Thursday, April 14, 2016

Alex Webb's best shot

ალექს ვების საუკეთესო კადრი


             1975 წელს, 23 წლის ვიყავი და ჩემი ფოტოგრაფია ჩიხში მოექცა. ამერიკულ პეიზაჟებს ვიღებდი შავ-თეთრად, ეს იყო სუპერმარკეტების, პარკირების ადგილებისა და სავაჭრო ცენტრების  ირონიული სურათები. სამუშაო წინ აღარ მიდიოდა. ის არ აღმოჩნდა   ექსპანსიური ან  რეზონანსული, ამიტომ დავიწყე ახალი მიმართულებების ძებნა.
             გრემ გრინის  წიგნმა  "უკანონო გზები" (The Lawless Roads) აღმიძრა ინტერესი მექსიკისადმი. ეს ფოტო ქვეყნის სამხრეთით, ტეუანტეპეკში გადავიღე 80-იან წლებში. უბრალოდ დავეხეტებოდი, კამერასთან ჩემი გამოცდილება წინ მეწეოდა. მძიმე, ჩახუთული შუადღე იდგა, როცა ამ ლურჯ მოედანზე აღმოვჩნდი. მცხელოდა, შთაგონებაც  განელებული მქონდა და თავს დაბნეულად ვგრძნობდი. უცებ, ბურთით მოთამაშე ბიჭებს მოვკარი თვალი. როცა მივუახლოვდი, ერთერთმა ბურთი თითის წვერზე დაატრიალა. მომეწონა ბავშვების ფორმა, უკანა პლანზე ლურჯი ზოლები და ბურთის სილურჯე და რამდენიმე კადრი გადავიღე. სიტუაცია მალე შეიცვალა.
             წინასწარ არასოდეს ვიცი, როგორი იქნება ფოტო, ამ შემთხვევაში იმედიანად, მაგრამ  მაინც გაურკვევლად ვიყავი. გადაღებისას ჩამკეტის დაბალი სიჩქარე გამოვიყენე და ბურთი დატრიალებულ გლობუსს დაემსგავსა. ფოტომ ისეთი განზომილებები მოიცვა, რასაც ვერ წარმოვიდგენდი გადაღებისას. მომწონს ის აზრი, რომ ეს ბიჭი, სამხრეთ მექსიკის პატარა ქალაქიდან გეგონება თითის წვერზე დედამიწას ატრიალებს. მხოლოდ მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ კადრში მეორე ბურთიც იყო,  ფარში ჩავარდნილი კალათბურთის ბურთი, რომელიც ძირს ეცემა. ამ ტიპის ფოტოგრაფია, ქუჩაში ხეტიალი და სამყაროს კვლევა წინასწარი შექმნილი წარმოდგენებით,  უფრო მეტად მოიცავს უშუალობას, ინტუიციას და მოულოდნელი აღმოჩენებს. რაციონალური გაგება უკან იხევს და არაცნობიერი  წინა პლანზე გადმოდის.
             ფოტოგრაფია ათი წლის  ასაკში მასწავლა მამამ, რომელიც სურათებს იღებდა, რომ თავის სამწერლო შემოქმედებაში კრიზისს გამკლავებოდა.  ჩემს ნამუშევრებში არის  დე კირიკოს  და ბრაკის ნახატების ექო, რომელთაც ბავშვობაში ვათვალიერებდი  და მწერლების, რომელებიც, მოგვიანებით,  ასაკის მატებასთან ერთად წავიკითხე - გრემ გრინი, კონრადი და გაბრიელ გარსია მარკესი. მაგრამ, რამაც ყველაზე მეტად მიმიზიდა ფოტოგრაფიაში, იყო მისი პირდაპირი, ძალიან რთული ურთიერთობა ფიზიკურ სამყაროსთან. სამყაროს ქაოსთან და სირთულესთან დაპირისპირება ჩემთვის უფრო საინტერესოა, ვიდრე ცარიელი ტილო. მე ისეთი ფოტოების გადაღების მწამს, რომლებიც კითხვებს სვამენ და არ გულისმობენ  პასუხს.
             მექსიკაში განსაკუთრებით მიმიზიდა საზღვარმა. 70-80-იან წლებში ის უფრო პოროვანი ადგილი იყო, ხშირად   სასაცილო და აბსურდული გადასაკვეთებით. ერთხელ მე და ჟურნალისტი ტომ მილერი  დაგვაპატიმრეს, რადგან ზიგზაგურად ვმოძრაობდით საზღვართან.  ჩავდეთ ჩვენს პასპორტებში 20$ ბანკნოტები და გადავეცით მექსიკელ ჩინოვნიკებს, თან სადილის ყიდვაც შევთავაზეთ. ამ ოინმა გაჭრა. მალე, იქვე საემიგრაციო ოფისში, მეგობრულად მივირთვით  მექსიკური ტაკო.
             საზღვარზე მუშაობა დამეხმარა ვქცეულიყავი ფერად ფოტოგრაფად. გეგონება, რომ ცხოვრება აქ ქუჩებსა და კარისწინა საფეხურებზე მიმდინარეობს, რაც ძალიან განსხვავდება ახალი ინგლისის მონაცრისფრო-მოყავისფრო  ჩაკეტილობისგან, სადაც მე დავიბადე. ყოველთვის ვიხსენებ ფრაზას წიგნიდან, "უკანონო გზები" : "ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ძველად, როცა თქვენს პასპორტში ბეჭედი ჩარტყმულია და უცებ  ენაწართმეული აღმოჩნდებით ფულის გადამცვლელებს  შორის."


Curriculum vitae



დაბადების ადგილი:  სან ფრანცისკო,1952 წელი.

განათლება: კარპენტერის ხელოვნების ცენტრი, ჰარვარდის უნივერსიტეტი.

გავლენა: ჰენრი კარტიე-ბრესონი, რობერტ ფრანკი და ლი ფრიდლენდერი.

წარმატება: ჩემი პრიველი წიგნის (Hot Light/Half-Made Worlds) გამოქვეყნება.

წარუმატებლობა: კოდაქრომის  შეწყვეტა. ფაქტიურად ერთადერთი ფირი, რომელსაც  30 წლის განმავლობაში  ვიყენებდი.

რჩევა: გადაიღე ისეთი ფოტოები, რომლებიც გწამთ. ფოტოგრაფიაში ჯილდოები სწრაფი, გაუთვლელი და ხშირად  უმნიშვნელოა.  ნამდვილი რეალიზაცია  მხოლოდ შემოქმედებას მოაქვს.



წყარო:http://www.theguardian.com/artanddesign/2016/apr/07/alex-webb-best-photograph-children-mexico-ball

Sunday, March 20, 2016

Interview with Alain Laboile

ინტერვიუ ალან ლებუალთან


რა სახის ტექნიკას (კამერა, ლინზები, ფილტრები, შტატივი და გასასუთავებელი  იარაღებს) იყენებთ?

ვიყენებ Canon 5D Mark III და Canon 35 mm  f 1.4

რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ  და რას შეცვლიდით თქვენს კამერაში, როგორ გააუმჯობესებდით მას?

ეს მინიმალისტური აღჭურვილობაა. თავიდან მოვიშორე ყველაფერი ზედმეტი. (მაშუქი, შტატივი. კამერის ტექნიკური მონაცემები აღემატება კიდეც ჩემ მოთხოვნებს, მე არ ვარ ორიენტირებული ტექნიკაზე და მისი მონაცემების მხოლოდ მცირე ნაწილს ვიყენებ.
კამერა და ობიექტივი ცოტა მძიმეა.

რომელია თქვენი საყვარელი ობიექტივი და რატომ?

რამდენიმე ობიექტივი ვცადე.  ფიქსირებული 35მმ ლინზა აბსოლუტურად შეესაბამება ჩემს მოთხოვნებს. ის საშუალებას მაძლევს მოვიცვა ბევრი რამ, მოძრავი საგნების ჩათვლით და ამასთანავე, იმთავითვე ვიცი რა გახდება  ჩემი კადრის ნაწილი.

როცა მოგზაურობთ, რა არის თქვენთვის მთავარი თქვენს ფოტოჩანთაში?

ის უნდა იქნეს რამდენადაც შესაძლებელია მსუბუქი.

რა სახის პროგრამულ დამუშავებას მიმართავთ?

ვიღებ RAW ფორმატში. შემდეგ მსუბუქად ვაუშავებ ფოტოშოპში. (Photoshop )

რმდენი ხანია რაც ფოტოებს იღებთ? როგორ პოულობთ შთაგონებას? როგორ იღებთ ფოტოებს?

ექვსი შვილის მამა ვარ. ჩემი შვილები ჩემი თემაა და ეს თემა უსაზღვროა. მე მხოლოდ ვაკვირდები მათ, ბავშვები შემოქმედებითები არიან. უბრალოდ იქ უნდა იყო და ელოდო და როცა კადრი შედგება "დააწკაპუნო."
დღეს, ჩემი შვილები, რომლებიც  მოძრაობენ  და თამაშობენ  საკუთარ სამყაროში თავიანთი სპონტანური ქცევებით ჩემი პრივილიგირებული მოტივები არიან.
ჩემი ფოტოგრაფია ერთგვარი დღიურია, რომელიც 2006 წელს დაიწყო.
კამერით მუდმივად მათთან ყოფნით  თანდათან უხილავი გავხდი. ვისწავლე, როგორ გავთვალო ბავშვების, კატების  მოძრაობა, წყლის პროექცია. ვზივარ და ველოდები, როგორ განთავსდება ყველაფერი თავის ადგილას, როგორც ქორეოგრაფიაში.
მე ძალიან დიდ დროს ვატარებ ბავშვებთან. იქ ვარ, როცა თამაშობენ და სწორედ თამაში მაწვდის იდეებს ფოტოგრაფიისთვის.
ხანდახან, რათქმაუნდა, საჭიროა წაშველება - შეიძლება ჟესტიც საკმარისი იქნეს ან სიტყვიერი მინიშნება, მაგალითად: "ასე ისევ გააკეთე, რომ დავინახო" ან "ცოტა უკან დაიხიე", "მანდ მოიცადე". ყველაზე ხშირად ადგილსა და დროს ვუთითებ, ისე რომ, არ ვუხსნი, რისი გადაღება მინდა. ვფიქრობ, ისინი მიეჩვივნენ ამ რამდენიმე სიტყვას. მნიშვნელოანია ეს ყველაფერი მოქმედებაშივე გაკეთდეს და თამაში არ შეწყდეს. ეს ყველაფერი რეალურ დროშია.



ფოტოგრაფიის რომელი სტილი მოგწონთ ყველაზე მეტად და რატომ?

მე არ ვამჯობინებ რომელიმე კონკრეტულ სტილს, მაგრამ  მომწონს, როცა ფოტოგრაფია ფოკუსირებულია ადამიანზე, როცა ფოტო აღძრავს ემოციას, ყვება ისტორიას.

რა მიზანზე მუშაობთ თქვენი ფოტოგრაფიის ფარგლებში და როგორ ხვდებით, რომ მიაღწიეთ მას?

ყოველ დღე ფოტოებს ინტერნეტით ვაზიარებ. აბსოლუტურად გავაცნობიერე ჩემი ფოტოგრაფიის უნივერსალურობა და მარადიულობა სხვა ადამიანების გამოხმაურებებით სამყაროს სხვადასხვა ნაწილიდან. ფანტასტიკურია, რომ შემიძლია ჩემი ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების ეპიზოდები  გავუზიარო სხვებს და პოზიტიური განწყობა მივიღო პასუხად ამ უბრალო, ბუნებასთან ახლოს ცხოვრებასთან დაკავშირებით. ჩაძირო ვინმე საკუთარ ბავშვობაში  ფოტოგრაფიის საშუალებით, ნამდვილად წამახალისებელია. შავ-თეთრი ტონალობის გამოყენება ალბათ კიდევ უფრო აძლიერებს ამ შეგრძნებას.
უთვალავი გამოხმაურება მომდის ადამიანებისგან, რომლებიც იხსენებენ სოფლად, ბებია და ბაბუასთან გატარებულ დროს, ან შეიგრძნობენ ზაფხულის არდადეგების სურნელს.
მომწონს ის აზრი, რომ  ვიღაც საკუთარ ცხოვრებაში იძირება,  უცხო ადამიანის გაზიარებული ფოტოებით.
რაშიც დარწმუნებული ვარ, ის არის რომ, ოჯახური ფოტოების  ეს “ ძარღვი”  არ არის გათვლილი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილება ჩემის მხრივ. თუმცა ეს კომენტარები მთელი სამყაროდან, აუცილებლად ახდენენ გავლენას ჩემს ფოტოგრაფიაზე.
არ გავჩერდები, სანამ შევძლებ ადამიანებამდე რაიმე მივიტანო.

როცა თქვენს ნამუშევრებს უყურებთ , რომელია ყველაზე საყვარელი? 

"ფოსტალიონის მოლოდინი"  -ამ ფოტომ მთელი სერია დაბადა. ეს არ არის ტექნიკურად ყველაზე სრულყოფილი სურათი, თუმცა ის ჩემთვის ძვირფასია.



შეიძლება ითქვას თუ არა, რომ  თქვენი ფოტოგრაფია ერგება რამდენიმე განსხვავებულ ჟანრს (ბუნება, პეიზაჟი, ხანგრძლივი ექსპოზიცია, შავ-თეთრი, ინფრა-წითელი, ურბანული, მხატვრული, ვინტაჟი, მაკრო, სოციალური) ? თუ კიდევ რამე სხვაა, გთხოვთ დაგვისახელოთ.

მოდი, ჩემი ინტერენეტ მეგობრების გამოთქმას გამოვიყენებ, რომლებიც მეუბნებიან, რომ ჩემი ფოტოები  “street family” ანუ "ქუჩის ოჯახის" ჟანრს მიეკუთვნება.
ძალიან მხიბლავს "ქუჩის ფოტოგრაფია". მე  არ შემიძლია მას მივსდიო, რადგან სოფელში ვცხოვრობ, მაგრამ განწყობით ჩემი ფოტოები მასთან ახლოა.
ეს მსგავსება არის შეულამაზებელი და სპონტანური სიტუაციების გამო.  ეს ცხოვრების ნაწილებია და ისინი გარკვეულ რეალობას ასახავენ.

რომელ ფოტოსაიტებს სტუმრობთ რეგულარულად?

სოციალურ ქსელებს (Facebook,Flickr) ხშირად მივყავარ ახალ ფოტოგრაფიულ აღმოჩენებთან.

რა მნიშვნელოვანი გაკვეთილი მიიღეთ, რაც ფოტოების გადაღება დიწყეთ?

ნუ გაებმებით ტექნიკის მახეში, მომეცით საშუალება მთლიანად ვიყო მოცული  ჩემი თემით.

და ბოლოს, ვინ არიან ის საინტერესო ფოტოგრაფები, რომელთა ნახვასაც ისურვებდით ამ ბლოგზე?

ჟოზეფ-ფილიპ ბევილარდი. (Joseph- Philippe Bevillard) ძალიან მომწონს მისი ნამუშევრები, საინტერესოა. https://www.flickr.com/photos/bevillard/




წყარო: http://www.interestingphotographers.com/main/en/?p=467






































Sunday, February 21, 2016

Joel-Peter Witkin's best shot

ჯოელ-პიტერ უიტკინის საუკეთესო კადრი


                          ეს ფოტო დაფუძნებულია თეოდორ ჟერიკოს (Théodore Géricault) ნახატზე „მედუზას ტივი“, რომელიც საფრანგეთის ისტორიის უდიდეს ტრაგედიას ასახავს. ჟერიკომ აჩვენა „მედუზას“ კაპიტნის და მისი ოფიცრების საზარელი სიმხდალე. 1816 წელს, ისინი გემით თავთხელ ადგილას აღმოჩნდნენ დღევანდელი მავრიტანიის სანაპიროსთან და როცა ფრეგატის დაძვრა ვეღარ შეძლეს, პატარა ნავებით მიატოვეს 140 მგზავრი ერთი ტივის ამარა. გადარჩა მხოლოდ ის 15 ადამიანი, რომლებმაც კანიბალიზმს მიმართა.
                          როცა ნახატი ვნახე ლუვრში, დავინახე  კავშირი  ამ ტრაგედიასა და ჯორჯ ბუშ უმცროსის  რვა წლიან მმართველობას შორის. ვფიქრობ, ბუში ბეისბოლის ასოციაციისთვის მშვენიერი პრეზიდენტი იქნებოდა, მაგრამ მისი ტალანტი არ იყო საკმარისი  ყოფილიყო ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი.
                          ფოტოს აწყობას ერთი თვე დასჭირდა. ეს არის ფერწერული სურათი, დაფუძნებული ჩემი ნახატების სერიაზე. მე ფოტოს აგების მომხრე ვარ. არ მომწონს არაპროგნოზირებადობა - ყოველთვის მაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი, სანამ ღილაკს დავაჭერ.
                          პირველ რიგში, ბუშის ორეული უნდა მომეძებნა. დავეკონტაქტე ცნობლილი ორეულების სააგენტოს. არჩევანი დიდი იყო, მაგრამ ტარიფები ძალიან მაღალი. ერთმა ტიპმა, რომელიც  ხმითაც და გარეგნობითაც ზუსტად გავდა ბუშს,  $ 20 000  მოითხოვა. მეორემ, კი, რომელიც მალიბუს ზოოპარკში მუშაობდა, მხოლოდ $ 1000. მე ალბუკერკეში, ნიუ მექსიკოში ვცხოვრობ. ასე რომ, ის ჩემთან უნდა გადმომეფრინა, ჩემი ბარბარა ბუში, ჯორჯის დედა, რომელიც სურათზე მის უკან დგას - პენსიაში გასული ექთანი იყო. ისიც იმავე რეისით ჩამოფრინდა. ორივე სასტუმროში მოვათავსე.
                          დიდი დრო დავუთმე ორიგინალზე დაკვირვებას, მაგრამ გადავწყვიტე რაღაც დეტალები დამემატებია: ნათურებიანი გვირგვინი ბუშის თავზე, მისი პატარა აზროვნებისთვის რომ ხაზი გამესვა. ხელი კი ქალის მკერდზე დავადებინე, რომელიც შეიძლება მის სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი ყოფილიყო.
                          დანარჩენები ადგილობრივები იყვნენ. გადაღების  წინა დღეს ყველა ჩემს სტუდიაში შევკრიბე. ვაჩვენე ჟერიკოს ნახატის რეპროდუქცია და კიდევ ერთხელ გავუმეორე ფოტოს შექმნის მიზეზი. მომდევნო დღეს ლინჰოფ  4x5 კამერით გადავიღე ფოტო. თავად დავბეჭდე, რადგან ჩემთვის სწორედ ეს არის გადამწყვეტი მომენტი: შეგიძლია შეუცვალო ფოტოს მნიშვნელობა იმისდა მიხედვით, თუ როგორ დაბეჭდავ მას. მე ამ პროცესის ნაწილი უნდა ვყოფილიყავი.
                          11 წლიდან ფოტოებს ვიღებ.  16 წლის ვიყავი, როცა ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა   ჩემი ფოტო თავისი მუდმივი გამოფენისთვის აარჩია. იქედან მოყოლებული, ვიცოდი რისი გაკეთება მინდოდა. დავამთავრე სკოლა, ვმუშაობდი ფოტო სტუდიებში, შემდეგ ჯარში წავედი, როგორც ფოტოგრაფი.
                          მახსოვს, რაისის მოდელს  ყავისფერი მაკიაჟი გავუკეთეთ და ნესტოებზე ცვილი წავუსვით, რომ მისი სახე უფრო დაგვემსგავსებინა რეალური სახელმწიფო მდივნისთვის, რომელიც ძალიან იდუმალი ფიგურა იყო. რაისი აშკარად ძალიან ჭკვიანი იყო, მაგრამ რესპუბლიკელი. ჩემთვის კი რესპუბლიკელობა უფრო სულიერი პრობლემაა, ვიდრე მენტალური.


Curriculum vitae


ავტოპორტრეტი
დაბადების ადგილი:  ნიუ იორკი, 1939 წელი.

განათლება: ხელოვნების მაგისტრი ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტში.

გავლენა:  დასავლური ცივილიზაციის მიღწევები, ალბრეხტ დიურერი, გერმანული ექსპრესიონიზმი, ავგუსტ ზანდერი და დიანა არბუსი.

წარმატება:  როცა გავაცნობიერე, რომ ფოტოგრაფი ვარ 16 წლის ასაკში.

მარცხი:  ხელოვნების, განსაკუთრებით ფოტოგრაფიის სამწუხარო მდგომარეობა დღეს.

რჩევა:  დაინახე სულით და არა თვალებით.






 წყარო: http://www.theguardian.com/artanddesign/2016/feb/18/joel-peter-witkins-best-photograph-george-w-bush-the-raft-of-the-medusa-interview


Wednesday, February 10, 2016

Bob Gruen's best shot

                       ბობ გრუენის საუკეთესო კადრი





ეს ფოტო ტორონტოში გადავიღე 1977 წელს. დები ჰარი რამდენიმე წლის გაცნობილი მყავდა. მახსოვს, ერთხელ დამირეკეს და მითხრეს, რომ ფოტოები უნდა გადამეღო ჯგუფი ბლონდისთვის (Blondie) რადგან მომღერალი დაუჯერებლად ლამაზი გოგო იყო  და მათ დიდი გეგმები ქონდათ.  „ბლონდი“ იგი პოპის პირველ მნიშვნელობან ეროვნულ ტურს ხსნიდა.
როცა პირველი შოუსთვის ემზადებოდნენ, იგი პოპმა მოსასალმებლად შემომიარა. დავინახე იგი და დები საუბრობდნენ. მივედი და ვკითხე: „შეიძლება თქვენ ორი ერთად გადაგიღოთ?“  საგარდერობოს გვერდით, სააბაზანო ოთახში შევედით. უეცრად, იგიმ დების ხელი მოხვია და მიიკრა, მან კი მის მკერდს დაუწყო ლოკვა. კარგი მუსიკალური ფოტო მიდგომის საკითხია და დებიმ და იგიმ ეს იცოდნენ. 
პირველად ვიყენებდი აპარატში ჩაშენებულ მაშუქს - ის სულ ახალი შექმნილი იყო. იქამდე, თავად უნდა გამოგეთვალა მაშუქის სიმძლავრე. რთული იყო სწორად ექსპონირებული ფერადი ფოტოს მიღება.
ნაკაწრები, რომელთაც იგის მკერდზე ხედავთ მისი ტენდენციის, სამუშაოში მთლიანად გადავარდნის, შედეგია. ის სცენიდან ფაქტიურად ვარდებოდა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, გამაძლიერებლების სისტემასა და მაყურებლებში. დებიმ ჩემი გული დაიპყრო, დღესაც კი მისი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ჩემი აზრით, ის იმ თაობის მერლინ მონრო იყო. ვიღაც ხომ უნდა იყოს ყველაზე ლამაზი გოგონა, დები სწორედ ასეთი იყო.


Curriculum vitae



დაბადების ადგილი: ნიუ იორკი,1945 წელი


შთაგონება: მან რეი, ვიჯი

წარმატება:  ჯონ ლენონის გვერდით დგომა , როცა ის  Madison Square Gardens-ში ‘Imagine-ს ასრულებდა.


რჩევა: „გადაიღეთ ბევრი ფოტო, რამდენიმე აუცილებლად კარგი გამოგივათ. ეს მიდგომა ჩემთვის შედეგინი იყო.









წყარო:http://www.theguardian.com/artanddesign/2011/mar/16/photography-bob-gruen-best-shot




Thursday, January 21, 2016

Erich Lessing's best shot

              ერიხ ლესინგის საუკეთესო კადრი




1930-იან წლებში, როცა ჰიტლერი მოვიდა ძალაუფლებაში, ავსტრია დავტოვე და ისრაელში გავემგზავრე. თელ-ავივთან ახლოს ნეტანიას პლიაჟზე ახალგაზრდა დედებს ვიღებდი ბავშვებთან ერთად და თავი ასე გამქონდა. გარდა ამისა, საბავშვო ბაღის ფოტოგრაფად და ტაქსის მძღოლად ვმუშაობდი. დიდი ამბიციები არც მქონია - მშვენიერი რამ იყო საოჯახო ფოტოების გადაღება. შესაძლოა მამის კვალს გავყოლოდი და სტომატოლოგი გავმხდარიყავი, ან კიდე, დედის მსგავსად პიანისტი.
მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა შეცვალა ჩემი ცხოვრება. იმ პერიოდის უმეტესობა დასავლეთის უდაბნოში გავატარე - მძიმე ტექნიკას ჰაიფას ახლოს დეპოში გადავაადგილებდი და  მიდლსექსის ბატალიონის  ჯარისკაცებზე კამერებს ვყიდდი. ვენაში დარჩენილმა ჩემი ოჯახის ყველა წევრმა, გაზის კამერებში დაასრულა სიცოცხლე.
როცა  1946 წლის ბოლოს ვენაში დავბრუნდი, ქალაქი ფაქტიურად ნანგრევებად იყო ქცეული. მინდოდა მეჩვენებია, როგორი იყო ომისშემდგომი ცხოვრება. მინდოდა სიმართლე მეთქვა იმ ტკივილზე, სიკვდილსა და განადგურებაზე, რასაც ევროპა განიცდიდა. განწყობა ასეთი იყო: მოდი, დავიწყოთ აღდგენა; ვნახოთ, როგორ შევძლებთ შევქმნათ უკეთესი სამყარო იმისგან რაც ნაცისტებმა  და საბჭოელებმა  მოიტოვეს უკან.
ვენა ბრიტანულ, ფრანგულ, საბჭოთა და ამერიკულ საოკუპაციო ზონებად იყო დაყოფილი. რასაკვირველია, ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპაციის განცდა იყო და დარწმუნებული ვერ იქნებოდი, რომ შენი მეგობარი, რომელიც წუხელ საკონსულოში  მუშაობდა დილითაც იქ იქნებოდა და  რუსები ციმბირში არ გაგზავნიდნენ. გამიტაცა პოლიტიკური ფიგურების ფოტოების გადაღებამ, რადგან სწორედ მათ მიჰყავდათ შოუ.
1955 წელს, ოთხივე დიდი მოთამაშე - საბჭოთა კავშირი, აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი კონფერენციას გეგმავდნენ, სადაც ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების საკითხზე იმსჯელებდნენ. განწყობა ამაღლებული და იმედიანი იყო. პირველად დიპლომატიის ისტორიაში დიდი ოთხეული სასაუბროდ სხდებოდა და მთელი ცივილიზებული სამყაროს მომავალი მათზე იყო დამოკიდებული.
დაახლოებით 30 ფოტოგრაფი იყო ჟენევის აეროპორტში, სადაც კონფერენცია უნდა გამართულიყო და ელოდა ამერიკის პრეზიდენტის დუაიტ ეიზენჰაუერის ჩამოსვლას და მის შვეიცარიის პრეზიდენტ მაქს პეტიტპიერთან შეხვედრას. ფოტოგრაფების უმეტესობას ჰქონდათ მაშუქები და უახლესი კამერები, რომლებშიც ფირი დახვეული იყო ელექტროძრავაზე. „ვუყურებდი მათ და ვფიქრობდი: აუცილებლად შეფერხდებიან - სანამ ფირი გადადის წინ, შესაძლოა სწორედ მაშინ მოხდეს რაღაც საინტერესო.“
და ზუსტად ასე მოხდა. მზის სხივი დაეცა ეიზენჰაუერის სახეს, პეტიტპიერი კი ჩრდილში მოექცა. როგორც სჩანს, მე ერთადერთი ფოტოგრაფი აღმოვჩნდი იმ დღეს, რომელმაც ფოტო საუკეთესო მომენტში გადაიღო. სხვების ფოტოებზე, კი შუქი  ეიზენჰაუერის მუცელზე იყო ან  ქუდი უფარავდა სახეს.

კონფერენციის შემდეგ გამოვიდა ავსტრიის სახელმწიფო ხელშეკრულება, რომელმაც ქვეყანას დამოუკიდებლობა მიანიჭა. შემდეგ, 1956 წელს, უნგრეთის რევოლუცია მოხდა - მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ  ჩაახშო ის და დასავლეთმა არაფერი მოიმოქმედა. მივხვდი, რომ რეპორტაჟულ ფოტოს აქვთ ძალა გული აუჩუყოს სამყაროს, მაგრამ მას არ აქვს ძალა შეცვალოს ის.


Curriculum vitae


დაბადების ადგილი: ვენა, 1923 წელი.

განათლება: „თვითნასწავლი. საკუთარ თავს უფრო ოსტატად აღვიქვამ, ვიდრე ხელოვანად.“

გავლენა: ნიუ იორკ თაიმზის ჟურნალისტები სკოტი როსტენი და  ეიბ რეზენტალი.

წარმატება: შარლ დე გოლის ვიზიტი ალჟირში 1958 წელს.

მარცხი: „არავითარი, ყოველთვის კარგად ვატარებდი დროს.“

რჩევა: მიყევით თქვენს ინტერესებს. აჩვენეთ ის , რისი ჩვენებაც გინდათ.“



წყარო:http://www.theguardian.com/artanddesign/2016/jan/20/erich-lessing-best-photograph-president-eisenhower-geneva-summit-1955-interview

Wednesday, December 16, 2015

Sebastião Salgado's best shot

სებასტიაო სალგადოს საუკეთესო კადრი








1991 წელს ქუვეითში ვიყავი. ომი ყურეში ახალი დამთავრებული იყო, მაგრამ ჭაბურღილები ისევ იწვოდა. ქვეყანაში შესაღწევად საუდის არაბეთში მომიწია ჩასვლა. იქ, კი ქვიშისფერი მანქანა დავიქირავე, რადგან ეს აშშ-ს სამხედრო მანქანების ფერი იყო. საზღვრის გადასაკვეთად, კი მირჩიეს აშშ-ს არმიის  ფერთა გამის პირადობის მოწმობა მეშოვა და აქეთ-იქეთ მეფრიალებია. არავის შევუჩერებივარ და გადავედი.
ქუვეითში წარმოუდგენელი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს დიდ, პლანეტის ზომის თეატრში ვიყავი, გარშემო კი ეს ჭაბურღილები იწვოდა. ხანდახან, ორი-სამი დღე ისე გადის შავი კვამლის უზარმაზარი ღრუბლების მიღმა მზე საერთოდ არ ჩანს, მაგრამ უეცრად ცა გაიხსნება ხოლმე. ესეც საკმაოდ საშიში იყო. ქვიშაში აუმოქმედებელი კასეტური ბომბები იყო. ჟურნალისტი და ფოტოგრაფი დაიღუპნენ , როცა ნავთი აალდა ერთ-ერთ ასეთი ჭურვის მახლობლად.
ეს ფოტო იმ სერიიდანაა, რომელიც მე კანადელ სპეციალიზირებულ მეხანძრეებს გადავუღე, რომლებიც ცდილობდნენ აალებულ ჭაბურღილებს გამკლავებოდნენ. ხანძრის ჩაქრობა რამდენიმე დღე მიმდინარეობდა, მაგრამ ეს არ იყო ყველაზე დიდი პრობლემა, მაშინაც კი, როცა მათ რამდენიმე პატარა ხანძრის გაჩაღება თავად უწევდათ, რომ გარშემო ნავთის ტბა არ დამდგარიყო. ნამდვილი ჯოჯოხეთი ამ ბიჭებისთვის ჭაბურღილის თავი იყო. სადამ ჰუსეინის ხალხი დიდი რაოდენობით ასაფეთქებელ ნივთიერებებს იყენებდა, რის გამოც ჭაბურღილების თავები საშინლად იყო დეფორმირებული. რადგან ქუვეითი  ახლო აღმოსავლეთის უზარმაზარი ნავთობის საბადოების ყველაზე დაბალ წერტილზეა ზღვის დონიდან, წნევა ძალიან მაღალია და ნავთობის ამოფრქვევის ხმაურს ბოინგ 747-ის ძრავების  ხმა თუ შეედრებოდა. ყველაფერი წყვდიადში ინთქმებოდა და სმენადობა აღარ იყო.
სამუშაოდ ეს  ძალიან საშიში ადგილი იყო, რადგან ნავთობი ძალიან მსუბუქია, როგორც  მანქანის საწვავი. ასე რომ, ის ძალიან სწრაფად ალდება და ძალიან ძლიერი სუნი აქვს. ერთ მომენტში, ერთ-ერთი კანადელი ძალიან ახლოს მივიდა,  ბევრი გაზი შეისუნთქა და უგრძნობლად დაეცა. ბიჭებმა იცოდნენ, რომ, როცა იარაღებით და ინსტრუმენტებით მუშაობდნენ, თუ მეტალი მეტალს მოხვდებოდა და ნაპერწკალი წარმოიქმნებოდა, ცეცხლი  შთანთქავდათ. როცა ფოტოებს ვიღებდი, აფეთქებები ხდებოდა, როცა გაზი ფეთქდებოდა ჭაბურღილში, მაგრამ არ აალებულა. მეხანძრეებს კარგად უხდიდნენ, მაგრამ სამუშაო ისეთი დამღლელი და მძიმე იყო, რამდენჯერმე დავინახე ზოგიერთი მათგანი როგორ იჯდა და ტიროდა.
ამ გარემოში მუშაობა ძალიან ექსტრაორდინალური იყო. ერთი ჩემი ლინზა სიცხისგან დაიბრიცა და მხოლოდ ორი დამრჩა: 35 მმ. და 60 მმ. ამიტომ ბიჭებთან ძალიან ახლოს მიწევდა ყოფნა. შედეგად, მეც  სულ ნავთში ვიყავი ამოვლებული და უფრო მჭიდროდ დაკავშირებული ამ საფრთხესთან, გარემოსთან, უჩვეულო სილამაზესთან და მძიმე შრომასთან. მუშაობა რომ გამეგრძელებინა, ფოტო ჩანთაში მუდმივად მქონდა 2 ლიტრიანი ცისტერნით ბენზინი  და სამზარეულოს ქაღალდის რულონი. ქაღალდზე ბენზინს ვასხამდი და ჯერ ხელებს ვისუფთავებდი, შემდეგ ლინზასა და კამერის უკანა ნაწილს და გადაღებას ვაგრძელებდი. ფაქტიურად, რამდენიმე დღის  ერთად მუშაობის შემდეგ თავს გუნდის წევრად ვგრძნობდი. ყველანი ძალიან დავახლოვდით.

მე უფრო მეტად ისტორიებზე ვმუშაობ, ვიდრე ცალკეულ ფოტოებზე. მაგრამ ჩემთვის ეს ერთი ფოტო განსაკუთრებულია: ეს არის საოცარი ფოტო ორი ადამიანისა, რომლებიც ცდილობენ ჭაბურღილის დეფორმირებული თავი დალუქონ. ისინი მთლიანად ნავთში არიან ამოსვრილები და ერთ-ერთი მათგანი დგას, როგორც ძეგლი, რომელიც დროთა განმავლობაში გაშავდა. ეს ფოტო პირველი მსოფლიო ომის სურათებს მაგონებს, ვერდენის ნაცრისფერ შუქზე. როცა გადავიღე, მაშინვე ვიცოდი, რომ კარგი იქნებოდა. თუმცა, ისე მეშინოდა, პირი გამშრალი მქონდა. იმ საღამოს, როცა ელ-ქუვეითში სასტუმროში დავბრუნდი, ყბა ძალიან დაჭიმული მქონდა და ღრძილები მტკიოდა მთელი დღე კბილების ღრჭენისაგან. მაგრამ მე იქ უნდა ვყოფილიყავი, რომ ეს სურათები გადამეღო. ვიცოდი, რომ მოწმე გავხდი ძლიერი, უჩვეულო მოვლენებისა, რომლებიც არასდროს განმეორდება.


Curriculum vitae


დაბადების ადგილი: აიმორესი, ბრაზილია,1944 წელი.

განათლება: „ყოფილი ეკონომისტი ვარ. არასოდეს მივლია ფოტოგრაფიულ სკოლაში ფოტოგრაფიის შესასწავლად.“

შთაგონება: „ბილ ბრანდტი საოცარი ფოტოგრაფი იყო. ყველა მისი ნაშრომები, რაც მან ინგლისში შექმნა - მაღაროელები, შიშველი ნატურა, ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის დროს - ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“

წარმატება: „როცა ჩემი კარიერა, როგორც ეკონომისტმა გვერდზე გადავდე და ფოტოგრაფიას შევუდექი. ყველა წიგნს ვკითხულობდი, ყველა შოუზე დავდიოდი, გადავიღე ჩემი პირველი ისტორიები, გავამჟღავნე ჩემი პირველი ფირები. ეს დიდებული დრო იყო.“

უარყოფითი დამოკიდებულება: „ ფოტოგრაფია იქცა პატარა სამყაროდ უამრავი შურიანი ადამიანით. შენ ქმნი ისტორიას, შემდეგ კი უამრავი ადამიანი იგივეს გაკეთებას ცდილობს.“


წყარო: http://www.theguardian.com/artanddesign/2009/may/28/sebastiao-salgado-photography-kuwait