოებია, რაც კი ოდესმე შექმნილა. არსებობს მხოლოდ დიახ, დიახ, დიახ და არავითარი  ალბათ. ყველა „ალბათ“ სანაგვეზე უნდა მოვისროლოთ, რადგან ცხოვრება წამიერია, მომენტალურია და ის ახლა ხდება.   თქვა დიახ - ეს მისი დაფასებაა და ამავდროულად სიამოვნება,უდიდესი სიამოვნება, მაშინაც კი თუ მას ისეთ რამეს ეუბნები, რაც გძულს... დიახ! ეს თანხმობაა... დიახ!...
                                                                      
                     სიტყვები ფილმიდან  "The Decisive Moment"
 
                                                                                   1973 წელი
                                                      


No comments:

Post a Comment